„იარე, ლიზა“ - ფილმი, რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია - კვირის პალიტრა

„იარე, ლიზა“ - ფილმი, რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

რე­ჟი­სორ ნანა ჯანელიძის ფილ­მის, "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოცქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს აღშფოთებული მაყურებელი დარბაზს... საზოგადოების გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გამოიწვია ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის, ქართველი ჟურნალისტის ენ­გურს იქით აფხაზებისთვის გადა­ძა­ხილ­მა: "ბოდიში". ამ საკითხს "ფეისბუკზე" კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა: "ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ­ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის­ სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე,­ სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე...­ მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება­ და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე, რომ ფილმი ჩაწყობით(!) უკონკურსოდ(!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია!". თეა წულუკიანის სტატუსს მოჰყვა პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების სტატუსები და პოლიტიკური დებატები­ გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა...

"ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზებს დაანახო შენი ნამდვილი სახე და სული"

ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე, ლიზას"­ სცენარის ავტორი: - პირველი­ ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე მთელი სიუჟ­ეტი ანტირუსული, ანტიოკუპა­ციურია. ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული­ აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახო­ შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი­ იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი­ სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში.­ ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში,­ როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი; ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებასა და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.

ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა,­ სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგვინეს ქვეყანა.

კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ვთქვით ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარი­სკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ.

"გაუგებარია, რატომ ჰგონია ზოგიერთს, რომ ფილმი პრორუსულია"

გურამ ოდიშარია, მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი: - მე ამ ფილმის სცენარის ავტორი არ გახლავართ, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ფილმის ფინალში გამოყენებულია პასაჟი ჩემი "დევნილთა­ უღელტეხილიდან". გაუგებარია, რატომ ჰგონია ზოგიერთს, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, ამ ფილმში რუსული­ პოლიტიკის კრიტიკაა. ვისაც არ უნახავს, მეგობრულად ვურჩევდი, ნახოს. მეც აუცილებლად ერთხელ კიდევ ვუყურებ.

"ანუ რა გვინდა - ომში მარტო ერთი მხარეა დამნაშავე?" მარტო აფხაზები იყვნენ მკვლელები?!"

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: - ლიზას როლის შემსრულებელი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ეკა ტოგონიძე და მე ვმონაწილეობდით ქართულ-აფხაზურ შეხვედ­რებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გვყავს აფხაზი მეგობრები და ვიცით, რა მნიშვნელოვანია დიალოგი, რადგან ბევრი მტრულად განწყობილი გვიქცევია მეგობრად... თუ არ იქნება დიალოგი, პატიება, ორივე მხრიდან შეცდომების აღიარება, შერიგება არ მოხდება... ანუ რა გვინდა - ომში მარტო ერთი მხარეა დამნაშავე?! მარტო აფხაზები იყვნენ მკვლელები?! ჩვენ თუ არ გადავაფასეთ წარსული, არ გავიაზრეთ ომის ტრაგედია და ვერ შევძელით ვერც პატიება, ვერც დიალოგი, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და ზუსტად ეს უნდა ჩვენს საერთო­ მტერს - რუსეთს! ამიტომ ეს ცალმხრივი წივილ-კივილი, როგორ გაბედეთო, რუსული ნარატივი და ჩვენი მტრის მიზანია, რომ მუდმივად ვიყოთ დაპირისპირებული,­ ერთმანეთზე­ დაბოღმილი, ვატოლებდეთ ჩვენს მკვდრებს და ტკივილს, ვერასდროს გავუგოთ ერთმანეთს.

მე მყავს მეგობარი სოხუმში, ბიჭი, რომელსაც მამა ქართველებმა მოუკლეს. ის საქართველოში ჩამოვიყვანეთ და ეგონა,­ მტრებთან მოდიოდა, ახალ ომში. სამ დღეში ისე შეიცვალა, მეუბნებოდა, გადმოვსახლდები და ანაკლიის პორტში ან თბილისში დავიწყებ მუშაობასო. ზუსტად ეს არის დიალოგის ძალა, ხელოვნების ძალა!

