"ცხოვრება დამემხო თავზე...სიზმრებს ვხედავ" - რას ჰყვება მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის 9 წევრი დაკარგა
მარიტა გუტაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მან შოვის ტრაგედიისას ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა. ცხოვრება უდიდესი ტკივილით, პასუხგაუცემელი კითხვებით - როგორ ცხოვრობს 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ. მარიტა გადაცემა "სთორის" სტუმარი იყო და საზოგადოებას უდიდეს ტკივილზე ესაუბრა.
მარიტა გუტაშვილი:"ძალიან რთულია დაძინება. დაძინება ყველას გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვიღებთ, დამამშვიდებლებს. სადღაც 4-5 საათამდე ვერ ვიძინებ, თუ ვიძინებ, მაშინ ვხედავ სიზმრებს. სიზმრებში ვხედავ სამი აგვისტოს შემდეგ როგორ მეხმარება მეგი (მარიტას და, რომელიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა - რედ.) რომ გაირკვეს, რატომ მოხდა ასე.
სამი აგვისტოს შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ სიზმრებით, დაკარგულ ცხრა წევრთან ერთად და არამარტო, იქ იყო გენადი ბიძია, რომელმაც გამზარდა და კიდევ ჩვენი თანასოფლელები ვინც. ამით ვაგრძელებ ცხოვრებას. თუ სიზმრებს ვერ ვხედავ, ის ღამე არაფრად მიმაჩნია.
ყველანი ისე ვართ რომ ჩვენი შინაგანი სისუსტე ერთმანეთს არ დავანახოთ. დედაც ძალიან ძლიერად დგას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, ეტყობა რომ ძლიერად დგას და ცდილობს, არ დამანახოს როგორი გულნატკენია, მაგრამ მე ვიცი, ვიცნობ დედაჩემს და ვიცი როგორი ადამიანია შინაგანად. მამა ძირითადად იწყებს ფოტოების თვალიერებას და ეფერება ყველას, ცხრავეს", - ამბობს მარიტა.
ალბათ, გახსოვს ემოციური კადრები შოვიდან, როდესაც მარიტა ჟურნალისტებთან საუბრობდა, ამ დროს გამოჩნდა მისი ძაღლი ბონი, რომელიც მეწყრის შემდეგ დაკარგული იყო. მარიტამ ამ მომენტზეც ისაუბრა:"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ბონის გარდა კიდევ სამი ძაღლი გვყავდა, რუსული მდევრები, რომლებიც ბონიზე უფრო კარგად დარბოდნენ. მართლა არ ველოდი და რომ მითხრეს, ბიგლი დარბისო...
არ ეკარებოდა უცხო ხალხს, ეტყობა ეშინოდა პირველი ორი დღე და მერე უკვე ჩემმა მეგობარმა გადმომიყვანა.
რომ დავინახე, მეგონა ყველა გადმოვიდა, ცხრავე. ბონი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია უკვე მესამე წელია. ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია, თითქოს, მომიყვა რა მოხდა, თითქოს მითხრა, - შენ სად იყავი?! ილაპარაკა ყველაფერი", - ამბობს მარიტა გუტაშვილი. იხილეთ სრულად