„11-კილოგრამიანი ლოქო ხელში რომ ავიყვანე, ისე გაფართხალდა, კუდით სილა გამაწნა“
რამდენიმე დღის წინ 33 წლის ერეკლე ბერაძემ რიონში 11-კილოგრამიანი ლოქო დაიჭირა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. სწორედ ამ ფოტოთი მიიპყრო ყურადღება. ერეკლე დღეს "კვირის პალიტრის" რესპონდენტია:
- იმერელი კაცი ვარ, სამტრედიელი. ბაბუაჩემი და მამაჩემი სულ თევზაობდნენ და მეც ბავშვობიდანვე შემიყვარდა ეს საქმე. ჩემთვის თევზაობა სპორტი, გართობა და განტვირთვაა - ამ დროს მოწყვეტილი ხარ სამყაროს.
- რა მოსწონთ ამ თევზაობაში, საათობით უნდა იდგე ერთ ადგილას და ხმა არ უნდა ამოიღო, რომ თევზი არ დააფრთხოო.
- გააჩნია, როგორი მონტაჟით თევზაობ, როგორ მდინარეზე, რომელ თევზზე. არის თევზები, რომელთაც შეიძლება საათობით ელოდო, მაგალითად, ლოქოს, მაგრამ პარალელურად შეგიძლია სხვა თევზიც დაიჭირო. ლოქოს დასაჭერად გადააგდებ 4-5 ანკესს და საათობით ელოდები, არ სჭირდება ანკესის ხშირი ამოღება-ჩაგდება, ამასობაში პატარა თევზის, მაგალითად, რიონის წვერას, ან სხვა წვრილი თევზების დაჭერით ერთობი და აზარტი გემატება. ამას გარდა, სათევზაოდ მეგობრებთან ერთად დავდივარ, თან პატარა საგზალიც მიგვაქვს, ცოტა დასალევი და მშვენივრად ვატარებთ დროს ბუნებაში.
- ოღონდ ყველაფერი მოგუდულად, თევზი რომ არ დააფრთხოთ?...
- იქ ცეკვა-სიმღერას ხომ არ დაიწყებ. ზიხარ, ჭიქას უჭახუნებ. მომხდარა, უცებ ჭიქა გაგვიგდია და გავცვენილვართ თევზის ამოსაყვანად. თუ დიდი თევზი მოაქვს, ყველა ჩართულია, ზოგი გგულშემატკივრობს, ზოგი ფოტოს გიღებს, ზოგი ამოყვანაში გეხმარება, არის ხალისი, გართობა, კურიოზები... ზოგს ამოყვანილი თევზი გაურბის... მაგალითად, კურიოზი იყო ამ 11-კილოგრამიანის ამოყვანა. რომ ამოვათრიე ნაპირზე და ხელში ავიყვანე, ისე გაფართხალდა, კუდით სილა გამაწნა. ვინც მიყურებდა, სიცილით იგუდებოდა. საზღვარგარეთ დაიჭერენ თევზს და ისევ უშვებენ... პატარა თევზებს ჩვენც ვუშვებთ ხოლმე, მაგალითად, პატარა ლოქო ჩვენც ხშირად დაგვიბრუნებია ბუნებისთვის, მაგრამ დიდი ლოქოს დაჭერას იმხელა რესურსი და დრო სჭირდება, ვერ დავაბრუნებდით... მიგვაქვს შინ, დავილოცებით, მოვილხენთ...
- ამ 11-კილოგრამიანი ლოქოს ამბავი მომიყევით. სად და როგორ დაიჭირეთ?
- შეიძლება წლები იარო და არ გაგიმართლოს, შეიძლება პირველივე გასვლაზე გამარჯვებული დაბრუნდე. იმ დღესაც ღამის თევით ვიყავით, თან ანკესები გვქონდა ჩაყრილი ლოქოს დასაჭერად, თან წვერაზე ვთევზაობდით. გამთენიისას, სადღაც 6 საათისთვის, შევატყვეთ, რომ კაუჭს დიდი თევზი მოედო და დავიწყეთ ამოყვანა. დიდი წინააღმდეგობების შემდეგ, როგორც იქნა, ამოვიყვანეთ. მართალი გითხრათ, არ გვეგონა, ამხელა თუ იქნებოდა, მაგრამ სასწორი 10 კილოგრამს რომ გადასცდა, გადავირიეთ სიხარულით. ხანდახან გამოგაქვს ანკესი და გრძნობ, რომ რაღაც მოჰყვება მძიმედ. ე, ბიჭო, დიდია, მომეშველეთო, ყვირი, ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ტოტი ან ბალახი ამოგაქვს წყლიდან. ახლა რომ დავიძახე, დიდია-მეთქი, ერთობლივად ამოვიყვანეთ და ფოტოებიც გადავიღეთ... მეტწილად რიონზე ან ცხენისწყალზე ვთევზაობ. ეს ლოქო რიონზე დავიჭირე.
- რით დაიჭირეთ, რა სატყუარა წამოაგეთ ანკესზე?
- წურბლით დავიჭირე. რამდენიმეს აგებ ანკესზე, ის მოძრაობს, არ ჩერდება და თევზს სწორედ ამით იტყუებს. წურბელა შეგიძლია თვითონ მოიპოვო ან სათევზაო მაღაზიებშიც იყიდება. იქ მატლებსა და ჭიებსაც ყიდიან.
- ეს 11-კილოგრამიანი ლოქო თქვენი რეკორდი იყო?
- არა, მაგაზე დიდებიც დამიჭერია, 15-კილოგრამიანი, ცოტა ადრე 28-კილოგრამიანიც დავიჭირეთ რიონში. რიონში 50-60-კილოგრამიანი ლოქოებიც დაუჭერიათ. ახლა შეიძლება 5 წელი გავიდეს და ვეღარაფერი დაიჭირო. თევზაობაში გამართლება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: წნევაზე, წყლის ტემპერატურაზე, ამინდზე...
- ყველაზე საამაყო რომელი თევზის დაჭერაა?
- გააჩნია სად ითევზავებ. მაგალითად, წელს 3,4-კილოგრამიანი ქარიყლაპია დავიჭირე, მანამდე ამხელა ქარიყლაპია არასდროს დამიჭერია. ერთხელ მამაჩემმა დაიჭირა, რომ ავწონეთ, 9 კილოგრამამდე გამოვიდა. ქარიყლაპიას სუფთა წყალი უყვარს, უფრო აბაშის წყალზე ვიჭერთ. ლოქოც მტაცებელია, ქარიყლაპიაც... მე ყოველთვის ანკესით ვთევზაობ, იშვიათად - სასროლი ბადითაც. ბადით უფრო სუფრის თევზს დაიჭერ.
- ყველაზე ძნელი დასაჭერი რომელია?
- დიდი წონის წვერა ძნელი დასაჭერია. ერთხელ ჩემმა ძმამ და მისმა მეგობარმა 11 კილოგრამამდე წვერა დაიჭირეს, მათ შორის ყველაზე დიდი 2 კილოგრამამდე იქნებოდა. მეორე დღეს მამაჩემი და მისი მეგობარი წავიდნენ ზუსტად იმავე ადგილზე და ერთი ცალიც არ მოეგო, ყველა წვრილი იყო, 4 კილოგრამამდე მოიტანეს. თევზი იმით იკვებება, რაც მდინარეშია და შენც თუ იმას გამოიყენებ სატყუარად, მეტი შანსია დაჭერის, ვიდრე, ვთქვათ, სიმინდი რომ წამოაგო. თუმცა სიმინდზე კობრი მოდის...
33 წლის ვარ, ძველი ფეხბურთელი. სპორტი, თევზაობა, ნადირობა - ეს სამი რამ განსაკუთრებით მიყვარს.