როგორ გადაურჩნენ წრომის ტყეში შეშის მოსაჭრელად შესული მეგობრები გამძვინვარებულ დათვს
ხაშურის რაიონ სოფელ წრომში 38 წლის ლადო ჩუტკერაშვილს თავს დათვი დაესხა, როდესაც მეგობართან ერთად შეშის მოსაჭრელად იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, ლადო გადარჩა, თუმცა დიდი სტრესი მიიღო, ამბობს, ჩემს სიცოცხლეში ტყეში ფეხს აღარ შევადგამო. "კვირის პალიტრა" დაზარალებულის ოჯახს დაუკავშირდა:
დავით ჩუტკერაშვილი, ლადო ჩუტკერაშვილის შვილი: - წრომიდან 4 კილომეტრზე შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასული მამაჩემი, ჩემი ნათლია, და თანასოფლელი გიორგი მურჯიკნელი. ტყეში მანქანა გაუფუჭდათ. ნათლიაჩემი მანქანის შესაკეთებლად დარჩა, მამაჩემსა და გიორგის კი უთქვამთ, აქ წვრილი შეშაა და სანამ შენ მანქანას აკეთებ, იქნებ უკეთესი ადგილი ვნახოთო, და გზა ფეხით გაუგრძელებიათ. თურმე ხეები ახლოსვე შეურჩევიათ. იქვე განიერი ბუჩქი ყოფილა, რომელსაც, როგორც ჩანს, დათვი ეფარებოდა და უცებ წამომართულა ღრიალით. მამა იხსენებდა, ნახევარი მეტრით მაინც მაღალი იქნებოდა ჩვენზეო. ჯერ ტორი მოუქნევია და ორივე წაუქცევია, მერე მამას მუხლში ეცა თურმე. როგორც ძაღლმა იცის, კბილებს რომ ჩაგასობს და თავს აქეთ-იქით იქნევს, თურმე დათვიც ისევე იქცევა. რამდენჯერმე ასე გააჯანჯღარ-გამოაჯანჯღარა. გიორგის უმარჯვია და ხის ნაფოტი დათვისთვის თავზე გადაუმტვრევია. დათვს მხოლოდ ამის შემდეგ გაუგდია პირიდან მამაჩემის ფეხი. როგორც მამა ჰყვება, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ჩვენ შორის 30 სანტიმეტრი იქნებოდაო. ამათ უფიქრიათ, უეჭველად შეგვჭამს, ვეღარ გავუსხლტებითო, ერთმანეთს ჩახუტებიან და ღრიალებდნენ თურმე. საბედნიეროდ, დათვი უკან გაბრუნებულა, ერთხელ შეჩერებულა და უკან მოუხედავს. გიორგი ჯერ მამას გათრევას აპირებდა, მერე გადაუფიქრებია, მივხვდი, რომ გავნძრეულიყავი, ისევ ჩვენკენ იზამდა პირს, ამიტომ გავშეშდიო. რამდენიმე წამში დათვი გასცლია იქაურობას.
ნათლიაჩემს თურმე დათვის ხმა არ გაუგონია, ბიჭების ღრიალზე გამოქცეულა, ალბათ, ხერხი გადაისვა რომელიმემ ფეხზეო, უფიქრია, ისე განწირულად ღრიალებდნენ თურმე. მათ ღრიალში დათვის ხმა სულ არ გაუგონია. გიორგიმ გადაარჩინა მამა.
- ახლა როგორია მათი მდგომარეობა?
- მამას მუხლში მყესები აქვს გაწყვეტილი და ძვალი დამტვრეული. თაბაშირი ადევს. ცოფზე აცრებიც ჩაუტარდა. ექიმები გვპირდებიან, კარგად იქნებაო. ფიზიკურად გადარჩნენ, თუმცა ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობენ თავს, პირველ დღეებში ორივეს დათვი ესიზმრებოდა.
- იმ ტერიტორიაზე დათვები თუ იყო შემჩნეული?
- წინაღამით წრომის შემოსასვლელში უნახავთ ბიჭებს დედა დათვი და 2 ბელი, ვიდეოც გადაუღიათ. ამბობენ, წელს დათვიც ბევრია და ტახიცო.
ლადო ჩუტკერაშვილს საავადმყოფოში დავუკავშირდით: - მადლობა მოკითხვისთვის. ფეხი მოტეხილი მაქვს, მყესები გაწყვეტილი. ველოდებით, ცოფის საფრთხე რომ აღმოიფხვრას და ჭრილობაში ინფექცია არ შემეჭრას. შეშას ვეძებდით და ზედ ბუჩქს მივადექით, რომელსაც თურმე დათვი ეფარებოდა, უცებ წამოხტა. ვერაფრის გაფიქრება ვერ მოვასწარი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, არ შეგვჭამოს-მეთქი. გიორგიმ არ მიმატოვა, მან გამომათრია ტყიდან. წინადღითაც იმ ადგილას ვიყავით და არაფერი შეგვიმჩნევია. ეს რა იყო... ჩვენც ვყვიროდით, დათვიც ღრიალებდა. ტყეში რაღა წამიყვანს, ჩემს სიცოცხლეში ფეხს არასოდეს აღარ შევადგამ.