სიმინდის „რთველი“ მალე დაიწყება
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სიმინდის კულტურას? - ამ კითხვას ყველაზე უკეთესად ის ფაქტი უპასუხებს, რომ ამ ეტაპზეც კი ჩვენში 1 კილოგრამი სიმინდის ფქვილი დაახლოებით 6 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც გაძვირებული ხორბლის ფქვილის ფასი 2 ლარს ზემოთ არ ასულა. რატომ არის ასეთი მაღალი ფასი სიმინდზე? ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ შარშან სიმინდის მოსავალი, ფაქტობრივად, არ გვქონია, გაუსაძლისმა სიცხეებმა და ძლიერმა ქარებმა სიმინდის პლანტაციები გაანადგურა. ეს ეხება დასავლეთ საქართველოსაც, რომელიც ქართული საკვები სიმინდის ბეღელია. ამასთან, სიმინდი მთელ მსოფლიოში გაძვირდა მის საფურაჟე სარგებლიანობაზე მაღალი მოთხოვნის გამო.საქართველოში საკვები სიმინდი თითქმის ერთადერთი კულტურაა, რომელიც სხვა ჯიშებით ვერ ჩანაცვლდა და არც ჩანაცვლებულა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიმინდზე მომუშავე გლეხურმა სელექციამ ეს კულტურა შეუცვლელად აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საკვები სიმინდის მოხმარების ტრადიცია შედარებით ნაკლებადაა, მჭადი აქაც უყვართ. სამაგიეროდ, ადგილობრივი საფურაჟე ანუ პირუტყვის საკვები სიმინდი წარმატებით ჩაანაცვლა ამერიკულმა ჰიბრიდებმა, რომლებიც ბევრად დიდი რაოდენობით მოდის, ვიდრე ძველი ჯიშები. საგულისხმოა, რომ მესიმინდეობაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კლიმატის ცვლილებების კვალდაკვალ ერთი აუცილებლობაც გამოიკვეთა: ცხელი ჰავის გამო სარწყავი სისტემის ამოქმედება დასავლეთ საქართველოშიც ისეთივე აუცილებლობა გახდა, როგორც აღმოსავლეთში. როგორია წელს სიმინდის მოსავლიანობა, ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს აბაშის საკონსულტაციო სამსახურის უფროსს ლაშა სიგუას ვესაუბრეთ:
- ბატონო ლაშა, საქართველოში სიმინდის მოსავლიანობის შეფასება, წესით, აბაშიდან უნდა დაიწყოს. ქვეყანაში ყველაზე ბევრი საკვები სიმინდი თქვენთან მოდის, მაგრამ სიმინდის მტერი ქარიც უფრო ხშირად თქვენ გიტევთ. როგორია წელს სიმინდის მოსავალი? შარშან ძალზე მცირე იყო.
- შარშან ჯერ გვალვამ, მერე კი მუდმივმა ქარმა სიმინდის ყანები მოცელა და წააქცია. შორს რატომ წავიდე, როდესაც საკუთარი 1 ჰექტარი სიმინდის ნაკვეთიდან სულ 150 კილოგრამი სიმინდი ავიღე. სამაგიეროდ, საკვებ სიმინდთან შედარებით იყოჩაღა ამერიკულმა საფურაჟე ჰიბრიდულმა სიმინდმა, რომელიც სპეციალურად ქარ და გვალვაგამძლე ჯიშად არის გამოყვანილი.
- საკვირველია, რომ ამის მიუხედავად, სიმინდის ფქვილის დეფიციტი მაინც არ არის, ძვირად, თუმცა მაინც ვშოულობთ.
- იმიტომ, რომ სადღაც მაინც რჩება "ოაზისები", სადაც სიმინდი გადარჩება. ის შედარებით მოუვიდა მათ, ვისაც ყანა მთიან ადგილებში ჰქონდათ და ამდენად, მაღალი სიცხე და ქარი ნაკლებად აწუხებდა ყანას. რაც შეეხება საფურაჟე სიმინდს, მას ნაკლებად მოერია მკაცრი კლიმატი. აბაშაში 1 ჰექტარზე 8 ტონა საფურაჟე სიმინდი მოვიდა. სიმინდი აქაურების შემოსავლის წყაროა, თითქმის მთელ საქართველოში ტონობით ვყიდით. ამიტომ არის აუცილებელი ფურაჟად იმ უცხოური ჰიბრიდული ჯიშების მოშენება, რომლებიც უკვე გამოცდილი გვაქვს ჩვენს კლიმატში. ამჟამად დათესილი გვაქვს ამერიკული და თურქული ჰიბრიდული სიმინდის ჯიშები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკვები სიმინდის კულტურას შეგვიცვლის. არ არსებობს აბაშაში სოფლად მცხოვრები, რომელსაც ტრადიციული ქართული სიმინდი არ მოჰყავდეს. საბედნიეროდ, საუკუნეების განმავლობაში ქართული სიმინდი იმდენად დამუშავდა და გაკეთილშობილდა გლეხური სელექციით, რომ ჯერჯერობით საუკეთესოა იმ საკვებ ჯიშებს შორის, რომლებსაც ვიცნობთ. სხვა ჯიშებით მის ჩანაცვლებას ჯერ არავინ ფიქრობს, თან მოსავალიც ოპტიმალური მოდის - ჰექტარზე დაახლოებით 3 ტონა. წლევანდელ სეზონს რაც შეეხება, ერთ-ერთი გამორჩეული წელიწადი იქნება სიმინდის მოსავლიანობით. ამ ზაფხულის კლიმატი, წვიმები, სწორედ სიმინდისთვის იყო შესაფერისი.
- სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სიმინდის საერთო რაოდენობა დაახლოებით 220 000 ტონაა. ამ მაჩვენებელს გადააჭარბებს წლევანდელი მოსავალი?
- სავარაუდოდ. წლეულს გაზაფხულიდანვე წვიმდა, სიმინდს კი წვიმა ძალიან უყვარს. დაახლოებით ასეთივე კლიმატი იყო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც საფურაჟე სიმინდის აღება უკვე დაწყებულია. მალე ჩვენც დავიწყებთ სიმინდის "რთველს".
- როდესაც დიდი მოსავალი მოდის, არ შეიძლება თადარიგი დავიჭიროთ, ჭარბი სიმინდი მომავალი წლისთვისაც შევინახოთ?
- აქამდე ამის საჭიროება არ ყოფილა. თუმცა, ვინაიდან კლიმატის გამო პრობლემები გაჩნდა, არც სიმინდის ხანგრძლივი დროით შენახვაა შეუძლებელი. საქმე ის არის, რომ ქართულ სიმინდს, უკვე გაზაფხულიდან, მარტ-აპრილიდან, ჩრჩილი უჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, ხალხმა ხერხი მოიგონა - გაზაფხულის წინ სიმინდს პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ყრიან. პოლიეთილენის მასალა სიმინდს არანაირ ცოცხალ ორგანიზმს არ აკარებს. შესაბამისად, სიმინდი დაჭიანებას გადაურჩება.
- უცხოური ჰიბრიდების კლიმატგამძლეობა და უხვმოსავლიანობა ხელსაყრელია როგორც ადამიანისათვის, ისე მეცხოველეობისთვის, მაგრამ რატომ არ თესავთ იმ ჯიშებს, რომლებიც საქართველოში გამოჰყავთ, მაგალითად მოგიყვანთ "ლომთაგორას" ჯიშებს.
- ფერმერი ახალ ჯიშს რომ ენდოს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დიდ მოსავალს მისცემს. ამიტომ ქართული ჰიბრიდული ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთზე დათესვა და დაკვირვება აუცილებელია. როცა ყველა დარწმუნდება, რომ ახალი ჯიში რენტაბელურია, მერწმუნეთ, მომდევნო წლებში ქართულ ჯიშებს მყიდველი არ დაელევა.
ეთერ ერაძე