მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და რა შესაძლო პირობებით?
"თუ არ მოგვცემენ, ამას არ შევეგუებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სტატუსის მიღება-არმიღების თაობაზე 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულების შუალედური დასკვნის შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ შესრულებული მხოლოდ სამი პუნქტია. ამ მხრივ რა შეიცვალა, ძნელი სათქმელია. ხელისუფლების განცხადებების ტონი კი უცვლელია - "სტატუსი ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა და დაგვჩაგრეს, ახლაც გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ". ევროკომისიის შეფასება ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება, არ არის გამორიცხული, უფრო ადრეც, წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა მოგვცენ სტატუსი და დამატებით პირობად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთება განგვისაზღვრონ. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამ ვალდებულების დაწესებას ფაქტობრივად გამორიცხავს. თუმცა საუბრობს სხვა სახის ვალდებულებებსა და სტატუსის მიღების მექანიზმებზე.
- დრო ძალიან ცოტა გვაქვს. სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და შეახსენეს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, რომელშიც უფრო ხელისუფლება იგულისხმებოდა, გამოიყენოს დარჩენილი დრო. ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ საქართველოს საკითხზე ხელჩასაჭიდი დაიტოვონ. თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ერთი გადაწყვეტილება მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ, თუმცა არავის უნახავს, რა წერია შიგ და ამიტომაც ძნელია თქმა, რომ რაღაც გაკეთდა, თუნდაც იმ შუალედური დასკვნის შემდეგ. იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რას მოახერხებენ, არ ვიცი. არის საკითხები, ვიცოდით, რომ რთული შესასრულებელი იქნებოდა, მაგალითად, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მაგრამ რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, მედიის საკითხს, სასამართლოს რეფორმას თავისუფლად შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. რაც მთავარია, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც არ ჩანს და ამაზე მიუთითებენ კიდეც. ყველაზე ცუდი ის არის, რაც ჩვენს პარტნიორებსაც ძალიან აღიზიანებთ, რომ ხშირად, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები ჩამოდიან, კრიტიკის მიღების ნაცვლად, პირიქით, იქით ეკინკლავებიან და არ უსმენენ. როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მმართველობის ბოლოს იყო და აღარაფერი ესმოდა, ისეა ახლაც. აშკარად ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ხდება. ეს ჩანს საერთაშორისო პარტნიორებთან დამოკიდებულებაშიც. ამიტომ არ ვიცი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე და თან ასე ცოტა დროში მოახერხებენ თუ არა, რომ ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.
ევროკავშირშიც არა აქვთ ერთიანი პოზიცია - არიან სახელმწიფოები, რომლებიც კრიტიკულად უდგებიან "ქართული ოცნების" გატარებულ რეფორმებს, მაგრამ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე შეიძლება მისცენ საქართველოს ეს სტატუსი, მაგრამ კიდევ დავამატოთ ამ 12 პირობას დამატებითი პირობებიო. შუალედური ვარიანტებიც არსებობს - მაგალითად, შეიძლება მოგვცენ დროებით, არჩევნებს დაელოდონ და თუკი დემოკრატიულად ჩატარდება, საბოლოოდ გაფორმდეს და პირიქით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ამ რამდენიმე კვირაზე. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ევროკომისიიდან მივიღოთ დადებითი პასუხი, მაგრამ მთავარი იქნება დეკემბერში წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება. ჯერ არ არის ნათელი, რომელი დაგვიჭერს მხარს და რომელი არა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკით ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერი ვიშეგრადის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველოს მიმართ დღეს სკეპტიკურად არიან განწყობილი.
- დამატებითი პირობები ახსენეთ და, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დამატებითი პირობა შესაძლოა იყოს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთება. ეს პირობა რამდენად მოსალოდნელია და თუ კი, მაშინ ეს რისი მაჩვენებელი იქნება?
- ერთ-ერთი პირობა აუცილებლად იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობა. ეს ბორელის ვიზიტის დროსაც ჩანდა. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ზუსტად არავინ იცის, რა პირობას განგვისაზღვრავენ რუსეთზე, მაგრამ ჩინეთზე ევროკავშირი, სავარაუდოდ, არაფერს იტყვის. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან საზღვრების გახსნა, ფრენების აღდგენა მაშინ, როცა ევროკავშირი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი უკრაინაში ომის გამო, ალბათ, აუცილებლად იქნება განცხადებაში. რაც შეეხება სანქციების დაწესების მოთხოვნას, ეს საეჭვოა, რადგან მათაც ესმით, რომ ამ მხრივ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. საბოლოოდ ეს მოლაპარაკების საგანია, რადგან იმ სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა, ვინც მხარს არ გვიჭერს, შესაძლოა სწორედ ეს მოითხოვონ. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება განწყობებზე.
- თავი დავანებოთ სანქციებთან მიერთებას. თუნდაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თანხვედრა რომ მოგვთხოვონ, ჩვენი ხელისუფლება ამას მიიღებს?
- ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია თქვა, რომ უკან არ დაიხევს. მათთვის მთავარია, ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, ხელისუფლება ორივე სცენარისთვის არის მზად. თუ მივიღეთ სტატუსი, იტყვიან, კი გვეძახიან პრორუსებს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, სტატუსი რომ მიგვეღოო. თუ არ გამოვიდა, იტყვიან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ დაგვჩაგრესო, და დაიწყებენ ლაპარაკს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, მაგალითად მოიყვანენ თურქეთს და ა.შ. მათი პროპაგანდიდან ჩანს, რომ ორივე სცენარი აქვთ დამუშავებული და ორივეს სათავისოდ გამოიყენებენ.
- პრემიერმა თქვა, არ შევეგუებით, სტატუსს თუ არ მოგვცემენო. მართალია, არ დაუკონკრეტებია, არშეგუებაში რა იგულისხმა, მაგრამ ეს ფრაზა რას ნიშნავს, მუქარაა? ევროპელი საზოგადოება ამ ტონით ნათქვამს როგორ აღიქვამს?
- სწორედ ეს აღიზიანებთ ჩვენს პარტნიორებს. მათთან ულტიმატუმებით ლაპარაკი, გვეკუთვნის და უნდა მოგვცეთო, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, ამას არავინ ამბობს, მეომარი უკრაინაც კი და ეს აღიზიანებს ევროკავშირსა და ბევრ ჩვენს პარტნიორს, როდესაც საქართველოს საკითხი დგება. ჩემი აზრით, ეს მაინც მიმართულია იმ ამომრჩევლისკენ, რომელიც პროდასავლურად არის განწყობილი, მათი დაკარგვა არ სურთ და ფიქრობენ, რომ ამას ევროკავშირი არ მოისმენს.
- იმუშავებს ეს თუნდაც ამ ამომრჩეველში?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას. ასევე ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რაზეც "ქართული ოცნება" შეშინებულია, არის ე.წ. ბოსნიის ვარიანტი. მაშინ ჩაიწერა, რომ სტატუსი მისცეს ბოსნიელ ხალხს. მმართველი პარტიის განცხადებებს თუ შევხედავთ, სწორედ ამ სცენარის ალბათობით არიან შეშინებული, ამის ალბათობა კი საკმაოდ მაღალია. ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ამომრჩევლებზე.
- არ იცვლება პრეზიდენტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება, კვირის ბოლოს პრემიერმა ისიც კი თქვა, არ მომწონს, რასაც ამბობს და ამიტომ ვუზღუდავ გადაადგილების უფლებასო. ამის პარალელურად გამომჟღავნდა სავარაუდო კორუფციის ფაქტები და ა.შ. ეს ყველაფერი რამდენად იმოქმედებს სტატუსზე?
- რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ-ერთი პირობაა დეპოლარიზაცია და შენ კი ამ დროს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკობ, თან იმის გამო, რომ სწორედ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იყო წასული. "ოცნება" ხანდახან კანდიდატის სტატუსის მოცემაში ხელშეწყობის ნაცვლად, ძაბავს ვითარებას. საამისოდ ყოველთვის პოულობს საბაბს.მაგალითად, თავის დროზე გვარამია დაიჭირეს იმ დროს, როდესაც ბრიუსელში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მისაღები, ახლა იმპიჩმენტს უპირებენ პრეზიდენტს.
- ეს ხდება შეუგნებლობით თუ მიზანმიმართულად?
- ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობენ ევროკავშირში. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად აკეთებენ, ვიღაცები კი თვლიან, რომ ეს შეუგნებლობის ბრალია. ჩემი აზრით, მიზეზი მაინც შიდაპოლიტიკურია, რადგან "ქართულ ოცნებას" ძალიან ეშინია, რა მოხდება, ეს არჩევნები რომ წააგოს.
თუ გადავხედავთ 30-წლიან ისტორიას, როგორ ექცევიან წინა ხელისუფლების წევრებს, ოპტიმისტური სურათი ნამდვილად არ იკვეთება. ისინი იბრძვიან არა მარტო საკუთარი რეჟიმის, არამედ ფიზიკური გადარჩენისთვისაც, რადგან ფიქრობენ, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ შესაძლოა მათაც იგივე ბედი ეწიოთ. 12 რეკომენდაციის შესრულებაც ამ შიშთან არის დაკავშირებული - ეშინიათ, რომ შეასრულონ, უფრო სწრაფად არ დაკარგონ ხელისუფლება. თუ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, მმართველი პარტიის ზეგავლენა მოისპობა, დიდი შანსია, არჩევნებში ვერ გაიმარჯვონ...
- ვთქვათ, 10-ბალიანი სკალით, რამდენი ქულით შეაფასებთ სტატუსის მიღების შანსს?
- 50/50-ზე, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება - იმედი ჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას გააკეთებს, მაგრამ უცბად ისეთ რაღაცას იზამს, ყველაფერს ხაზს გადაუსვამს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ იგრძნობა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში რაღაცის შეცვლა სურთ. ეს არის დამაფიქრებელი.
რუსა მაჩაიძე