რას ნიშნავს სანოტარო მედიაცია და რა ვალდებულებები აქვს ნოტარიუსს - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს სანოტარო მედიაცია და რა ვალდებულებები აქვს ნოტარიუსს

"კვირის პალიტრის" მკითხველების კითხვებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა უპასუხებს:

- მაქვს დავა მეზობელთან მიწის გამო. ახლობელმა მირჩია, სასამართლოს ნაცვლად ნოტარიუსს მივმართო და სანოტარო მედიაციის გზით ავიცილო სასამართლოში ჩივილი, რადგან სასამართლო პროცესი შეიძლება წლები გაგრძელდეს. იქნებ განმიმარტოთ, რას ნიშნავს სანოტარო მედიაცია?

- სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. ასეთ დროს დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით. ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. ასეთ დროს მოდავე მხარეები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, შეთანხმებას აღწევენ. მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ. თუ მეორე მხარე მოდის შეთანხმებაზე, ასეთ დროს მედიატორ მოსამართლესთან დავის­ მოგვარება უფრო სწრაფად ხდება და მოგიწევთ მხოლოდ სანოტარო მოქმედების საზღაურის გადახდა, თანხა კი განისაზღვრება მხარეებსა და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად. მედიატორი ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში; კონფიდენციალურია დეტალებიც და ნოტარიუსს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციისას გახდა ცნობილი; მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება და მედიატორმა მორიგებასთან ერთად შეიძლება შეარიგოს კიდეც მოდავე­ მხარეები. თუ მოხერხდება მორიგება­ მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, მაშინ ნოტარიუსი დავის მოგვარების შემდგომ შეადგენს მორიგების აქტს და დაამოწმებს სანოტარო წესით. სწორედ ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული თითოეული მხარის მოვალეობანი. სასამართლოში თუ შეიტანთ სარჩელს, სამოქალაქო დავის გადასაწყვეტად უფრო დიდი დრო დაგჭირდებათ. ამიტომ თუ ხართ დარწმუ­ნებული, რომ მეორე მხარე წამოვა მოლაპარაკებაზე, სანოტარო მედიაცია კარგი გამოსავალია.

- ვის მივმართო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის?

- უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამ შემთხვევაში ელექტრონულ განცხადებას იქვე შეავსებს საბუთების მიმღები ოპერატორი. თქვენ კი დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი; სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდასაც იქვე შეძლებთ. 4 სამუშაო დღეს თუ დაელოდებით, მაშინ რეგისტრაცია უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით უნდა წარმოადგინოთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

- სად შემიძლია გადავამოწმო, არის თუ არა ანდერძი გაუქმებული ან შეცვლილი?

- სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია იმ ნოტარიუსთან, რომელთანაც დამოწმებულია კონკრეტული ანდერძი. თუ ანდერძის დამმოწმებელი ნოტარიუსი აღარ ასრულებს მოვალეობას, მაშინ უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლებს.

- მაქვს თუ არა უფლება, სანოტარო არქივიდან მივიღო ის დოკუმენტი, რომელიც არ არის ჩემს სახელზე შედგენილი?

- უფლება გაქვთ ნოტარიუსის ან ნოტარიუსთა პალატის არქივიდან მიიღოთ მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც თქვენი მონაწილეობით ან თქვენს სახელზეა შედგენილი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ სანოტარო წესით დამოწმებულ დავალების ხელშეკრულებას (მინდობილობას, რწმუნებულებას) შესაბამისი უფლებამოსილების მითითებით, შესაძლებელია, მიიღოთ თქვენთვის საინტერესო დოკუმენტი. სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

- ვალდებულია თუ არა ნოტარიუსი, მიიღოს უცხო სახელმწიფოში შედგენილი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი?

- საქართველოში ნოტარიუსთან წარსადგენი უცხო სახელმწიფოში სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით, ნამდვილობის დამადასტურებელი სპეციალური შტამპით დამოწმებული და შევსებული იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელ ქვეყანაშიც დოკუმენტი დამოწმდა. თუ თქვენ საქართველოში დაამოწმეთ დოკუმენტი და ის გესაჭიროებათ სხვა სახელმწიფოში წარსადგენად, დოკუმენტი აუცილებლად აპოსტილით უნდა დაამოწმოთ და ისე წარადგინოთ იმ ქვეყნის შესაბამის სამსახურში, სადაც გჭირდებათ მისი წარდგენა.

- გამომიწერეს ადმინისტრაციული სამარ­თალდარღვევის ოქმი, თუ დაკისრებული­ ჯარიმა არ გადავიხადე კანონით დადგენილ ვადაში, როგორ მოხდება იძულებითი აღსრულების დაწყება, ჩემს ქონებას შეეხებიან?

- იწერება სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ჯარიმები, ეს შეიძლება იყოს შპს "სითი პარკის" ჯარიმა, საპატრულო პოლიციის ჯარიმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჯარიმა, ანდა შეიძლება დაგაჯარიმონ სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის, ან დაგაჯარიმოთ გარემოს დაცვის ინსპექციამ. ხშირად უწერენ ასევე მოქალაქეებს ჯარიმებს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ავტობუსში მგზავ­რობის საფასურის გადაუხდელობის გამო, ან შეიძლება დაგაჯარიმოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სხვა კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დაგაჯარიმებთ, თუ დაჯარიმდით, უნდა გახსოვდეთ, რომ ჯარიმა უნდა გადაიხადოთ დადგენილ ვადებში. თუ არ გადაიხდით, მაშინ შეიძლება­ დაგეკისროთ დამატებით საურავებიც და შემდეგ დადგენილების გამომტანი ორგანო სააღსრულებო ფურცელს გადაგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით... აქვე განგიმარტავთ, იმ შემ­თხვევაში, თუ ამ ჯარიმას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოში. თუ არ გაასაჩივრეთ და გადაუხდელობის გამო საქმე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს, საქმე დაეწერება აღმასრულებელს. ის დაგიკავშირდებათ და მოგცემთ დროს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად. საქმის რეგისტრაციისთანავე მოხდება თქვენი რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში და მაინც თუ არ გადაიხდით დაკისრებულ ჯარიმას, ეს გამოიწვევს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას, დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონებისა და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლების შეზღუდვას. პარალელურად, აღმასრულებელი დაიწყებს თქვენი ქონების მოძიებას, აღწერასა და მასზე ყადაღის დადებას. კერძოდ, მიმართავს შს სამინისტროს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით. აღმასრულებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში თქვენც ხართ ვალდებული წარმოადგინოთ ქონებრივი ნუსხა. აღსრულება შესაძლოა ასევე მიექცეს თქვენს საცხოვრებელ მისამართზე არსებულ მოძრავ ქონებაზე. თუ შვიდი დღის ვადაში თქვენზე დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი დაიწყებს დამატებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა: თქვენს საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოჭრა, თქვენი კუთვნილი ავტომანქანების ძებნა-დაკავებაზე გადაცემა, თქვენს საცხოვრებელ მისამართზე მოსვლა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების მიზნით და ამ ქონების აუქციონზე რეალიზაცია. აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული იძულებითი ღონისძიებები. იძულებით აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა, თუ ასეთი იქნება, გიბრუნდებათ თქვენ. აქვე გეტყვით, როცა აღმასრულებელი დაგიკავშირდებათ, შესაძლებელია მოლაპარაკება ჯარიმის გადანაწილებაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია 12 თვემდე ვადით მოახდინოს თქვენი ვალდებულების შესრულების განაწილება სახელმწიფო ბიუჯეტის­ სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე. აღნიშნული მოთხოვნით მოვალემ წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

- მეუღლესთან ვაპირებ დაშორებას, გვყავს მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების დროს გვაქვს შეძენილი ბინა, რომელიც დატვირთულია იპოთეკით და იხდის ჩემი მეუღლე. მეუღლე არის ჯარისკაცი. მაქვს თუ არა უფლება მოვთხოვო ბინიდანაც წილი, ასეთ დროს ალიმენტისთვის სასამართლოს უნდა მივმართო და რა თანხა დაეკისრება ყოველთვიურად?

- თუ თქვენ იყავით რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინებაში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა, მაგრამ ასევე გაიყოფა არსებული დავალიანებაც და ამ დავალიანების ნახევრის დაფარვა თქვენ მოგიწევთ. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, უფლება გაქვთ დააკისროთ ბავშვის მამას ალიმენტი, ამისთვის უნდა მიმართოთ სასამართლოს და ალიმენტი მოითხოვოთ. კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული თანხა. ალიმენტის საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ინდივიდუალურად განსაზღვრავს,\ რა რაოდენობის თანხა დააკისროს მხარეს. ბავშვის საჭიროებიდან და მშობლის შემოსავლიდან გამომდინარე ხდება ალიმენტის დაკისრება, თუმცა ეს თანხა არ უნდა იყოს დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები.