ჩამოაგდე შენიც, რომ მტერს ეშინოდეს - რუსი მეზენიტეები აგრძელებენ რუსული თვითმფრინავების განადგურებას...
Сами не летаем и другим не даем!- ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების არაოფიციალური დევიზია, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ასრულებენ, მათ შორის... თავად რუსული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მიმართაც...
არანაკლებ 80 მლნ დოლარი „დაიწვა“ უკრაინის ზაპოროჟიეს სტეპში 29 სექტემბრის ღამეს, როდესაც ოკუპირებული ქალაქის ტოკმაკის მაცხოვრებლები ღამისეულ ცაზე საზენიტო რაკეტის თვითმფრინავზე მოხვედრის თვითმხილველები გახდნენ და ცეცხლწაკიდებული დაზიანებული საფრენი აპარატი მიწაზე დაცემამადე ორიოდე წუთი ცას ანათებდა...
ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ დაიწყო - უკრაინულმა და რუსულმა ოფიციალურმა მხარეებმა თითქოს პირში წყალი ჩაიგუბეს და ორი დღე სიტყვა არ წამოსდენიათ იმაზე, რისი თვითმხილველიც ათასობით ადამიანი გახდა, თითქოს არავის დაუკარგავს თვითმფრინავი და უკრაინის ფრონტის ღამის ციდან უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ჩამოაგდეს...
მაგრამ, სიმართლე მაინც არ დაიმალა და მალე ყველაფერი გაირკვა - თავდაპირველად გულმა ვერ მოუთმინა რუს ბლოგერებს და მინიშნება გააკეთეს, რომ ჩამოგდებული საფრენი აპარატი რუსული თანამედროვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი Су-35С გახლდათ, რომლის გასაყიდი ფასი მსოფლიო ბაზრზე 80 მლნ დოლარს აღემატება...
რუსი ბლოგერების ეს მინიშნება მალევე განამტკიცა უკრაინული სადაზვერვო დრონის მიერ ფრონტის ხაზის სიღრმეში გადაღებულმა ფოტომაც, რომლის დაბალი ხარისხის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია სტეპში ჩამოვარდნილი და დამწვარი რუსული Су-35С-ს კონტურების ამოცნობა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ეს უკვე მეხუთე Су-35С გახლავთ, რომელიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა დაკარგეს იმ 92 სხვადასახვა ტიპის სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავიდან, რაც რუსეთის საერთო დანაკლისს შეადგენს ამ ომში.
რუსეთის სამხედრო ავიაციის ყველაზე თანამედროვე და ერთ-ერთი ძვირადღირებული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებით უკრაინელ სამხედრო პროპაგანდისტებს წესით ეს ამბავი მთელი მსოფლიოსთვის მაშინვე უნდა მოედოთ და ედიდებინათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძლიერება, მაგრამ ასე არ მოხდა...

არ მოხდა იმიტომ, რომ მის ჩამოგდებასთან უკრაინელ მეზენიტეებს... არავითარი შეხება არ ჰქონიათ... ამჯერად მათმა რუსმა „კოლეგებმა“ იყოჩაღეს და „მეგობრული ცეცხლით“ მორიგი საკუთარი თვითმფრინავი შეიწირეს, რომლის მფრინავიც ეტყობა ჰაერშივე დაიღუპა და ვერ მოასწრო კატაპულტირება.
მორიგი საკუთარი თვითმფრინავის „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოგდებას კი იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ამ ომში დაკარგული 92 რუსული თვითმფრინავიდან აქამდე, არანაკლებ სამი, სწორედ რუსივე მეზენიტეების მიერ იყო ჩამოგდებული და ეხლა მეოთხეც მიუმატეს...
თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ 2022 წლის 17 ივლისს,11 სექტემბერს და 2023 წლის 3 მარტს ჩამოგდებული რუსული Су-34 ტიპის სამი საფრონტო ბომბდამშენი სწორედ რუსი მეზენიტეების სინდისზეა, რომელსაც „ნაირსახეობისთვის“ ერთი Су-35С -ც ეხლა მიუმატეს...
„მეგობრული ცეცხლით“ ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო საფრენ აპარატების ზემოთმოყვანილ სიაში არ შედის პრიგოჟინის „ვაგნერის“ მეზენიტეების „გმირობა“, რის გამოც პრიგოჟინმა მათ საქვეყნოდ იდიოტები კი ეძახა, მაგრამ ამ „იდიოტებმა“ 2023 წლის 23-24 ივნისს, „ვაგნერის“ მიერ მოწყობილი სამხედრო ამბოხის დროს, უშუალოდ რუსეთის ციდან რამდენიმე საათში არც მეტი და არც ნაკლები ექვსი რუსული შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი „ჩამოხსნეს“! „ვაგნერის“ მეზენიტეებმა ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, უკრაინელი „კოლეგებიც“ რომ ინატრებდნენ და თავისივე სახელმწიფოს ხაზინა არანაკლებ 300 მლნ დოლარით დააზარალეს-საერთო ჯამში დაახლოებით ამდენი ღირს ჩამოგდებული საბრძოლო Ка-52 და Ми-35, სატრანსპორტო Ми-8МТ, რადიოელექტრონული ბრძოლის სამი Ми-8МТРП ტიპის შვეულმფრენები და ოთხძრავიანი სპეციალიზირებული თვითმფრინავი- მართვის საჰაერო პუნქტი Ил-22 ВЗПУ.