კადრებად ამეტყველებული სიძულვილის ენა - კვირის პალიტრა

კადრებად ამეტყველებული სიძულვილის ენა

ჩვენ ის თაობები ვართ, რომელთაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გადაიტანეს და ისიც არ იციან, კიდევ რა აქვთ გადასატანი. მაშინ, როდესაც მსოფლიო ვითარდება, ჩვენში მხოლოდ სიძულვილი განვითარდა, მის ნიადაგზე კი დაპირისპირება, ნგრევა, ომები, ტერიტორიების დაკარგვა, ფასეული ღირებულებების განადგურება, სიღატაკე - ამ ყველაფრის შედეგით კი ქვეყნის დაცლა. პროფესიონალმა და ცნობილმა ფოტოგრაფმა სერგო ედიშერაშვილმა, რომელსაც შეეძლო ეს "სიზიფეს ლოდი" დაეგდო და სხვა ქვეყანაში წასულიყო, მაინც სამშობლოში დარჩენა, გაძლება და ამ ყველაფრის ფოტოებით აღწერა ამჯობინა. მისი ბევრი ფოტო გაცილებით უკეთ ლაპარაკობს იმის შესახებ, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ვიდრე სიტყვები. თუმცა დასკვნის გამოტანა გვიჭირს, იმავეს ვაგრძელებთ. ბატონ სერგოს სწორედ ამის შესახებ ვესაუბრე - ათეული წლების განმავლობაში მის ფოტოებზე აღბეჭდილ სიძულვილსა და დაპირისპირებაზე, რაც გრძელდება და არავინ იცის, სად წაგვიყვანს, თუ შედეგებზე არ ვიფიქრეთ.

foto2-1696184555.jpg

- მგონი, სწორედ დღევანდელ საქართველოზე აქვს ნათქვამი გალაკტიონს "გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო, შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და მსხვრევა მომესმა". არაერთ თაობას დაუმსხვრია ცხოვრება სიძულვილმა და დაპირისპირებამ, რისი მატიანეც თქვენი ფოტოებია.

- არამარტო ფოტოები, თავადაც მატიანე ვარ. პროფესია მავალდებულებდა აღმებეჭდა ჩვენი სულიერი კატაკლიზმები და ტრაგედიები. ეს არ არის მარტივი მომენტი. უბედურება ხდება? ესე იგი, ფოტოგრაფმაც ისეთი კადრები უნდა გადაიღოს, რომელიც თავად უბედურების სიმბოლოა. შოკი იყო ჩვენში სიძულვილის ენის ამეტყველებაც: ჯერ იყო უზარმაზარი ეროვნული აღტყინება ასე ნანატრი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც მოპოვებისთანავე ზუსტად იმავე ძალის დაპირისპირებაში გადაიზარდა და ამ ტალღამ უცებ იფეთქა, ყველაფერს გადაუარა და გაანადგურა როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. უფრო ძლიერ განცდას იმ ადამიანების ცქერა იწვევდა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობდა, ერთმანეთს გადაემტერნენ. ბუნებით ვარ ისეთი, არავის მტრობა არ შემიძლია, მხარეების ცქერა "გვერდიდან" მიწევდა (და მიწევს), მაგრამ ამ სიტუაციას საფრთხეც ახლდა. ამიტომ ფოტოებს ფარულად ვიღებდი. ბიძგიც კმაროდა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. ყველას გვახსოვს, როგორ მოგვიკლეს ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე: შეამჩნიეს, რომ იღებდა და ამის გამო ისევ ქართველებმა დახვრიტეს.

სიძულვილის ენას ყველანაირი უბედურების დატრიალება შეუძლია. ამიტომ საყურებლადაც იმაზე საშინელი არაფერია, კაცი რომ კაცს გადაეკიდება და გაავებული ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სიძულვილი, როდესაც გუშინდელი სათაყვანო, ერთგული მეგობარი შესაძლოა რამდენიმე სიტყვამ წუთებში აქციოს მოსისხლე მტრად და ისე დაგაპირისპიროს, რომ ეს დაპირისპირება გამოუსწორებლად დამთავრდეს. იმიტომაც მეშინია, როდესაც საზოგადოების ამჟამინდელ დაპირისპირებას შევყურებ. რა გახდა, რომ აღარ ვამთავრებთ, რომ ჭკუა ვერ ვისწავლეთ.

foto3-1696184555.jpg

- მგონი, მაინც ვისწავლეთ: ბევრი ამბობს, რაც პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობით მოგვივიდა, როდესაც ურთიერთდაპირისპირება სამოქალაქო ომად იქცა, აღარ უნდა განმეორდეს. ამ ქრონიკის აღქმა, სხვათა შორის, ფოტოებზეც ძალზე ემოციურია, მით უფრო, როდესაც უკვე გარდაცვლილების სახეებს ხედავ.

- იმიტომ, რომ სიძულვილის, მით უფროს ძმათა ომის გამო სინდისის ქენჯნისაგან გათავისუფლება შეუძლებელია. ან კი როგორ უნდა გათავისუფლდე?! სხვათა შორის, იმდროინდელი სტრესი ბევრმა ვერც გადაიტანა. ვინც თითქოს გადაიტანა, მათ შორის ბევრს სინდისი ქენჯნის. მე გია ჭანტურიას კორპუსში ვცხოვრობდი, ვიცნობ მის მეგობრებსა და თანამოაზრეებს. მათ შორის არაერთი მეუბნება დიდი სინანულით, რა გვინდოდა, რას ვერჩოდით ან ჩვენს თავს, ან გიას, ხელს რომ ვუწყობდით და არ შევაჩერეთ, რომ შეგვეჩერებინა, დღესაც ცოცხალი იქნებოდა და აღარც ჩვენც არ გვედებოდა სინანულის ამხელა ტვირთიო.- თქვენ იმ დროს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან მუშაობდით.

foto4-1696184555.jpg

- დიახ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე­ ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობდი. არასოდეს უთქვამს, დაპირისპირებას დაპირისპირებითა და ძალით უნდა ვუპასუხოთო. პირიქით, ამბობდა, აუცილებლად შევრიგდებითო. ომის დაწყებიდან სამი დღით ადრე შევხვდი და ისევ შერიგებაზე ლაპარაკობდა. რაც მოხდა, მისი გარემოცვის დამსახურება იყო, რომელმაც ხელი შეუწყო სისხლის ღვრის დაწყებას.

მე ედუარდ შევარდნაძესთანაც ვმუშაობდი, როდესაც უკვე ერთიანად კრიმინალიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ის სხვანაირად ცდილობდა დაპირისპირების შეწყვეტას, მიზანმიმართულად, უემოციოდ იშორებდა კრიმინალებს. ჭადრაკის დაფაზე რომ სვლებს გაითვლი, ისე ჰქონდა გათვლილი ეს პროცესი. თუმცა სიძულვილის აურა, რომელიც გრიგალივით მოგვდევდა, ვერც მის დროს მოისპო, ვერც შემდგომი ხელისუფლებისას და ახლაც გრძელდება.

- დასანანია, რომ სიძულვილის ენით ლაპარაკში ქალები მამაკაცებს სჯობნიან...

- ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროიდან... წინა პერიოდებში დაპირისპირების სადავეები სწორედ ქალების ხელში იყო. ქალი იმდენად ძლიერია, თუ მოინდომა, ყველაფერს შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენმა ქალებმა, სამწუხაროდ, ცუდად მოინდომეს. უფრო სწორად განსაზღვრულმა ძალამ ორგანიზებულად დარაზმა დაპირისპირების და სიძულვილის გაღრმავებისაკენ. ეს მომენტი რომ არა, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი მიტინგებიც აღარ იქნებოდა, სადაც ქალები ხან ერთი ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ, ხან მეორის.

foto5-1696184555.jpg

- რუსთაველზე კარვებში ქალები თვეობით ცხოვრობდნენ. ბევრს უკვირდა, როგორ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას ქარსა თუ ავდარში.

- რა თქმა უნდა, ნამდვილ პატრიოტიზმსაც გამოჰყავს ქუჩაში ხალხი, თუმცა­ ქალები, რომლებიც მიტინგებზე ხელისუფლების ძალით გადაყენებას მოითხოვდნენ და თვეობით კარვებში ცხოვრობდნენ, პატრიოტიზმს არ გამოუყვანია. ასეთი აქტიურობა უბრალოდ მათი სამსახური­ იყო, ხელფასს იღებდნენ. შევარდნაძის გადადგომის შემდეგაც კრწანისში შევარდნაძის რეზიდენციასთანაც ზუსტად ასე მიდიოდნენ ქალები და ყვიროდნენ და ყვირილში ხელფასს იღებდნენ. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ყოველ პარასკევს. არც ერთი ხელფასი არ ღირს იმ ფასად, რომ სიძულვილი დათესო.

foto6-1696184555.jpg

ქალი ძლიერია, მით უფრო, თუ ძალაუფლება აქვს, ნამდვილად შეუძლია პროცესების მართვა. თუნდაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რა გავლენა მოახდინა მან თავად პრეზიდენტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...

მოკლედ, სიძულვილის ენას ძალზე ღრმა ფესვები აღმოაჩნდა, იმდენად ღრმა, რომ ემიგრაციასაც მოედო. ამასთან, ამოქმედდა უკუპროცესიც - საზოგადოება დაიღალა სიძულვილით და ბევრი სათოფეზე აღარ ეკარება იმ მედიასაშუალებებს თუ მიტინგებს, სადაც ეს ენა გაისმის. პირადად მე ორმაგი განცდა მაქვს - ერთი მხრივ, ძალიან მეშინია, რომ სიძულვილმა ისევ ის მძიმე პროცესები არ დააბრუნოს, მეორე მხრივ, იმის იმედი მაქვს, რომ სიძულვილმა ხალხი დაღალა და მას ნელ-ნელა და საბოლოოდ განუდგება.

ეთერ ერაძე