როგორია ეჭვიანი მამაკაცის ფსიქოლოგია - კვირის პალიტრა

როგორია ეჭვიანი მამაკაცის ფსიქოლოგია

ბოლო დროს ისევ გახშირდა ფემიციდის ფაქტები, დანაშაულის ხელწერა თითქმის იდენტურია. რაც ყველაზე მძიმეა, უმძიმესი დანაშაულები არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა, ხოლო შემდეგ თავად მოძალადეებმა სცადეს თვითმკვლელობა. უმძიმესი დანაშაული რამდენიმე დღის წინ დოლიძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა. პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა მიაკითხა ცოლს, ვერიკო ქუმსიაშვილს. ისინი დაშორებული იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მამაკაცს იმედი ჰქონდა, რომ ცოლი შეურიგდებოდა. სწავლა დაიწყო, შვილებმა სახლიდან ნივთები წაიღეს და დედასთან, ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. როგორც ჩანს, ამან გააღიზიანა მამაკაცი და ამის შემდეგ გადაწყვიტა მისვლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მთვრალი იყო და ცოლთან შელაპარაკება მოუხდა. ქალიშვილის დაცვა თურმე მისმა დედამ, ირინა ქუმსიაშვილმა სცადა, რასაც ქადეიშვილისგან რამდენიმე გასროლა მოჰყვა - ტყვია ჯერ სიდედრს დაახალა, შემდეგ მეუღლე მოკლა და ბოლოს თვითმკვლელობა სცადა. გურამ ქადეიშვილი ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია. ის შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლად. სავარაუდოდ, დანაშაული კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა. ასეთივე დანაშაული გასულ კვირას ბოლნისში, გამთენიას მოხდა. 40 წლის იოანე კაზაიანმა შელაპარაკების შემდეგ დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტსაც მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ბავშვი მოჩხუბარი მამის გაშველებას ცდილობდა და ამ დროს დანა ფეხის არეში მოხვდა. მეზობლების თქმით, ოჯახი ახალციხიდან გადმოვიდა, 4 წელია ბოლნისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ქალი მაღაზიაში მუშაობდა, მამაკაცი ხელოსანი იყო. როგორც ამბობენ, ეკონომიკური პრობლემების გამო, ნაზი ამბარცუმიანს პოლონეთში სამუშაოდ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი კი უფლებას არ აძლევდა. სწორედ ეს გახდა ჩხუბის მიზეზი... როგორია ეჭვიანი მოძალადის ფსიქოლოგია, რატომ კლავენ ასე უმოწყალოდ შვილების თვალწინ ცოლებს, დეტალების გარკვევა "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ფსიქოლოგ ელენე­ სამუშიასთან ვცადეთ.

- ფემიციდი გენდერული ნიშნით ძალადობის უკიდურესი ფორმაა. სანამ ასეთი მძიმე შედეგი დადგება, მანამდე შეიძლება წლების განმავლობაში გრძელდებოდეს კომპლექსური ძალადობა. ეს არის უწყვეტი და ხანგრძლივი პროცესი ყველაზე მძიმე დასასრულით. რაც შეეხება მოძალადის მახასიათებელს, ცალსახად რაიმეს თქმა ძნელია. კვლევა უნდა არსებობდეს, რომელიც მიგვანიშნებს, რა რისკფაქტორებთან არის დაკავშირებული და რა კლინიკური ნიშნები აქვს მოძალადეს. უცხოეთში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ერთი ტიპის მოძალადე ნაკლებად არსებობს, თუმცა არსებობს მახასიათებლები. ყველაზე სერიოზული მახასიათებელია ეჭვიანობა, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, სხვადასხვა დიაგნოზი, ასევე სოციალური ფაქტორები. მაგალითად, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება. საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევებით, ვისაც აქვს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, რისკფაქტორად ითვლება.

- ბოლო ორ შემთხვევაში მოძალადემ მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. თვითონ რატომ იკლავენ მერე თავს?

- ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ მახასიათებლებს. მოძალადეებს დამოკიდებულება აქვთ მსხვერპლზე, ფიქრობენ, რომ მსხვერპლი მათი საკუთრებაა. ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქალისთვის სიტუაცია მაშინ ხდება, როცა ის გადაწყვეტს მოძალადისგან წამოვიდეს. მაგრამ ეს მოძალადისთვის წარმოუდგენელია, რადგან საკუთრების განცდა მისი იდენტობის ნაწილია, აქვს განცდა, რომ ამის შემდეგ ის არაფერს წარმოადგენს. შიში იმისა, რომ მსხვერპლმა შეიძლება მართლა საბოლოოდ მიატოვოს, ეს იწვევს უარყოფით ემოციებს, რისხვას, ბრაზს, წყენას და მიდის მძიმე შედეგამდე. ასეთ დროს სხვა ფაქტორებს, მაგალითად, შვილს, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, წამყვანია ის, რომ მას ტოვებენ. მოძალადე ვერ ეგუება დაკარგვას, არ აქვს ამ რეალობასთან შეგუების უნარი. რაც შეეხება მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობებს, ფემიციდის შემთხვევების დროს 20-დან 40 პროცენტამდე შეიძლება თვითმკვლელობით დასრულდეს, თანაც ხშირად ინციდენტის შემდეგ, ან შეიძლება ერთი კვირის შემდეგაც. შეიძლება დანაშაულის ჩადენის შემდეგ სინანულის განცდაც იყოს, თუმცა ამასაც ვერ ვიტყვით დაბეჯითებით.

