„ამერიკა, როგორც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე, მსოფლიოს ფერადკანიანმა ქალებმაც გააცნეს“
ლეგენდარული შოუ "ვერსალის ბრძოლა" 1973 წელს გაიმართა, ხოლო 50 წლის შემდეგ კომპანია Coffee Bluff Pictures-ის ორგანიზებით პარიზში გაიმართა ღონისძიება "ვერსალი 73", სადაც მონაწილეობდნენ ჰალსტონის ფონდი და ემანუელ უნგაროს მოდის სახლი. 1973 წელს სწორედ ამ ისტორიული თარიღის შემდეგ მოინიშნა მოდის მსოფლიო რუკაზე ამერიკა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი მოასპარეზე მოდის სამყაროში. ამერიკელმა რეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა დებორა რაილი დრაპერმა 2015 წელს "ვერსალის ბრძოლას" დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მოდის ისტორიის სახელმძღვანელოა. დებორა ცნობილია როგორც ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების მემატიანე. როგორ მოხვდა ამერიკელი რეჟისორის ფილმში ამერიკის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი და რამდენად რთულია მუშაობა მიკ ჯაგერთან, ამ კითხვებს თავად დებორა რაილი დრაპერი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" უპასუხებს:
- უპირველესად ფილმზე Versailles ‘73: American Runway Revolution მინდა გკითხოთ, რადგან ეს ფილმი, ალბათ, ყველა იმ ადამიანმა უნდა ნახოს, ვინც მოდის ისტორიით არის დაინტერესებული.
- გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ამერიკა, როგორც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე, მსოფლიოს ფერადკანიანმა ქალებმაც გააცნეს - მათაც მიუძღვით ამაში დიდი წვლილი. 1973 წელს 5 ფრანგ დიზაინერს 5 ამერიკელი დიზაინერი დაუპირისპირდა მოდის ლეგენდარულ შოუში "ვერსალის ბრძოლა". იმ დღეს ჩვენებაში ფერადკანიანი მოდელებიც მონაწილეობდნენ.M მინდოდა ეს ამბავი ყველას გაეგო, ყველას სცოდნოდა. აქედან დაიბადა ფილმზე მუშაობის იდეა.
- რა აღმოაჩინეთ ამ ფილმზე მუშაობისას ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?
- ღონისძიების ორგანიზებაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის საფრანგეთის მაშინდელი პირველი ლედი და ჟაკლინ კენედის და ლი რაძივილი. ის უშუალოდ ღონისძიების დაგეგმვაში იყო ჩართული. ალბათ, ეს ფაქტი ნათელს ფენს, თუ რამდენად იყო დაკავშირებული მოდის სფერო პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან. ახლა ცნობილი დიზაინერი დონა კარანი მაშინ დიზაინერ ანე კლეინის ასისტენტი იყო, ხოლო დიზაინერი სტივენ ბაროუ კოლეჯში სწავლისას ერთ ოთახში ცხოვრობდა ცნობილ რეჟისორ ჯოელ შუმახერთან ერთად და მისი ფილმებისთვის ქმნიდა კოსტიუმებს. ჩემი, როგორც რეჟისორის სათქმელი ერთია - მინდოდა საზოგადოებისთვის მეთქვა, რომ კრეატიულობა ჩვენი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომ საუკეთესო ამბები ხდება, როდესაც ხარ გახსნილი და მზად ცვლილებებისთვის. მადლიერი ვარ, რომ ისტორიული მოვლენა აღვბეჭდე ფირზე, რომელიც აფროამერიკელი ადამიანების შრომას ასახავს. ამაზე უკეთესი სცენარი არ არსებობს სადებიუტო ფილმისთვის. Versailles ‘73: American Runway Revolution ჩემი პირველი ფილმი იყო.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ ფილმზე Twenty Pearls. ფილმში მონაწილეობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.
- ეს არის ფილმი მსოფლიოს ქალებისთვის. 1908 წელს 9 ფერადკანიანმა ქალმა შექმნა ფერადკანიან ქალთა გაერთიანება Alpha Kappa Sorority და დაიწყეს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის, თავიანთი უფლებებისთვის. ეს ქალები დამონებული აფროამერიკელების შთამომავლები იყვნენ, მათ ამერიკულ პატრიარქატს გამოუცხადეს ბრძოლა და ამით შექმნეს პრეცედენტი, გააძლიერეს როგორც ერთმანეთი, ასევე მათ მსგავს ყოფაში მყოფი ქალები. ამაზეა ფილმი, ჩვენს გაძლიერებაზე, იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ უზადოდ.
- როგორც ვიცი, კამალა ჰარისიც იყო ქალთა გაერთიანება Alpha Kappa Sorority-ის წევრი.
- კამალა ჰარისი საოცარი ადამიანია, საოცარი იუმორის გრძნობით. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. თბილი, მომხიბლავი ქალია, შესანიშნავად იცის ამერიკის ისტორია. მასთან ურთიერთობისას გაგიჩნდებათ განცდა, რომ წლებია იცნობთ.
- ინტერვიუს ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ ფილმზე, რომელზეც ახლა მუშაობთ, მომღერალ ჯეიმზ ბრაუნის შესახებ. ფილმის პროდიუსერი მიკ ჯაგერია.
- ფილმის 4 ეპიზოდში ჯეიმზ ბრაუნი წარმოჩენილია როგორც კაცი და როგორც მოვლენა მუსიკის სამყაროში. ის მეოცე საუკუნის უდიდესი მომღერალია. მიკ ჯაგერი გენიალური პროდიუსერი, მომღერალი და ამბების საუკეთესო მთხრობელია. ყველას ვუსურვებდი ისეთივე ძლევამოსილი ვარსკვლავური ქარიზმა ჰქონდეს კარიერაში, როგორიც მიკ ჯაგერს აქვს.