დევნილებით გადავსებული შვეულმფრენის ტრაგედია კოდორის ხეობაში...
დღეს, 30 სექტემბერს მარტო 30 წელი როდი სრულდება აფხაზეთის ომში დამარცხებიდან...
1993 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა...
იმ დღეს სოფელ საკენიდან სოფელ ჭუბერამდე კოდორის ხეობაზე გადაფრენით, დევნილები მორიგი რეისით გამოჰყავდათ, როდესაც შვეულმფრენი მთას შეეჯახა და მის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა...
ავიაკატასტროფის მიზეზად შვეულმფრენის გადატვირთვა და ცუდი ხილვადობა (ღამის დადგომა) სახელდებოდა, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჩემთვის უცნობია, თუმცა ამ ავიაკატასტრფასთან რაღაც მაინც მაკავშირებს, რადგან იმ დღეს სავარაუდოდ სწორედ ამ შვეულმფრენით ვიფრინე ჭუბერი-საკენი-ჭუბერის მარშრუტით და მომავალი ტრაგედიის მომასწავლებელი ტექნიკური მიზეზები შევნიშნე...

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
მაჭარკის ხიდის დაცვიდან მოხსნილმა ჩვენმა ჯგუფმა 29 სექტემბერს ჭუბერის 42 კმ-იანი უღელტეხილი ფეხით გადაიარა.
მეორე დილას, 30 სექტემბერს, ჭუბერის საფეხბურთო მოედანზე მდგარ შვეულმფრენში ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „სანთელმა“ „ბუხანკა“ პურები და „კილკას“ თევზის კონსერვები ჩატვირთვა საკენში დევნილებისთვის ჩასატანად.
ჩემი ინიციატივით მათ შევთავაზე-რადგან წინა დღეს ფეხით გადმოვიარე ეს უღელტეხილი, კარგად ვიცი ამ რთული გზის რომელ მონაკვეთებში უფრო უჭირთ ფეხით მომავალ დევნილებს, ამიტომაც გამოგვყებით და გაჩვენებთ სად ჯობს შვეულმფრენის დაშვება, რომ გზაში მომავალთ პური მაინც მივაწოდოთ მეთქი...
სიხარულით დამთანხმდნენ. გავფრინდით და კოდორის უღელტეხილის ერთ-ერთ მონაკვეთზე დავეშვით, სადაც პურისა და კონსერვების ნაწილი გადმოვტვირთეთ და გაჭირვებული ხალხის მადლიც მოვისხით, თუმცა ზოგიერთი სამხედროსგან მრავალსართულიან შეკურთხებასაც ვერ ავცდით, რადგან ჩვენთან ერთად გამოფრენილი ორი უცხოელი ჟურნალისტი მათ ფოტოებს უღებდა, როდესაც პურს იღებდნენ და ეწყინათ-ჩვენს გაჭირვებას რატომ აფიქსირებთო...
ჩავფრინდით საკენში, ჯარმა ალყა შემოარტყა შვეულმფრენს, დევნილები რომ არ შემოვარდნილიყვნენ, სანამ ჩვენ პურსა და კონსერვებს ვცლიდით (სხვათაშორის, თურმე სწორედ მაშინ მოვხვედრილვარ შემთხვევით „როიტერისა“ თუ „სი-ენ-ენ“-ის ვიდეოკამერის ობიექტივში და ასე შეუტყვიათ ჩემებს, რომ ორკვირადაკარგული ცოცხალი ვყოფილვარ...).

საკენში ჩაფრენის დროს შევამჩნიე, რომ ჩვენი შვეულმფრენის "ჰაერის ნაკადის მიმღები" ორივე მილი, რომლებიც „მი-8“-ს ცხვირში "ეშვებივით" უყენია, მიწით იყო სავსე, ეტყობა აფრენის დროს შვეულმფრენი მიწას წამოედო. პილოტებს ვაცნობე პოტენციური საფრთხის შესახებ...
სამი წლით ადრე, საბჭოთა ჯარში ორწლიანი სავალდებულო სამსახურის გავლისას, სწორედ „მი-8“ ტიპის შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი ვიყავი და ჩემი ესკადრილიის ვერც ერთი შვეულმფრენი ვერ აფრინდებოდა, სანამ აკუმულიატორებს, "შავ ყუთსა" და ხელსაწყოებს არ შევუმოწმებდი.
მიწით გავსებული "ჰაერის ნაკადის მიმღები" მილები კი იმას ნიშნავდა, რომ სიმაღლისა და სიჩქარის გამზომელი ბარომეტრული ხელსაწყოები არასწორ მონაცემებს აჩვენებდნენ ეკიპაჟს...
საკენიდან ჭუბერში შვეულმფრენით უკან დაბრუნება კინაღამ პრობლემატური გამიხდა და ისევ, როგორც წინა დღეს 42 კმ-ის ლამის ხელახლა ფეხით გადალახვა მომიწია, მაგრამ როგორც იქნა დავბრუნდი ჭუბერში.
30 სექტემბერი მოსაღამოვდა, ორი შვეულმფრენი ჯდება ჭუბერის საფეხბურთო მოედანზე, ისევ პური და კონსერვები ჩამოიტანეს. მათ ეკიპაჟებს აიძულებენ ისევ საკენში გადაფრინდნენ, პილოტებს არ უნდათ - დაბნელება მოგვისწრებს და ღამით მთებში ფრენა საშიშიაო, მაგრამ მათ არგუმენტებს ყურადღებას არ აქცევენ და საკენისკენ მაინც აგზავნიან...
გამთენიისას ჭუბერში შემოსული დევნილები ყვებიან თუ როგორ შეეჯახა საკენიდან გამოფრენილი ხალხით გადატვირთული შვეულმფრენი სიბნელეში მთას. ნუთუ პილოტების შიში გამართლდა? - ვინ აგებს პასუხს იმისთვის, რომ შვეულმფრენი ღამით, სიბნელეში მთებში საფრენად გაუშვეს?
თუკი იმ საღამოს კატასტროფა სწორედ იმ შვეულმფრენმა განიცადა, რომლის "ჰაერის ნაკადის მიმღები" მილები მიწით იყო სავსე, ეს ნიშნავს, რომ შებინდებისას პილოტები დაზიანებული ხელსაწყოების ჩვენებას ენდნენ, რომლებმაც ფრენის სიმაღლე არასწორად აჩვენეს...
P.S. 1993 წლის 30 სექტემბერს კოდორის ხეობაში ავიაკატასტროფაგანცდილი შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაური გახლდათ იგორ ბახტაძე, ეკიპაჟის წევრები კი ლევან ჩაგოშვილი და სერგეი პლატოვსკი...