- ასეთი მძიმე დანაშაულების დროს მოძალადეს ფსიქიკური პრობლემა, რაღაც დოზით მაინც, აქვს?

- ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ არის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, თუმცა შეიძლება ჰქონდეს რაღაც ისტორია. შეიძლება უფრო დეპრესიული ადამიანი იყოს ან სხვადასხვა ფსიქოზური დიაგნოზი ჰქონდეს.

- როცა მსხვერპლი მიდის, მოძალადე ფიქრობს, რომ მან სხვა მამაკაცი გაიჩინა?

- როცა ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორულ ძალადობაზე, ეჭვიანობაზე, ეს დაკავშირებულია ყველა სიტუაციასა და ფაქტორთან. მათთვის ეჭვიანობის მიზეზი ყველაფერი შეიძლება გახდეს, ეჭვიანობის უკან კი დგას საკუთრების განცდა და დაბალი თვითშეფასება. მსხვერპლის ნებისმიერი ქმედება შეიძლება მისთვის ეჭვიანობის მიზეზი გახდეს. ის მანამდე იზოლაციაში აქცევს მსხვერპლს და ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რომ მსხვერპლს სურს ურთიერთობის შეწყვეტა, რადგან შეუძლებელია ასე ცხოვრება. მოძალადეს კი ათასი მიზეზი აქვს მსხვერპლის საწინააღმდეგოდ. შეიძლება იფიქროს, რომ ის სხვასთან წავიდა. ისევ მსხვერპლის დადანაშაულებას ცდილობს.ყოფილ მეუღლეებს ხშირად რომ ხოცავენ მამაკაცები, მიანიშნებს იმას, რომ ძალადობა დაშორებით არ მთავრდება. მოძალადე ისევ საშიშია მსხვერპლისთვის, რადგან დაშორების მიუხედავად, ურთიერთობა დასრულებული არ არის. ის მაინც მის საკუთრებად მიიჩნევს მსხვერპლს, მისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, რომ მსხვერპლი მისგან წავიდა და შურისძიების, სამაგიეროს გადახდის სურვილი აქვს, რაც მისი ძალაუფლების დაკარგვით არის განპირობებული. ძალადობა გულისხმობს კონტროლს და ძალაუფლების მოპოვებას, საკუთარი ძალის ჩვენებას.

- მოძალადის გამოსწორება შესაძლებელია?

- უცხოეთში არის მოძალადეთა საკორექციო პროგრამები. პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოძალადის ფსიქოლოგიაზე და იყოს შედეგზე ორიენტირებული. ცვლილებებს იძლევა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ამის შემდეგ რამდენად არის რეციდივის განმეორების ალბათობა. კვლევები აჩვენებს, რომ იცვლება მათი ქცევები და დანაშაულის ჩადენის რისკის ალბათობა მცირდება, თუმცა არიან ისეთი ტიპები, რომლებზეც პროგრამა არ მუშაობს. რისკის შესამცირებლად აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრები, სპეციალური პროგრამები მოძალადეებისთვის. სახელმწიფომ უნდა დაავალდებულოს მოძალადე, გაიაროს პროგრამა. როგორც ვიცი, სასჯელაღსრულების უწყებასა და პრობაციაში არის ასეთი პროგრამები. ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს პროგრამა და როცა სასამართლო უწესებს მოძალადეს პროგრამის გავლას, ჩვენთან მოდიან. ვინც სასამართლო ორდერის საფუძველზე მოდის, ფსიქოლოგები მათთან ვმუშაობთ. საჭიროა პირის შეფასება, რათა გაირკვეს, რამდენად შეესაბამება ჩვენს პროგრამას.

ელისო ამირეჯიბი: არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი: - ასეთი დანაშაულები იმ ქვეყნებშიც ხდება, სადაც მაღალი დაცვის სისტემებია. ჩვენი დაცვის სისტემა ნაკლებად არის ორიენტირებული მოძალადესთან მუშაობაზე. არადა, ეს აუცილებელია, რათა მსგავსი დანაშაულები ავიცილოთ თავიდან. რაც ხდება, მიზეზი ის არის, რომ მამაკაცებთან მუშაობა არ მიმდინარეობს. თუ კაცი ხარ და ცოლს ვერ იმორჩილებ, არა ხარ წამყვანი ფიგურა ოჯახში, ეს დამაკნინებელია - სამწუხაროდ, ასეთი მიდგომებია. დღეს ქალები უფრო იცავენ თავიანთ უფლებებს, მუშაობენ, მეტად აქვთ შემოსავალი, ვიდრე მამაკაცებს. ქალების შრომით მიღებულ ფინანსურ რესურსს მამაკაცები ხშირად იყენებენ. მისაუბრია ასეთებთან და უთქვამთ, ფუნქცია დავკარგეო. ვეუბნები, შენც იმუშავე იმ ხელფასზე, რაზეც ქალები მუშაობენ-მეთქი, და ამაზე გპასუხობს, ოჯახს ამ ფულით ვერ შევინახავო. ერთბაშად დიდი ფული და თან ქალების გაკონტროლებაც სურთ. როცა ქალია ოჯახის გამწევი ძალა, ვერ ეგუებიან მამაკაცები და თუ ქალმა თქვა, ცალკე უნდა ვიცხოვროო, ამაზე ბრაზდებიან. ამბობენ, როგორ უნდა იცხოვროს ცალკე, თუ ვინმე სხვა მამაკაცი არა ჰყავსო, და იწყება ეჭვიანობა, აგრესია.

ძალიან ხშირად ფემიციდის მიზეზი ეჭვიანობაა. თუ არ მინდა ამ კაცთან ცხოვრება, ვშორდები და მივდივარ, არა მაქვს უფლება სხვა მეგობარი ვეძებო? მაგრამ ასეთი მამაკაცები ქალს აღიქვამენ როგორც საკუთრებას და თუ გაშორდა, ფიქრობენ, როგორ უნდა იცხოვროს მათ გარეშე. ესე იგი, აუცილებლად ვიღაცა ჰყავს. სწორედ ეს არის დაბალი თვითშეფასება. თვითონ ვერ ახერხებენ ისე ცხოვრებას, როგორც სურთ და დაშორების შემდეგ ისევ ქალს აბრალებენ ყველაფერს. ისინი რომ ფიქრობდნენ ქალზე ან იმ შვილებზე, რომელთა თვალწინაც ხდება ასეთი მძიმე დანაშაულები, მაშინ არ ჩაიდენდნენ მკვლელობას. სულ არ აინტერესებთ შვილი, მთავარია, რომ ხელიდან ეცლებათ საკუთრება.

ხშირად ვმსჯელობთ ამ თემებზე იმ ქალებთან, რომლებიც წლებია ემიგრაციაში არიან და ძალადობის, კონტროლის გარეშე ცხოვრების გემო გაიგეს. ურჩევნია იქ თავგადაკლულმა იშრომოს, ვიდრე აქ ჩამოვიდეს, იშრომოს კიდეც და მოძალადე ქმრის კონტროლში, ძალადობის მსხვერპლი იყოს.

- კანონი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეს არ აშინებს მოძალადეს. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- არ არის საკმარისი, რაც კეთდება. ვერ ვიტყვი მთავარიაო, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობაც დანაშაულის ერთ-ერთი ფაქტორია. აუცილებელია მოძალადეებისთვის ქცევის კორექციის პროგრამები, მხოლოდ მათი ციხეში ჩასმით არ მთავრდება ყველაფერი. პოლიციელების გადამზადებაც საშური საქმეა, რათა ასეთ შემთხვევებში იცოდნენ, რა გააკეთონ. სოციალური სამსახურიც ჭაობშია. წარმოუდგენლად დაბალი დონეა, ისედაც ძალიან ცოტანი არიან და ისინიც ძალიან დაბალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. სოციალური მუშაკი უნდა იყოს თვალდაჭყეტილი და ყურებდაცქვეტილი, როცა ბავშვს, ოჯახს ეხება საქმე, არადა, უნდა ეხვეწო რომ იმოქმედოს, მივიდეს პრობლემურ ოჯახში და შეისწავლოს ვითარება. ხანდახან ისეთ დასკვნას დაგიდებენ, გაოცებული რჩები. სახელმწიფომ იმაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ხშირად ბავშვები მოხუცი ბებია-ბაბუის ამარა არიან დარჩენილი, დედა ემიგრაციაში, მამას არ სცალია, ბავშვებს კი ზრუნვა სჭირდებათ.

ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. რა კანონმდებლობაც გვაქვს, რომ სრულდებოდეს, კარგი იქნებოდა. რასაკვირველია, კანონმდებლობის უფრო დახვეწაც საჭიროა.