"მგონი, ერთი ავტობუსი ხალხი დარჩა საქართველოში ნორმალური" - კვირის პალიტრა

"მგონი, ერთი ავტობუსი ხალხი დარჩა საქართველოში ნორმალური"

კინოფილმ "იარე, ლიზას" ჩვენებას დიდი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა - ნაწილის აზრით, ფილმში საქართველო დამნაშავედ არის გამოყვანილი, ქართველი ჯარისკაცების სისასტიკეს უსვამს ხაზს და შეურაცხყოფს ომის გმირების ხსოვნას, ნაწილი კი ფილმს თამამ ცდად მიიჩნევს საიმისოდ, რომ დაიწყოს უცნობი სიმართლის აღიარება. მწერალ კოტე ჯანდიერთან­ ინტერვიუ ამ ფილმზე საუბრით დავიწყეთ, შემდეგ კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც შევეხეთ:

- ფილმი რამდენიმე თვის წინ ვნახე და გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა. ერთია რეჟისურა, მონტაჟი, მაგრამ ესთეტიკური მხარე, ვთქვათ, ანიმაციის შემოტანა კინოგამოსახულებაში, აშკარად საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ამბავი, რაც ატყდა, გადაჭარბებული და პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ოპონენტები ამტკიცებენ, თითქოს ფილმი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქართველები აფხაზების გენოციდს აღიარებენ. რეალურად, მსგავსი არაფერია ფილმში. როგორც ვხვდები, ავტორების ჩანაფიქრი იყო, რომ შეცდომა, ზოგ შემთხვევაში დანაშაული, ჩაიდინა ერთმაც და მეორემაც. ეს ორივე მხარემ უნდა მოინანიოს და შერიგდნენ. რუსეთის როლიც არ დაგვავიწყდეს, ყველაფერი მისი ინსპირირებული იყო. ის თავშიც იყო და ბოლოშიც. თუმცა პოლიტიკური რეალობის ასახვა არ არის მთავარი ამოცანა, ამ კონფ­ლიქტის მონაწილე ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ არასწორად იქცეოდა და ორივე წაგებულია. ამის გააზრების შემდეგ შეიძლება ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი და როგორმე აღვადგინოთ ძველი კავშირები.­ ვფიქრობ, ფილმის ჩანაფიქრი ეს იყო. ფილმში­ არის რუსეთის როლი ამ კონფლიქტში, მაგრამ არა დიდი აქცენტით, რადგან ავტორების წინაშე სულ სხვა ამოცანა იდგა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი. სიტყვა "გენოციდი" ნახსენები არც არის ფილმში. საინტერესოა, სააკაშვილმა სად ნახა ეს ფილმი? ისე, შეიძლება­ კინოთეატრიც აქვს თავის პალატა-ლუქსში. არაფერიც არ უნახავს, მხოლოდ ალიაქოთის შექმნა იყო მისი ამოცანა და ამას მიაღწია კიდეც. მე შენიშვნები მაქვს სცენარზე, ლიტერატურულად უკეთესად შეიძლებოდა გადმოცემა.­ ავტორების განზრახვა მთლად კარგად ვერ არის ტექსტუალურად გამოხატული, ბუნდოვანებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, სურდათ ორივე მხარისთვის გაეგებ­ინებინათ, რომ არც ერთი იყო სწორი, არც მეორე. მოკლედ, პოლიტიკურად ანგაჟირებული თემაა, რათა პატრიოტიზმის სახელით ვიღაცების სოციალური მკვლელობა ჩაიდინონ.

- სამინისტრო რას აკეთებს ამ დროს? გასაგებია, რომ ცენზურა, როგორც კომუნისტების ხანაში, ისეთი არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაც დონეზე ხომ უნდა გაკონტროლდეს? წულუკიანს შორს უჭირავს თავი, ამბობს, მე არ დამიფინანსებიაო.

- ნამდვილად არ დაუფინანსებია. ამ ფილმის პროექტი 3-4 წლის წინ შევიდა, ნაწილი კინოცენტრმა დააფინანსა. როგორც ვიცი, უფრო დიდი ნაწილი მთავრობამ თუ სამინისტრომ. მაშინ არც წულუკიანი­ იყო კულტურის მინისტრი და არც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი. მივიდა ადამიანი, ალბათ, მოუყვა, ასეთი მიზანდასახულების მხატვრულ ნაწარმოებს ვწერ და თუ დამეხმარებით, იქნება ვცადოთ, რომ ამ ფილმმა იმპულსი მისცეს ქართულ-აფხაზური ჩატეხილი ხიდის საქმესო. ის ხალხიც დათანხმდა.

- უკვე გადაღებული მაინც ხომ უნდა ენახა ვიღაცას რისკების გასათვლელად? თუ ქართული მხარის ნაწილმა არასწორად გაიგო, ხომ შესაძლოა აფხაზებმაც ან თუნდაც რუსულმა მხარემ ასევე თარგმნონ და როგორც სურთ ისე გააგებინონ თავიანთ მოსახლეობას?

- რა ვიცი... შესაძლოა აფხაზების ნაწილმაც ასე მიიღოს, ჩვენ რატომ გვაქვს ბოდიში მოსახდელიო. ბოდიში რომ იმათაც აქვთ მოსახდელი და ჩვენც, მგონი, ეს ფილმი ამაზეა. გაიაზრონ, რომ არასწორად ვიყავით მომართული, რომ რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიის გავლენით დავეჯახეთ ერთმანეთს და ამან მოგვიტანა საშინელი ტრაგედია ორივეს. ამისი გააზრებით უნდა დავიწყოთ მდგომარეობიდან გამოსვლა და ურთიერთობის აღდგენა. ამას, როგორც იდეას ვიღაც მიიღებს, ვიღაც გაღიზიანდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად კატასტროფააო, ჩერგოლეიშვილი რომ წერს, საპროკურორო ბრალდება წაუყენა და ვერდიქტიც თვითონ გამოიტანა, სწორი არ არის. ასე ადამიანების მოსპობა, განაჩენის გამოტანა და პირდაპირ ჯვარცმა როგორ შეიძლება?!

- გეთანხმებით, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროში უნდა იყოს განყოფილება, რომელიც ამ რისკებს გათვლიდა...

- ამას ვერ გათვლი... მხოლოდ მიშა სააკაშვილისთანა ტვინმოღრეცილ ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი აკრიტიკონ. რა გავაკეთოთ, კინო აღარ გადავიღოთ და ადამიანებს დამოუკიდებელი აზრის გამოთქმა ავუკრძალოთ?! სიტყვის თავისუფლების დროშით იბრძვიან, სინამდვილეში კი თვითონ არიან პირველი ცენზორები. თუ თვითონ რამე არ მოსწონთ, ის უნდა განადგურდეს, აღიგავოს პირისაგან მიწისა.

- კიდევ ერთი თემა კულტურის სფეროდან, რასაც აგრეთვე მითქმა-მოთქმა მოჰყვა, "სუხიშვილების" რეპეტიცია იყო.

- ეგ საერთოდ გასაგიჟებელი ამბავია. ეს ანსამბლი იმიტომ არსებობს, რომ მასში დასაქმებულ ადამიანებს სთავაზობს რაღაც სტანდარტს. თუ ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებ, ძალიან დიდი ბოდიში, უნდა იმუშაო, რომ დააკმაყოფილო. ეგ უთხრა ხელმძღვანელმა მოცეკვავეს. ამის გარეშე ხომ შეუძლებელია რამე მუშაობდეს, გინდა ანსამბლი იყოს, გინდა ფეხბურთის გუნდი და გინდა ტელევიზია. რა, ტელევიზიაში დასაქმებულებს არ ეუბნებიან, ან მეტყველებას გამოასწორებ, ან სხვა წამყვანს მოვიყვანო?! რა შუაშია აქ ბულინგი ან დემოკრატია?! მაგათ ხელში რომ იყოს ძალაუფლება, ცენზურას კი არა, დახვრეტას შემოიღებენ და გულაგს გახსნიან, როგორც ჰქონდათ... აბა, რა უნდა ქნას ამხელა ისტორიის მქონე ანსამბლმა, იმაზე დაიწყოს ფიქრი, ვიღაცას არ ეწყინოს, არ გაღიზიანდეს, ბულინგად არ ჩამითვალოს, ამიტომ თუ სათანადოდ ვერ ცეკვავს, მაინც უნდა ავიტანოთო?! ეგრე ხომ ყველაფერი დაინგრევა და ხელში არაფერი შეგვრჩება?!

- ნგრევა და დაპირისპირება სხვა სფეროებშიცაა, სამწუხაროდ... პრეზიდენტისა და ფარცხალაძის თემით დავიწყოთ...

- ფარცხალაძისა არაფერი ვიცი, რასაც ყველა ფიქრობს, ბანალურია. ასეთი ბიოგრაფიისა და კულტურული ჰორიზონტის ადამიანი არ შეიძლება ინიშნებოდეს მაღალ თანამდებობაზე. ეს ერის პირველი უბედურებაა. სად აკეთებს ბიზნესს, ვისი აგენტია, ვისი არა, ეგ არ ვიცი. უცნაური კი არის პრეზიდენტისგან, ახლავე მოვაწერ ხელსო, რომ თქვა, როცა იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდებოდა. სამინისტროს იურისტებმა კი, იმის გამო, რომ მეორე მოქალაქეობა აქვს მიღებული, კანონის თანახმად მას უნდა გაუუქმდეს საქართველოს მოქალაქეობა, დაუდეს ეს დასკვნა. ახლა რა ხდება, არ ვიცი, რაღაცა ბინძური, წვრილმანი, ეგოისტური, პოლიტიკანობაა, პოლიტიკაც არ ჰქვია. პიროვნული რაღაცაა, წყენა, ისინი-ესენი... ამ პირადული ურთიერთობების გამო ბევრი რამ ფუჭდება ამ ქვეყანაში. ეს მთელ პოლიტიკურ კლასს ეხება, არამარტო პრეზიდენტს ან ოპოზიციას, მმართველ მხარესაც. მთელი პოლიტიკური კლასი სცოდავს. წინა პლანზეა პირადი შეხედულებები, სიმპათიები, ანტიპათიები, პირადი კომფორტი.

ფარცხალაძის დანიშვნაც ეგ არის! ვიღაცას ეკომფორტებოდა, კომფორტულად გრძნობდა თავს, როდესაც ეგ კაცი თანამდებობაზე იჯდა, თორემ რაიმე პირადი ღირსება ან ბიოგრაფია, მოსაზრებები, ხედვა, რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს? არაფერი! ყველაფერი ასე წყდება ამ ქვეყანაში, ამ მხრიდან თუ იმ მხრიდან. საბოლოოდ საქმე ფუჭდება.

- რა იქნებოდა სწორი?

- ძალიან პესიმისტური პროგნოზი მაქვს. მოგცემენ თუ არა კანდიდატის ფარატინა წოდებას, მაგაში არაა საქმე. ის, რაც ფუნდამენტურია, რაც საზოგადოებას ანგრევს, რასაც სინამდვილეში საფუძვლად განათლების და კულტურის დაბალი ცენზი უდევს, რაც ხდება განათლების სისტემაში 30 წელიწადია, არ იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ამის შედეგს, რაც ახლა ხდება სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებში, უკვე ვხედავთ და 10 წლის შემდეგ კიდევ უარესს ვნახავთ. მეცნიერება მომსპარია. არადა, თუ ქვეყანაში მეცნიერული აზროვნება არ არსებობს, არ არსებობს აზროვნების კულტურა, ლექტორი და მასწავლებელი საიდან უნდა გამოიჩეკოს, რომ სხვას გადასცეს ცოდნა?! ეს მთლიანად მოშლილია. ლომაიათი დაიწყო და ახლა, მგონი, ბოლომდეა მისული. სკოლის რემონტსა და კომპიუტერების ყიდვაზეა მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი. სწავლების შინაარსი რა არის, რა ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმებში ან სახელმძღვანელოებში, ან თვითონ მასწავლებლის სოციალური სტატუსი რომ ასეთი დაკნინებულია და არავის წასვლა არ უნდა სკოლაში, ყურადღებას არავინ აქცევს. სხვა სამსახური თუ ვერ იშოვეს, მერე მიდიან ბავშვებთან სამუშაოდ. ამიტომ მაქვს უნუგეშო და სრულიად პესიმისტური პროგნოზი.

- მოდის არჩევნები და ხშირდება დაპირისპირებები, ბრალებები... მესამე ძალაზეც დაიწყო ლაპარაკი...

- რომელია, სად არის? კი ბატონო! მთავრობა შესაძლოა არ ვარგოდეს, ეგ სულ არაა პრობლემა. მთავარი ის არის, ალტერნატივა რომ არ არსებობს. ყველაფერი უმაღლესებისა და სასკოლო განათლების ნგრევით და მეცნიერების მოსპობით დაიწყო. აღარც მოდის მოაზროვნე და განსაკუთრებული ადამიანი. საიდან უნდა გაჩნდეს მესამე ძალა?! ერთი ნაგავია პირველიც, მეორეც და მესამეც.

- პრეზიდენტის ხშირ ვოიაჟებზე მსჯელობისას ლაპარაკობენ მესამე ძალაზე...

- იმათაც ხომ კასტინგი აქვთ, ვინ დანიშნონ აქ ოპოზიციის ლიდერად, იმიტომ, რომ ამან არ გაამართლა. ხან ყოფილი ომბუდსმენი უნდათ მთავარ ოპოზიციონერად, ხან სალომე ზურაბიშვილი, ახლა გვარამიას უთხრეს, გინებას მოუკელი, სოლიდურად მოიქეციო.

- კასტინგის ხელმძღვანელი ვინ არის?

- ეგ დიდი საკითხია... საერთოდ, ხელმძღვანელი ვინ არის? მსოფლიოს დირექტორის პოსტი რომ უკავია, ბაიდენი რომ არ მართავს არაფერს თურმე თავისივე ქვეყანაში, ხომ ვხვდებით. აი, ვინც ბაიდენს მართავს, ის ატარებს აქაც კასტინგებს. მე მათი სახელები არ ვიცი. ახლა გაშიშვლდა, რომ თურმე ამერიკის პრეზიდენტი შეიძლება ტაბურეტი იყოს და ვინც ის ტაბურეტი იქ დადგა, იმის ნება-სურვილით წავა ყველაფერი.

