"იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს..." - გახარია სააკაშვილზე, წულუკიანზე და სკანდალურ ფილმზე "იარე ლიზა"
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე, ლიზას" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
"სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე რომ არ უნახავთ, არ მოსწონებიათ ქალბატონ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმისთვის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო.
თეა, ძვირფასო. თქვენ, შენ, ის ბრძენი კაცი ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ სულ მალე თქვენ ქართველებს და აფხაზებს ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხშირად რთული, მაგრამ ერთობლივი ისტორიის და წარსულის დაცვა რუსებისგან, მოგვიწევს ერთად, მხარდამხარ. შემდგომ ერთად მოგვიწევს თანამედროვე, ეროვნული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. რუსული სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა.
კითხვა ის არის, თქვენ სად იქნებით მაშინ. ჩვენს - ქართველების და აფხაზების გვერდით, თუ რუსებთან? წარმატებები.
რაც შეეხება ფილმს, მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომების და მძიმე წარსულის, რომ არა რუსები ჩვენ ქართველები და აფხაზები არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს" - ამბობს ვიდეო მიმართვაში გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს, ფილმის პრემიერაზე მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, ამბავს თეა წულუკიანი გამოეხმაურა და წერდა, რომ დაფინანსება რეჟისორმა უკონკურენტოდ, პრემიერ გახარიასგან მიიღო:
"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი.
ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი.