ბუხრინწასა და ადამიანის მეგობრობის ისტორიები
"ბათუმთან ახლოს ფრინველების გადაფრენის მსოფლიოში მნიშვნელობით მესამე გზაა, აქ ყოველწლიურად მილიონობით ჩიტი გადაიფრენს, მათ შორის ბევრია მტაცებელი ფრინველი - თითქმის 40-მდე სახეობა აღრიცხეს დამკვირვებლებმა. ბუხრინწა კი ადგილობრივია, მობუდარი. სოფელი ორთაბათუმი ახლოა მთა მტირალასთან, სადაც იშვიათი კოლხური ტყეა და ღამის მტაცებელი ფრინველებიც არიან, მაგალითად, ზარნაშო, წრომი და სხვა, ბუხრინწაც იქიდანაა გამოფრენილი", - გვიამბობს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელი ლამარა გულორდავა.
- სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი და ინსტაგრამზე ორი ფოტო შემხვდა, ჩვენი თანამშრომლის, შორენა მახარაძის მეუღლეს, ბადრი ცინცქილაძეს, ხელში ბუ ეჭირა. ვიფიქრე, ხის ბუა, რატომ გააკეთებინა ამხელა-მეთქი, მერე ფიტული მეგონა და ვინატრე, ნეტავ ჩვენს მუზეუმს გადმოსცემდეს-მეთქი. თურმე ასე არ ყოფილა. შორენამ მიამბო, შაბათ-კვირას სოფელ ორთაბათუმში ავდივართ, დღეს ბადრიმ ოთახში შუქი აანთო და ხედავს, ბუ ზის ნაძვის ხის ძირშიო... ღამით ფანჯარაში შემოფრენილა, ნამდვილი ნაძვი ეგონა ალბათ და მის ძირას დაცუცქებულა, შუქის ანთებისას არც განძრეულა, მიყურებდა უძრავი თვალებით, ბადრიმ მოახერხა დაჭერა და ეს ფოტოც გადავუღეთო, მითხრა შორენამ. ბუ უძრავი თვალებით იმიტომ უყურებდა მასპინძლებს, რომ არ შეუძლია ადამიანივით თვალების გამოძრავება.
- ფრინველის სახეობა როგორ დაადგინეთ?
- სასწრაფოდ მოვნახე ბუსნაირების ფოტოები და ბუხრინწა აღმოჩნდა (ლათ. თყტო ალბა) - ასე ხრინწიანი ხმის გამო დაერქვა. სხვათა შორის, ხითხითა ბუც არსებობს, არის ყურებიანი ბუ, ტყის ბუ და სხვ. საქართველოში შვიდი სახეობის ბუა გავრცელებული. ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია, ტიტოსებრთა ოჯახიდან. ეს საფრთხეში მყოფი იშვიათი სახეობაა. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია. გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელარუსსა და უკრაინაში. ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 5-8 კვერცხს. კრუხობას აგრძელებს 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით... ბუხრინწა წითელ წიგნში შეტანილი ფრინველია.
ბუხრინწა საინტერესო სანახავია - აქვს თეთრი, გულის ფორმის სახის დისკი, რომელიც ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობისაა, მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, დიდი ფეხები, რბილი ბუმბული, თეთრი მკერდი პატარა ყავისფერი ლაქებით... ზურგი მოყვითალო ყავისფერია, მუქი და თეთრი ლაქებით. მამრი და მდედრი მსგავსი ფერისაა, მაგრამ მდედრი უფრო მუქი და დიდია.
- ბუხრინწა გადამფრენია თუ ადგილობრივი?
- ბუხრინწა ადგილობრივია, მობუდარი. მთა მტირალასთან, სადაც იშვიათი კოლხური ტყეა, ღამის მტაცებელი ფრინველებიც არიან - ზარნაშო, წრომი და სხვ. ბუხრინწაც იქიდანაა გამოფრენილი. ბადრიმ ეს იშვიათი ფრინველი ბუნებაში გაუშვა. ამ შემთხვევაზე გამოგვეხმაურა ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი: კარგი იქნებოდა, სანამ გაუშვებდა, გენეტიკისთვის რამდენიმე ბუმბული აეღო, სხვა დროს მსგავსი შემთხვევის დროს იქნებ შემატყობინოთო. ნამდვილად არ ვიცოდით, მოულოდნელი შეხვედრა იყო.
- რა გამოარჩევს ბუს სხვა ფრინველებისგან?
- ბუ სიბრძნის სიმბოლოა. უმეტესობას ის არც უნახავს, მაგრამ ხმა გაუგონია. ბუ ღამის ფრინველია, თუმცა ყველა სახეობა მხოლოდ ღამით არ ნადირობს... ბუ მონოგამიური ფრინველია, მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს. წიწილები ბრმა და თეთრი ბუმბულით იბადებიან. ბუს არაჩვეულებრივი კისრის სტრუქტურა აქვს და თავის 270 გრადუსით შებრუნება შეუძლია. რბილი ბუმბულის წყალობით უხმაუროდ დაფრინავს. აქვს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, მახვილი სმენა... თაგვისებრი მღრღნელების მოსპობით ბუს სოფლის მეურნეობისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ამის გამო ყველა სახეობის ბუ დაცულია. ბუხრინწაც საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ფრინველია. მისი ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2.000 ლარით ჯარიმდება.
- სხვა დროსაც უნახავთ ბუხრინწა საქართველოში?
-. საქართველოში შეიძლება 3-4-ჯერ უნახავთ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, სახლებში ან ბრაკონიერს ჩამოართვეს. უნახავთ ხონში, მარტვილში, დედოფლისწყაროში. უფრო ბარტყები, რომლებიც მოვლა-გამოზრდისთვის და შემდგომში ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად თბილისის ზოოპარკს გადასცეს.
ბუხრინწას გამოზრდა-დაფრთიანების ერთი საინტერესო შემთხვევა მიამბო ქალბატონმა თეა ჭანტურიშვილმა: "2018 წელი იყო, ჩვენმა მეზობელმა ნარგიზ ემირიძემ სოფელ ხუცუბანში ტყესთან იპოვა მაღალი ხის ფუღუროდან ჩამოვარდნილი ბარტყი, უმწეო, თეთრად შებუმბლული. მეზობელმა ბარტყი ჩემს შვილს, 12 წლის სანდროს მოუყვანა. მანაც ოთახში დააბინავა, სახელად "სორენი" დაარქვა, ხელით აჭმევდა, ასმევდა და გამოზარდა. რომ გაიზარდა, სახლში დაფრინავდა. ხშირად ფანჯარასთან იჯდა და ცას გაჰყურებდა. ფრენა რომ დაიწყო, სწორედ იქ გავუშვით, სადაც ვიპოვეთ. სანდრომ მასთან განშორების გამო იტირა, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა - სორენი მეორე დღეს მოფრინდა, ცოტა ხანს დარჩა და მერე სამუდამოდ გაფრინდა".
სანდროს მეშვეობით წითელ ნუსხაში შეტანილი კიდევ ერთი ფრინველი გადარჩა. ახლა, ალბათ, სორენი მტირალას ტყეში თავის ბარტყებს ზრდის. ქალბატონმა თეამ მისი ფოტოსურათები გამომიგზავნა, შევადარე ორთაბათუმში ნანახ ბუს და ერთი და იგივე სახეობაა - ბუხრინწა.
მანანა გაბრიჭიძე