"აღშფოთება გამოიწვია ჩემეულმა ვერსიამ გახარიას რეიტინგის მზარდი დინამიკის თაობაზე...რაც უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს. მეხოტბეებით და დამგინებლებით შორს ვერ წავალთ"
"დიდი დისკუსია და აღშფოთება გამოიწვია ჩემეულმა ვერსიამ გახარიას რეიტინგის მზარდი დინამიკის თაობაზე. მე არ ვარ გახარიას პარტიის წევრი და თუნდაც მხარდამჭერი. უფრო მეტიც, ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ მამუკასთან და ბადრისთან არაპარტიულ ფორმატში. უბრალოდ, ჩემი ფუნქცია არ არის ვიღაცის გაპიარება ან ლანძღვა საკუთარი გემოვნებით. ჩემი ფუნქციაა აღვწერო ჩემი თვალით დანახული რეალობა, რაც უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს. მეხოტბეებით და დამგინებლებით შორს ვერ წავალთ." - წერს გია ხუხაშვილი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: „ქართული ოცნება“ - 37%; "გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; "საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ, Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.
"ინტერპრესნიუსი"