- პირველი ძალა, მეორე ძალა, დაპირისპი­რება, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი... დავიღალეთ!..

- სინამდვილეში აქ არის ნორმალურ ადამიანთა სულ უფრო და უფრო მილევად პოპულაციასა და გობლინებს შორის ფრონტის ხაზი. ნორმალური ადამიანების რაოდენობა, ეს პოპულაცია, სულ უფრო მცირდება და მცირდება, გობლინების იზრდება. რა მნიშვნელობა აქვს, რა ძალას დაუძახებ, გობლინების ერთი ნაწილი რას დაირქმევს და მეორე - რას. ნორმალური ადამიანების გაქრობის საშიშროებაა ამ ქვეყანაში. რა ძალებია?! ძალა არის ერთი: უკულტურობა, უზნეობა, აბსოლუტური ამორალურობა... მგონი, ერთი პანაშვიდი, ერთი ავტობუსი ხალხი დარჩა საქართველოში ნორმალური. ახალგაზრდობის გაგობლინება მიდის. პატრიკ ბიუკენენს (რეიგანის­ მრჩეველი, ჟურნალისტი) ხომ უწერია­ "დასავლეთის აღსასრულში", რომ ამ ხალხს გობლინები სჭირდება. ამიტომ არც მალავენ, რომ ჩვენი ფრონტის ხაზი იქნება საკლასო ოთახებში, უნივერსიტეტების აუდიტორიებში, ჩვენ თქვენ წაგართმევთ ახალგაზრდობას და ისე დაგამარცხებთო. ვის ამარცხებენ? ვისაც ტრადიციული ფასეულობები აქვს, მყარი პრინციპები და მორალი. განსაკუთრებით ოჯახური ტრადიციების, რელიგიის, კულტურული იდენტობის მოსპობა სურთ, ყველა ერთნაირ გობლინად უნდა გადაიქცეს. სწორედ ეს უნივერსიტეტებია ამ გობლინების ინკუბატორად გადაქცეული.

- როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს?

- თუ რაღაც არ შევცვალეთ, ან იქ თუ არ შეიცვალა რაღაცები... მგონი, ევროპაში ამოტრიალდება რაღაც... ტაბურეტის დამდგმელთან მაინც შემორჩენილია ხალხი, რომელთაც წინააღმდეგობა შეუძლიათ გასწიონ... რომის იმპერია რომ ინგრეოდა, ხალხს მიაჩნდა, რომ ისტორია დამთავრდა. მერე მართლა დადგა ბნელი საუკუნე, რასაც აღორძინება მოჰყვა. ევროპა ეგეთია... ტაბურეტის დამდგმელები მიიყვანენ კატასტროფამდე ცივილიზაციას, მერე ერთხანს იქნება სტაგნაცია და შემდეგ დაიწყება თავიდან... ოღონდ საქართველოსთანა პატარა ქვეყნებისთვის ეს შეიძლება ფატალური იყოს.

- რა ვიღონოთ?

- ბავშვებს ვასწავლოთ! ვისაც რამდენიც შეგვიძლია, შემოვიკრიბოთ 2-5-7 და ვასწავლოთ ფიქრი, კრიტიკული აზროვნება და არა ფსევდოლიბერალური დოგმების ჩხავილი მიკროფონებში. ვისაც აზროვნება შეუძლია, შვილს, მის მეგობრებს ასწავლოს.... ასე გადარჩა რომის ნგრევის შემდეგ ცივილიზაცია. პატარა ცენტრები დარჩა, სადაც კულტურა ინახებოდა.

- საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობას როგორ ვუშველოთ?

- თუ ხალხმა აზროვნება არ დაიწყო, ხიდი სულ ჩატეხილი იქნება. ბოლშევიკური აზროვნებაა - ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და ყველა ერთად რომ დავიღუპებით, მაგის გააზრების უნარი არა აქვთ.

სანუგეშო ვერაფერი გითხარით... ვერ ვხედავ აქ პოტენციას, ევროპაში ჯერ კიდევ არის, ალბათ, ამერიკაშიც. იმედია, იქ შეიცვლება რამე და მერე ეს ჩვენი ადგილობრივი ბალაგანი, პოლიტიკურ კლასად წოდებული, სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს. თუ მანამდე მივატანეთ სული, მერე რაღაც იქნება. ასე პესიმისტურად დავამთავროთ, იქნებ ამან უფრო გამოაფხიზლოს საზოგადოება. ოპტიმიზმის საბაბი განათლებაში ვეძებოთ. გადარჩენის სხვა გზას ვერ ვხედავ.