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც­ ფილმში­ ნაჩვენებია ჩვენი დანაშაული, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს"

დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე: - ფილმში ნაჩვენებია ჩვენი კომპლექსები, შეცდომები, როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტისა და მწერლის, ასევე ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის... ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც­ ფილმში­ ნაჩვენებია ჩვენი დანაშაულიც, რაც ჩვენმა ჯარმა და მებრძოლებმა ჩაიდინეს.

სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც რეპორტიორად მუშაობდა­ აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც­ პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი­ მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება და ამის შემდეგ ლიზა შეუდგება გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი...

- რამ გამოიწვია მაყურებლის პროტესტი?

- ვფიქრობ, იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს..­. ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა...

ფილმში რუსეთზე ნაკლებად არის აქცენტი გამახვილებული, ტონი ცოტა შერბილებულია. წინა პლანზე უფრო აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის, რომ რუსეთი ინსპირატორი იყო.

"თურმე ქართველი მებრძოლები იყვნენ მკვლელები, მაროდიორები, უსამშობლოები! გესმით?"

კახა კვაშილავა, ისტორიკოსი, მეცნიერი, ჟურნალისტი: - ვნახე ეს ფილმი და ემოციებს ვერ ვთოკავ. საკმაოდ ძვირად ღირებული ფილმი ყოფილა - 1.740.690 ლარი გაუღია სახელმწიფო ბიუჯეტს...

ფილმზე ბევრია სასაუბრო, მაგრამ რამდენიმე პასაჟზე შევჩერდები: გარდა იმისა, რომ შედარებაა ქართველისა და აფხაზის, ამ უკანასკნელის "რაინდული" უპირატესობით, იმედი მაქვს, მეჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით, სახიფათო მცდელობაა­ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ­ პირთა და ენგურს გამოღმა დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის შეპირისპირებისა...

ფილმში არის ერთი ეპიზოდი, რომე­ლსაც ვეთანხმები - სოხუმის დაცემის დღეს მთავარი გმირი,­ ტელეჟურნალისტი ლიზა, ოჩამჩირეში­ა, სადაც დგას კარგად შეიარაღებ­ული­ ქართ­ული­ არმია, თავისი­ გენერალიტეტით.­ ამ დროს სატელეფონო­ ზარია­ სოხუმიდან­ და აგონიაში მყოფი ქართული ჯარი შვე­­ლას ითხოვს. კარგად შეიარა­ღებული­ ჩვენი­ ჯარი კი ოჩამჩირეში ტოვებს პოზი­ციებს და მიიზლაზნება ომის საპირისპირო მხარეს... სამწუხაროდ, ეს ეპიზოდი­ სიმართლეა­, რომელზეც ჯერ პასუხი არა გვაქვს. ჩვენ, ალყაშემორტყმულ სოხუმში ყოველ წამს ველოდით დახმარებას, მაგრამ ვერ მივიღეთ... ლიზა ამას ღალ­ატს უწოდებს. მე, როგორც მოვლენის თანამონაწილე, ვეთანხმები ამ შეფასებას...

ოჩამჩირეში ლიზას ადგილობრივი­ რუსი ბებია გადაარჩენს და აფხაზ ჯარი­სკაცს­ სთხოვს ქართველი გოგონას სამშვიდობოს გაყვანას... კვანძი იკვრება: ფილმის დასაწყისში ლიზასთან თოქშოუში შედის ზარი იმ აფხაზი მეომრისგან, რომელმაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რუსი ბებოს­ თხოვნით, ქართველი გოგონა ლიზა გადაარჩინა - ღამის სიბნელეში ჯერ სიმინდის­ ყანებით, შემდეგ კი ტყე-ტყე იარა და გოგონა სამშვიდობოს გაიყვანა, ენგურში დახრჩობასაც კი გადაარჩინა. ამ აფხაზს კი, ფილმის დასაწყისშივე ირკვევა, რომ ქართველებმა ცოლი მოუკლეს...

