"რატომღაც თეთრხალათიანთან ყველას დიდი გული აქვს..."
"დასტაქარი" - ასე უწოდებდნენ ძველად ქირურგებს და მათ დიდ პატივს სცემდნენ. არქეოლოგებს საქართველოს არაერთ კუთხეში უპოვიათ ინსტრუმენტები, რომელსაც ძველად ქირურგიული ჩარევისთვის იყენებდნენ. აღმოჩენილია ნამკურნალევი ძვლები და თავის ქალები, რომლებსაც ტრეპანაციის შემდგომი შეხორცებები ეტყობა. მოკლედ, ეს პროფესია ჩვენს სამშობლოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი.
როგორ ცხოვრობენ XXI საუკუნის დასტაქრები და რატომ ირჩევენ ამ ურთულეს პროფესიას? - ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ელგანდაშვილი:
- ქირურგია სარისკო და საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ თან ბევრი სიხარულიც ახლავს: ოპერაციის დროს ისეთი ადრენალინი გამოიყოფა და ისე სასიამოვნოდ იღლები, რომ ამ განცდას სიტყვით ვერც გადმოსცემ. ოპერაციის დროს შეიძლება ისე გავიდეს 7-8 საათი, რომ ქირურგმა დაღლა ვერც იგრძნოს. თუ ახალბედა ექიმს ეს საქმე არ სიამოვნებს, ნერვიულობს და ოპერაციის შემდეგ მხოლოდ უარყოფითი განცდა რჩება, დიდხანს ვერ გაძლებს, ამიტომ ძალიან ბევრი დამწყები ექიმი ანებებს თავს ქირურგიას. თუ არ შეგიძლია აიტანო ოპერაციასთან დაკავშირებული სტრესი, ღამის თევა და ხშირი მორიგეობა, აჯობებს სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი.
- ამბობენ, რომ პირველ ოპერაციაზე ბევრ ქირურგს გული მისდის.
- ეს ფსიქოლოგიური მომენტია და უფრო ხშირად სტუდენტებს ან ახალგაზრდა ექიმებს ემართებათ. ოპერაციის დროს გული მეც წამსვლია და ეს სამარცხვინო სულაც არ არის. ამის მიზეზი სტრესი და ემოციური მდგომარეობაა, თუმცა ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს ამას ნახშირორჟანგიც ემატება: მუცელს ნახშირორჟანგით ვბერავთ და თუ ვენტილაცია სათანადოდ არ მუშაობს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა ახალბედა ხარ, შეცდომებიც მოგდის: მაგალითად, მე ოპერაციაზე პირველად რომ შევედი, აპარატს, რომლითაც საოპერაციოს ანათებენ, თავი მივარტყი. ჩემი უფროსი კოლეგები მაჯავრებდნენ, არ ინერვიულო, ვინც მაგას თავი მიარტყა, ყველა პროფესორი გახდაო, - აი, ასე უცნაურად "მოვინათლე" ქირურგად.
- ყველაზე დაუვიწყარი შემთხვევა თუ გახსენდებათ პრაქტიკიდან?
- ექიმის დიპლომი 2003 წელს მომცეს, თუმცა მანამდეც ხშირად ვესწრებოდი ოპერაციებს და ძალიან ბევრი სახალისო ამბავი მახსენდება. წლების წინ პირველ საავადმყოფოში ვმუშაობდი, სადაც სხვადასხვა ოპერაცია ერთად კეთდებოდა: გულ-მკერდის ქირურგია, ზოგადი ქირურგია, პროქტოლოგია. გარეთ პაციენტების ახლობლები იდგნენ, ამიტომ რკინის კარს ვკეტავდით, რომ უცხო პირები არ შემოსულიყვნენ. ერთხელ, სანამ ოპერაციაზე შევიდოდი, დავინახე, რომ გარეთ 20-30-მდე კაცი დგას, მაგრამ ვინ რომელ პაციენტს გულშემატკივრობს, რას გაარჩევ. ლაპარასკოპიას ვაკეთებდით, ნაღვლის ბუშტში დიდი ქვა დაგვხვდა და ძალიან გავწვალდით. 20-წუთიანი ოპერაცია 2 საათს გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა - ნაღვლის ბუშტიდან 4-5-სანტიმეტრიანი ქვა ამოვიღეთ. ასეთი ტრადიცია გვქონდა: ქვებს პაციენტის ახლობლებს ვაჩვენებდით. ზოგს სამახსოვროდ სახლშიც მიჰქონდა...
- როგორია ქვები, რომლებიც ნაღვლის ბუშტში გიპოვიათ?
- ყველა სხვადასხვა ფორმის და ფერისაა: მათი შეფერილობა მოთეთროდან მუქამდე იცვლება. ყველაზე დიდი ქვა კი, რომელიც ოპერაციის დროს ამომიღია, 7-8 სანტიმეტრის სიგრძისა იყო. ქვები სახუმარო საქმე არ არის, რადგან ნაღვლის ბუშტის გადაგვარებას იწვევს. მართალია, ზოგიერთ პაციენტს ჩივილები არა აქვს, მაგრამ მაინც ჯობია, დაავადებული ორგანო, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მოიშოროს. დაზიანებული, გადაგვარებული ორგანო შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს... მოკლედ, დავამთავრეთ ოპერაცია და ჩემმა ხელმძღვანელმა მერაბ კილაძემ მითხრა, ის ხალხი მარტო ქვით ვერ მიხვდება, რა რთული მდგომარეობა ჰქონდა, მოდი, ნაღვლის ბუშტი მათ თვალწინ გავჭრათო. მართლაც, გავედით და ყველა შემოგვეხვია. ნაღვლის ბუშტი სპეციალურ სინჯარაზე დავდეთ, ვჭრით და თან ვსაყვედურობთ, მდგომარეობა აქამდე როგორ მიიყვანეთ-მეთქი. ვაკვირდები და ვხედავ, რომ ხალხს თვალები კინაღამ შუბლზე აუვიდა, გვკითხეს ნაღვლის ბუშტი როდის ასტკივდაო. მერაბ კილაძემ იქით შეუტია, რას ჰქვია, როდის ასტკივდა, ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდაო. ვიღაცამ შებედა, ბატონო ვახტანგ, მართლა არ აწუხებდა ნაღვლის ბუშტიო. თურმე იქვე ვახტანგ ქაცარავა ფილტვის ურთულეს ოპერაციას აკეთებს და ეს ხალხი მას ელოდება. ამ დროს გამოვედით ჩვენ "ჩვენი" ნაღვლის ბუშტით და პაციენტის ნათესავები კინაღამ გავაგიჟეთ... კიდევ ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო: ახალი წლის ღამეს მივიღეთ პაციენტი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. საოპერაციოდან ოფლში გაწურული გამოვედით. პაციენტი რომ გამოფხიზლდა, გვთხოვა, დამარეკვინეთო... ცოტა ხანში ყუთით მოგვიტანეს ინდაური, გოჭი, ტკბილეული - მოკლედ, ყველაფერი. იმ ახალ წელს კლინიკაში შევხვდი, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება.
- ამბობენ, უშეცდომო ექიმი არ არსებობსო, თქვენც ეთანხმებით?
- უშეცდომო ექიმი კი არა, ადამიანიც არ არსებობს, მაგრამ ჩვენს საქმეში პაციენტის განწყობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელზეც თავის დროზე ძალიან ვინერვიულე: მაშინ ჯერ კიდევ ასისტენტი ვიყავი. ჩემი მორიგეობის დღეს კაბინეტში შემოვიდა 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც ჭარბი წონა ჰქონდა. შემოგვჩივლა, საზარდულის თიაქარი მაქვსო. ეს დაავადება ქალებში იშვიათია და მისი დიაგნოსტიკაც რთულია, მით უმეტეს, მაშინ ტექნიკა ასე განვითარებული არ იყო. ქალი გვიმტკიცებდა, მარჯვენა მხარე მტკივაო, ჩვენც დიაგნოზი დავუსვით და ოპერაციაც დავნიშნეთ. უშუქობის დრო იყო და ადგილობრივი ანესთეზია აირჩია. მაშინ ოპერაციებს ადგილობრივი ანესთეზიით და ზოგადი გაუტკივარებითაც ვაკეთებდით. ამ დროს ქირურგს საშუალება აქვს პაციენტს ესაუბროს, იმ ქალსაც ხან რას ვეკითხებოდით, ხან რას. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს შემოვლაზე პაციენტმა გამოგვიცხადა, მარჯვენა კი არა, მარცხენა მტკივაო. მთელი ოპერაციის დროს გველაპარაკებოდი და გეთქვათ, რომელ მხარეს გტკიოდაო, უსაყვედურა ექიმმა. ბოდიში, ექიმო, მეგონა მარჯვნიდან მარცხნივ გამჭრიდითო, მოგვიბოდიშა. რა უნდა გვექნა? - მეორე დღეს მარცხენა მხარეს გავუკეთეთ ოპერაცია და დიდი შეღავათიც გავუწიეთ - მეორე ოპერაციის ფული აღარ გამოვართვით. ეს შემთხვევა არასდროს დამავიწყდება: ალბათ, რცხვენოდა, რომ ვსინჯავდით, თუ კარგად ვერ ჩამოაყალიბა, რა აწუხებდა, დღემდე არ ვიცი. ასე რომ, პაციენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
- ზოგჯერ მთელი სანათესავო გარეთ დგას და ოპერაციის პასუხს ელოდება, ასეთ დროს კამათი ხშირად ხდება?
- უფრო პანდემიამდე ხდებოდა. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: კოვიდის შემდეგ ყველა შეეჩვია, რომ ასე არ შეიძლება. ადრე, სანამ კლინიკებს დაცვა გაუჩნდებოდა და კარი არ იკეტებოდა, პაციენტის ნათესავების მოვარდნა და მტვრევა-მსხვრევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სანთლის შუქზე ჩატარებული ოპერაციებიც მახსოვს. წინა თაობის ექიმებისგან ვიცი, რომ თბილისში სამოქალაქო ომის დროს კლინიკებში შეიარაღებული ხალხის მივარდნაც არ იყო იშვიათობა. რატომღაც თეთრხალათიანთან ყველას დიდი გული აქვს, კარგია, რომ დღეს კლინიკებს დაცვა ჰყავს და პატრულის გამოძახებაც ვისწავლეთ. უდიდესი სტიმული და ძალაა პაციენტის მადლიერება! ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს პატივისცემის გამოხატვას: ზოგი ოჯახში გვპატიჟებს და გვიმასპინძლდება, ზოგი ცდილობს თავისი განცდები სიტყვებით გამოთქვას... მოკლედ, ჩვენს საქმეში ცუდიც ბევრი გამახსოვრდება და კარგიც, ალბათ, ამაშია მისი ხიბლი, მუღამი და საიდუმლო, თუ რატომ ავირჩიეთ ასეთი მძიმე გზა.
ხათუნა ჩიგოგიძე