"როცა ბაზგირეთში თურქული ნაწილიდან შევედით, ჩაილაპარაკა, ჩემი სამშობლოს ნიავოო და ცრემლები წამოუვიდა. თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა" - კვირის პალიტრა

"როცა ბაზგირეთში თურქული ნაწილიდან შევედით, ჩაილაპარაკა, ჩემი სამშობლოს ნიავოო და ცრემლები წამოუვიდა. თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა"

თბილისიდან ვალეს გავლით 8-საათიანი მგზავრობის შემდეგ კლდეებსა და სიმწვანეში ჩარგულ სოფლებში ზუსტად ისეთივე სუნი და ატმოსფეროა, როგორიც აქ, ჩვენთან, მაღალმთიან რეგიონებში. იშხანი, ოშკი, ბანა და კიდევ ათობით ძეგლი, რომლებიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა, ისტორიული ტაოს ნაწილია. თუმცა ამ ძეგლების გარდა, საზღვარმა ადამიანებს და მათ ისტორიებსაც ჩამოგვაშორა. თურქეთის ტერიტორიაზე რომ დღეს ეთნიკურად ბევრი ქართველი ცხოვრობს, ამაზე აღარ მოგიყვებით, მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც ხანგრძლივი განშორების მიუხედავად, ქართულ ენასა და ადათ-წესებს მაინც ინარჩუნებენ. სულ ახლახან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მაიკო მანჯგალაძის ხელმძღვანელობით ექსპედიციაში იყვნენ ისტორიული საქართველოს ნაწილში პროექტით "გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე". ექსპედიციაში ფოლკლორისტად მიწვეული იყო ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ეთერ თათარაიძე. ჩვენ საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით მას:

rus2-1696183854.jpg

- ჩემი და ამირანის (ეთერ თათარა­იძის მეუღლე ამირან არაბული. - რ.შ.) დიდი ხნის ოცნება იყო, როგორმე მოგვევლო ტაო-კლარჯეთი. სულ რაღაც გვიშლიდა ხელს. ისე მოხდა, რომ ამ ჩვენ დიდ გაჭირვებაში, როცა ამირანი უკვე სტამბოლში იყო ოპერაციაზე წასული, როცა ეს ამხელა ოპერაცია გადავიტანეთ და 9-საათიანი ლოდინის მერე მინდიამ დამირეკა და მითხრა, ყველაფერი კარგადაა, ამირანი კარგადააო, სწორედ იმ ღამეს დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაია მანჯგალაძემ, ტაო-კლარჯეთში მივდივართ ექსპედიციაში, როგორც ფოლკლორისტი გვჭირდები, იქნებ წამოხვიდე, 7 დღით მივდივართ, გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე უნდა გავიაროთო. მაშინვე ამირანს დაველაპარაკე და მითხრა, არაფრით არ გადადო, აუცილებლად წადიო... და წავედი ისე, თვალებს რომ დახუჭავ და არ იცი, სად მიდიხარ. არ ვიცი, როგორი წყალობა იყო უფლის, იქ ყოფნა. ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი დღეები ებმებოდა წინარეს. ეს იყო თან დაუსრულებელი ბედნიერება და თან ძალიან მძიმე ტკივილი. დიდ აღმართებზე ავდიოდით, მე ხომ პატარა აღარ ვარ, მაგრამ ისეთი ძალა მეძლეოდა, არ ვჩერდებოდით, რომ რაც შეიძლება მეტი ტაძარი და ძეგლი გვენახა.

rus3-1696183854.jpg

- პირველად რომელი ძეგლი ნახეთ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- ბანა რომ ვნახე, რა დამემართა ვერ ვიტყვი. დავბერდი ექსპედიციებში, ბალღობიდან დღემდე დავდივარ ჩვენებურებთან, სულ ვიწერ, ვინიშნავ რაღაცას და სულ ვხედავ საკვირველებებს, მაგრამ ბანამ დამამუნჯა. მუხლები მომეკვეთა, გავჩერდი. ისეთი აღმართია, სასწაულია. იქ სათვალე დავკარგე და ეს ნიშნავდა, რომ ვერაფერს გავაკეთებდი, კითხვასაც ვერ შევძლებდი. ამაზე ძალიან ვინერვიულე. ფანტასტიკური ექსკურსიამძღოლი გვყავდა, ჩვენი სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც წელს 22-ჯერ იყო ტაო-კლარჯეთში. მას მონუსხული ვუსმენდი. რომ დაამთავრა თხრობა, ამ დროს ბანას ნანგრევებიდან გამოდის მაიკო მანჯგალაძე, ღიმილით მოდის ჩემკენ და მეუბნება, ეთერო, ეთერო, ბანამ სათვალე გაჩუქაო, და სათვალეს მაჩვენებს. ვფიქრობდი, რა ეშველება ეთეროს უსათვალოდ-მეთქი, და ამ დროს მზემ ზუსტად იმ ადგილს დაარტყა ნანგრევებთან, სადაც ვიდექი. უცებ ქვევით რაღაც გაბრწყინდა და ახლოს რომ მივედი, ეს სათვალე იყო დაგდებულიო. ვიღაცას დარჩა. მას შემდეგ ამ სათვალეს განსაკუთრებით ვუფრთხილდები.

rus6-1696183855.jpg

- გზად როგორ გხვდებოდნენ?

- ყველგან დიდი პატივისცემით. არ ვამბობდით, რომ ექსპედიციაში ვიყავით, ყველას ვეუბნებოდით, რომ ქართველი ტურისტები ვიყავით. მაქსიმალურად სიფრთხილეს ვიჩენდით, მაგრამ გული რომ გეგლიჯება და გეუბნება, რომ ეს შენი იყო და ახლა შენი აღარ არის, ეს საშინელება. იცი, რომ შენმა წინაპრებმა ააგეს, აქ ილოცეს, ჩაკვდნენ და იქ ჩაიმარხნენ, ის მიწა გააბევრეს თავიანთი ძვალ-ხორცით, იმას რა ეშველება? იქ რომ შენი ხმები იდგა და ახლა რომ დაფანტულია, გუმბათები რომ მოგლეჯილი აქვს, კედლები რომ შუაზეა გაპობილი და რომ ვერაფერს შველი, ამაზე მეტი ტკივილი რა უნდა იყოს? მე ვერ ვეხსნები ამ განსაცდელს, 40-ზე მეტი ლექსი მაქვს უკვე მოჯღაბნილი, სულ იქ ვტრიალებ...

rus8-1696183855.jpg

- არ უვლიან იქაურობას?

- არა! თუ გადარჩენილია რომელიმე ჩვენი ტაძარი, შიგ მეჩეთია გახსნილი! იმათი ლოცვის მერე ჩვენ შევდიოდით. რასაც ვნახულობდით, ყველაფერს ვიწერდით და ვიღებდით. რამ გადაარჩინა ეს ტაძარი, როგორ არ დაინგრა. ოშკშიც მეჩეთია.

ხანძთა საცაა დაინგრევა. შიგ, სოფელში,­ თუკი სადმე ტაძარია, უკაცრიელია, მიტოვებული. ოპიზაში როცა ვიკითხეთ, ამხელა ნაგებობას პატრონი არ ჰყავს-მეთქი, გვიპასუხეს, ბოლოს მოხუცი კაცი პატრონობდა, მას ებარა გასაღებიო. შემდეგ ვიღაცები შევიდნენ, მაგრამ არ შეიძლებოდა, რადგან რესტავრაცია მიდიოდა და დაზიანდა ფრესკებიო. იმ ტერიტორიაზე ერთი იქაური ასაკოვანი მამაკაცი დაგვეხმარა, წარმომავლობით ქართველი, მაგრამ უკვე გათურქებული. თუმცა მე ვიტყოდი უფრო სულით ხორცამდე ქართველი და მან მოგვიყვა გასაოცარი ისტორია ოპიზაზე. თურმე რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქუჩა გაეყვანათ. ამისთვის ბულდოზერს ტაძრის ზედ შუაში უნდა გაევლო. მართლაც, ეს უზარმაზარი ტაძარი შუაზეა გაგლეჯილი ბულდოზერით. ბოლო გავლაზე ბულდოზერის მძღოლს უთქვამს, ერთს კიდევ კარგად გავიტან ამ ლოდებს და სულ გადავწმენდ ამ გზასო. თუმცა შუამდე არ იყო მისული, რომ გადაუბრუნდა ბულდოზერი და ქვეშ მოიყოლა ის კაცი. ისეთი ქვები წამოსულა ზევიდან, ცხედარიც კი ერ უპოვიათ იმ კაცის. აი, ეს გააკეთა ოპიზის ტაძარმა. შემდეგ იმ ჩვენმა მასპინძელმა შინ წაგვიყვანა, სადაც მისი ულამაზესი ცოლი შემოგვეგება. რითაც შეეძლოთ, გვიმასპინძლეს, გულით ცდილობდნენ ესიამოვნებინებინათ ჩვენთვის. მე კართან ვიდექი. მომიახლოვდა ის კაცი და მეუბნება, ახლა გაჩვენებთ ყველაზე ძვირფას რამეს, რაც გამაჩნიაო და გამოიტანა დედის ქალამნები, ქართულად ამოსხმული. მითხრა, ეს დამრჩა და ამაზე მეტად არაფერს არ ვუფრთხილდები, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასიაო. მე მსგავსი შედევრი არ მინახავს. სანამ ადამიანმა დედის კვალი იცის და დედის თუნდაც ქალამნები აქვს შენახული, ის როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, ან შენ დაავიწყდე და ეს თავისი ნატანჯი სამშობლო დაავიწყდეს.

rus5-1696183855.jpg

- იქაურმა თურქებმა თუ იციან, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი ჩვენი იყო?

- რა თქმა უნდა. იქ მარიობის ანუ მარიამობის დროს ჩავედით, მაგრამ დღეს იქ ნიშანწყალიც არ არის მარიამობისა დარჩენილი. მხოლოდ მოხუცებისგან ჩავიწერეთ, როგორ სრულდებოდა, რა იყო და რით გამოირჩეოდა ეს დღესასწაული მათთან. დღეს იქ მხოლოდ მარიობის ფესტივალი იმართება. მთის წვერს, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ბაზგირეთის საზგირალი ჰქვია. გარშემო სულ ქართული დასახლებებია, ყველა სოფლიდან მოდიან და ლხინი იმართება, ცეკვავენ უძველეს ფერხულებს. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ბავშვები, მოხუცები ყველა ფერხულშია ჩართული.სწორედ ამ ხალხს აქვს ყველაზე მეტად შენარჩუნებული სულში ქართველობა. ახსოვთ თავიანთი ფოლკლორი, ტექსტებიც კი შემონახული აქვთ. საუბრობენ დედ-მამაზე, პაპასა და ბებოზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქალის კულტი, ქალის გამძლეობა ისეთ მკაცრ პირობებში, როგორიც იქ არის. ყველა გიყვება ნენეზე ან ბებოზე. მაგრამ თურქული გავლენა ძალიან იგრძნობა, მათი ასიმილირება მიდის. მთიან სოფლებში სამუშაო არ არის და მიდიან დიდ ქალაქებში. იქ დიდ ქარხნებში მუშაობენ, ბევრს წვალობენ, რომ აქ ოჯახები შეინახონ. ავტობუსების სადგომზე გველოდა­ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც იცოდა, რომ აქედან ტაოში ჯგუფი მიდიოდა. ის ბიჭი სტამბოლის ერთ დიდ ქარხანაში მუშაობს. როცა ჩვენს ავტობუსში ამოვიდა, ძალიან დაღლილი, ღამენათევი იყო. ისე მოხდა, რომ ჩემ გვერდით დაჯდა და დავადექით ბაზგირეთის გზას. არაჩვეულებრივი ქართულით გვესაუბრებოდა, ამბებს იგონებდა. ყველა სულგანაბული ვუსმენდით. როცა ბაზგირეთში თურქული ნაწილიდან შევედით, ის საზღვარი გავიარეთ, სახე შეეცვალა, ფრთხილად გასწია ფანჯრის მინა, ხელი გადაყო და ჩაილაპარაკა, ჩემი სამშობლოს ნიავოო და ცრემლები წამოუვიდა. თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. ის ტაო-კლარჯეთია მისთვის სამშობლო, იქ, სადაც მუშაობს და ცხოვრობს, სამშობლოდ არ თვლის. ვკითხე, რატომ ხარ სტამბოლში, აგრე რომ გიყვარს აქაურობა, იქ რა გინდა-მეთქი. აქეთ სამუშაო არ არის, სოფლებში ძალიან გაჭირდა ცხოვრებაო. ვკითხე, ცოლ-შვილი არა გყავს-მეთქი? ერთი გამომხედა და თავი ჩაღუნა. მე არ მოვეშვი, ვინმეს ხომ არ გამოექეცი-მეთქი? გამომხედა, გაეცინა და მიპასუხა, გათხოვდაო! ხანდახან მოვდივარ, რომ შორიდან დავინახოო.