ფილმის მიხედვით, ქართული არმია­ ნარკომანების ბრბოა. თურმე ჩვეულებრივი­ "ბოევიკები" იყვნენ და არა სამშობლოსთვის მებრძოლები­. თურმე ქართველი მებრძოლები იყვნენ მკვლელები, მაროდიორები, უსამშობლოები! გესმით?

ფილმი მთავრდება ლიზას მონოლოგით,­ რომ აფხაზსა და ქართველს შორის რუსი დგას და ერთმანეთთან მისვლაში ხელს უშლის. ეს სიმართლეა! მაგრამ ლიზა იქვე მიმართავს მეორე მხარეს და ამბობს: "მეც მაპატიე!" ოღონდ აქ მეორე მხარე პატიებას არ ითხოვს. ეს ფილმში არსად ისმის, არსად ჩანს! მაშ "მეც" რატომ? ბოდიშის მოხდა უმთავრესი ქრისტიანული მოვალეობაა, მაგრამ მეორე მხარე არ ითხოვს პატიებას. ჩვენ კი ხან "მშიბზიას" ვყვირით, ხან "ბოდიშს" ვიხდით. არაფერი გვაქვს ქართველებს ენის მოჩლექით სათქმელი და არც აფსუებზე მეტი საბოდიშო. თუ ვინმეს ფილმის რეჟისურა და ოპერატორ-მონტაჟისტის ხელოვნება მოსწონს, მეც შემოგიერთდებით, მაგრამ სულისკვეთებამ, ლაიტმოტივმა არ დაგაფიქრათ?! ნუთუ მხოლოდ თვალებით უყურებდით და გონებით არ აანალიზებდით?! როგორც ჩანს, ბევრმა ჯერაც არ იცის, რა ხდებოდა ენგურს გაღმა საქართველოში მთელი 13 თვე და 13 დღე...

ფილმში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, ანუ როგორც გვეძახიან, "ლტოლვილებით" ჩასახლებული სასტუმრო "ივერია" ჩანს. მავანს რცხვენოდა, თბილისის ცენტრს ამახინჯებსო. ის კი არ ადარდებდა, იქ მცხოვრები ქართველი დღეს როგორ აღამებდა და ღამეს როგორ ათენებდა. ჩვენ ჩვენსავე მიწაზე იძულებით გადაადგილებულნი ვართ, რათა საკუთარი სიცოცხლე გვეხსნა, ლტოლვილი კი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული ადამიანია. ამ ტერმინის დამკვიდრებით გარკვეული ძალები ცდილობენ იმის დაფიქსირებას, რომ აფხაზეთი სხვაა და საქართველო კიდევ სხვა...

ნანა ჯანელიძე: „ვფიქ­რობ­დი, რომ„იარე, ლიზა“ ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია“

\ფილმის რეჟისორმა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ სოცქსელში ფილმთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა: "ყვე­ლას, ვინც ნახა და მო­ე­წო­ნა ან არ მო­ე­წო­ნა "იარე, ლიზა" - ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ "იარე, ლიზა" კა­მათს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია - მი­ვი­წყე­ბუ­ლი და ანეს­თე­ზი­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გაღ­ვი­ძე­ბა, ფიქ­რი, კა­მა­თი და გა­მო­სავ­ლის ერ­თად(!) ძი­ე­ბა. 30 წელი გა­ვი­და და უზარ­მა­ზა­რი დუ­მი­ლისა და უნ­დობ­ლო­ბის კე­დე­ლი აღი­მარ­თა ჩვენ­სა და აფხა­ზებს შო­რის. თან­და­თან გა­ხუნ­და ბა­ნე­რე­ბი "გახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი". სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­ში ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო: გმი­რო­ბა და ღა­ლა­ტი, პატ­რი­ო­ტიზ­მი და და­ნა­შა­უ­ლი - ორი­ვე მხრი­დან..."