"თუ ამ ხიდზე მშვიდობიანად გავლა ძალიან მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამშვიდობოს გასულმა გითხრათ, რომ მიყვარხართ..." - პოეტი ეკა კვიციანი მძიმე სენს ებრძვის - კვირის პალიტრა

"თუ ამ ხიდზე მშვიდობიანად გავლა ძალიან მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამშვიდობოს გასულმა გითხრათ, რომ მიყვარხართ..." - პოეტი ეკა კვიციანი მძიმე სენს ებრძვის

პოეტ ეკა კვიციანს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც არაჩვეულებრივ შემოქმედს და ასევე არაჩვეულებრივ ადამიანს, ათი თვის წინ სიმსივნის აგრესიული ფორმა, მელანომა დაუდგინდა. ივნისში თურქი სპეციალისტების მიერ უკვე ჩატარდა ორი რთული ოპერაცია, ძვირადღირებული თერაპიები, მათ შორის იმუნო და რადიომაგნიტური. ამჟამად სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ოპერაცია და თერაპიული სარეაბილიტაციო კურსის გავლა. სამწუხაროდ, ოჯახი ვეღარ ახერხებს მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას და ეკას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრები ამ საქმისთვის გაერთიანდნენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკამ ეს მძიმე სენი დაამარცხოს და ჩვეულად განაგრძოს ცხოვრება.

ნანა აკობიძე: - დიდი ალბათობით, ეკა კვიციანს დღეს კიბო დამარცხებული ექნებოდა, დრო რომ არ დაეკარგა იმაზე ფიქრში, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენ ბავშვს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, უხერხულია, შენი თავი დააყენო მათზე წინ. ეს პირადად ჩემთვის არის ზნეობრივი მაგალითიც და ამავე დროს - დანაშაულიც საკუთარი თავის წინაშე. ეკას მეგობრებს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად, რომ ამ დაავადებასთან ომში დახმარების თხოვნა უხერხული არ არის და რომ მისი გამარჯვებით სხვა არ მარცხდება.

ორი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა მაქვს: ბრაზის, რომ ეს განსაცდელი ჩემი ბავშვობის მეგობარს შეხვდა, და სიხარულის, გნებავთ აღტაცებისაც იმის გამო, რომ ვხედავ, როგორი შეუდარებელი თანადგომა შეგვძლებია გასაჭირში!

ვერ დავმალავ - განსაკუთრებული სიამაყით და მადლიერებით ვივსები, როცა ეკას დონორთა სიაში ჩემს მეგობრებს, თუნდაც შორეულ ნაცნობებს აღმოვაჩენ ხოლმე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათთან ერთად ყველა ამ ომში ჩართულ ადამიანს მივმართო: ეს იგივეა, რაც სისხლის გადასხმა. სისხლით თანაზიარობა კი ნათესაობაა და ბედნიერი ვარ, რომ ეკას ირგვლივ გაერთიანებული ათასობით ადამიანი დავნათესავდით. პოეტურ ნიჭთან ერთად, ეს ნიჭიც აღმოაჩნდა ეკა კვიციანს - საერთო მიზნის ირგვლივ სრულიად უცხო ადამიანების შემოკრების, გაერთიანების, რაც ასე ძალიან გვაკლია დღეს.

მე ზუსტად ვიცი - ეკა რომ კიბოს დაამარცხებს (რასაკვირველია, ასე ვიტყვი: დაამარცხებს, რადგან აქ სხვა შედეგი გამორიცხულია), მთელ დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნის იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც იგივე გზის გავლა მოუწევს, რა გზასაც თვითონ გადის დღეს. ასე რომ, ეკას ბრძოლა აქ არ მთავრდება - მხოლოდ იწყება! (გააგრძელეთ კითხვა)

წაიკითხეთ ასევე: "მჯერა ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეკა მშობლიურ ბეჩოში ისევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს"

ანგარიშის ნომრები მათთვის, ვისაც დახმარების სურვილი აქვს:

საქართველოს ბანკი:

#GE25BG0000000814550100

მიმღები: ეკა კვიციანი

თიბისი:

#GE22TB7245345061100056

მიმღები ირინა კოტუა (ეკას მეგობარი)

PayPal: nesirobakidze7@gmail.com