rus4-1696183854.jpg

- თავისუფლად ამბობენ, რომ ქართველები არიან?

- ვერა, მაგრამ თუ გაიხსნებიან შენთან, იმხელა სიყვარული, იმხელა სითბო მოდის მათგან, ვერ გადმოგცემთ. მათთან იმხელა სამუშაოა. მთელი საქართველო რომ ჩავიდეს, დღედაღამ ესაუბროს, ბოლომდე ვერ ამოწურავ მასალას. ნუთუ არ შეიძლება, როცა ასეთი მეგობრული ურთიერთობაა ორივე მხარეს შორის, ნებადართული იყოს თავისუფლად მუშაობა. იქნებ დადგეს დრო და იქაურობა ყველა ქართველმა თავისუფლად ნახოს? ნებისმიერი ტაძარი პატარა ალავერდია, სვეტიცხოველი... ერთი განახათ, როგორი ფრესკების ფრაგმენტებია, დანარჩენი ნარეცხი და გაუბედურებულია. იმიტომ ანგრევდნენ, რომ ოქროს ეძებდნენო. ეს რომ გავიგე, ჭკუიდან კინაღამ გადავედი. იქ ყოფნა ისეთი მტკივნეული იყო, გინდოდა გეღრიალა. აქ გრძნობ, რომ იღვიძებს შენი სისხლი და გეუბნება, რომ ეს შენია. ჩვენ კი რაებს დავდევთ? რაებს ვგლეჯთ ერთმანეთს? ჩვენ რა გვეშველება? არავის არ ზრდი და არ ასწავლი, რომ შენ რომ მოკვდები, აი, იმას უნდა მიხედოს. ის კეთილმოლაპარაკება იქნება თუ რაღაც, ამის მოვლა შეგეძლოს მაინც. ის შენი ისტორიაა, შენი კულტურა. იქ შენი ფესვი და ძირია.

მესხურ-ჯავახური ტერასებია კლდეებში გაკეთებული. ნეტა რით ირჩენდნენ იქ თავს?! ეგეთი მთები არსად მინახავს. ედემის ბაღი გეგონება თუშეთი, მაგრამ ის სულ სხვა რამეა, სხვა სასწაული.

ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ვჯიჯგნით და ვჯიჯგნით ერთმანეთს. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, წასულია ჩვენი საქმე. ჩვენს მტრებს მშვენიერი დრო უდგათ. ამათ არ ედარდებათ. ალბათ, იქაურობის მნიშვნელობაც არ იციან.

რუსუდან შაიშმელაშვილი