ორი შვილი - კვირის პალიტრა

ორი შვილი

ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, თავისი სიხარულით და დარდით მრავალ წელს ითვლის, ხოლო მისი მთავარი გმირი, ქალბატონი ელენე, 8 წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. მსგავსი ამბები ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ როგორც ყოველი წიგნი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მოგვითხრობს, თან რომ ჰგავს და არც ჰგავს ერთმანეთს, ისეა ამ ქალის ამბავიც.

ელენემ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო სკოლაში მუშაობა. იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, მათემატიკოსი თამაზი. დაქორწინების შემდეგ თამაზმა სკოლას მალევე დაანება თავი და უმაღლეს სასწავლებელში გადაინაცვლა, ელენეს ძალიან უყვარდა ბავშვები და ამბობდა, მაღალი ხელფასი რომც შემომთავაზონ, სკოლას ვერ ვუღალატებო. მოსწავლეების სიყვარული მას შემდეგ უფრო გაუძლიერდა, რაც შეუღლებიდან დიდი დრო გავიდა, წყვილს კი შვილი არ უჩნდებოდა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ყოველი ცდა ფუჭი იყო. ცხრაწლიანი მოლოდინის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი აეყვანათ.

მარტო გაჩენა ხომ არაა, მთავარი ბავშვის გაზრდა, მასზე ზრუნვა და სიყვარულის გაცემააო, ამბობდა ელენე. მათი ნათესავი ქალი მუშაობდა ერთ-ერთ სამშობიაროში, მალევე გამოჩნდა დედისგან უარყოფილი ჩვილი და უცებ მოუგვარა დანატრებულ მშობლებს ყველანაირი საბუთი. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ელენეს და თამაზის ბედნიერება. თითქოს მანამდე არც უცხოვრიათ, ნინუცას გამოჩენით მათი ბინის კუთხე-კუნჭულიც კი განათდა.

მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,­ როცა ნინუცას გამოჩენიდან ხუთ წელიწადში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ელენე დედა გახდა - ოჯახს მეორე გოგონა,­ მარი შეემატა. ელენემ სკოლას თავი დაანება, სანამ მარტო ნინუცა ჰყავდა, თავს ართმევდა სამსახურს და საოჯახო საქმეებს, დედაც ეხმარებოდა ნინუცას გაზრდაში, ორ შვილს კი უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდებოდა. თამაზს კარგი სამსახური ჰქონდა, ასე რომ, მისი შემოსავალი ოჯახს ჰყოფნიდა.

გავიდა წლები. გოგონები გაიზარდნენ. ნინუცამ იურისტობა გადაწყვიტა, მარის კი პატარაობიდანვე მსახიობობა უნდოდა. მშობლები მათი განათლებისთვის არაფერს იშურებდნენ, მართალია, მარის გადაწყვეტილება არ ხიბლავდათ, მაგრამ რადგან პატარაობიდანვე განებივრებული ჰყავდათ და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ, ამჯერადაც არ დაუშალეს. საოცარი ის იყო, რომ გარეგნობითაც და ხასიათითაც ნინუცა უფრო ჰგავდა დედ-მამას, ვიდრე ბიოლოგიური შვილი. ელენე და თამაზი ბუნებით წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები იყვნენ, მათი მარი კი ქარბორბალასავით გოგო იყო, ცოტა თავქარიანი, ცოტა კაპასი და თავხედი. მშობლებმა, იმის შიშით, ვინმე გულბოროტმა არ ჩააწვეთოს, რომ ნაშვილები გვყავს ნინუცაო, გადაწყვიტეს, თავად ეთქვათ სიმართლე გოგონასთვის. ნინუცა პირველ კურსზე იყო, როცა გაუმხილეს: იმედი აღარ გვქონდა, რომ ბავშვი გაგვიჩნდებოდა და გიშვილეთო. ნინუცამ მშვიდად მიიღო ეს ამბავი,­ უფრო დაუტკბა მშობლებს, უფრო მეტად დააფასა ისინი. მარი გაკვირვებას ვერ მალავდა, მშობლებსაც და დასაც ეუბნებოდა, მე რთულად გადავხარშავდი ამ ამბავს, მით უმეტეს, ასე გვიან გამხელილს, თან აუცილებლად მოვძებნიდი ბიოლოგიურ მშობლებს (უფრო დედას!) და თვალებში ჩავხედავდი, მოვთხოვდი ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემასო. ნინუცამ დას კატეგორიულად უთხრა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, რომ მას ჰყავდა გადასარევი მშობლები და არანაირი სურვილი არ ჰქონდა ბიოლოგიური დედა მოეძებნა...

გავიდა ხანი და ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრების მერე ოჯახის თავზე შავი ღრუბელი შეიყარა. უნივერსიტეტში ლექციაზე ყოფნისას თამაზი მოულოდნელად ცუდად შეიქნა და სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, გარდაიცვალა - თრომბმა უცებ შეიწირა მისი სიცოცხლე.

ელენე: "თამაზი რომ გარდაიცვალა, მაშინ ნინუცა მაგისტრატურის გაგრძელებას აპირებდა, მარი კი თეატრალურზე სწავლობდა. ორმოცი დღე გასულიც არ იყო, მარიმ გამომიცხადა, ორსულად ვარო. აღმოჩნდა, რომ ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთ რეჟისორს, მასზე 17 წლით უფროსს და მისგან ელოდებოდა ბავშვს. ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ რა მექნა? ისინი შეუღლდნენ, ბავშვიც გაჩნდა, მაგრამ თითქოს ბავშვის დაბადებას ელოდებოდნენ, 3 თვეში გაშორდნენ. სამწუხაროდ, ასე ხდება ცხოვრებაში, მარადიული არაფერია, ბედნიერებას უბედურება ცვლის და თუკი ბედნიერი პერიოდი მოკლე გვეჩვენება, უბედურებას დასასრული არ უჩანს ხოლმე. ნინუცამ მაგისტრატურაზე ჩააბარა და რამდენიმე დღის შემდეგ ავტოავარიაში მოყვა. მანქანაში ოთხნი ისხდნენ. საჭესთან მყოფი და მის უკან მჯდომი დაიღუპნენ, ჩემი შვილი და მისი მეგობარი გოგონა კი გადარჩნენ. ნინუცა რეანიმაციაში­ დიდხანს ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამი თვის მერე გამოვიდა კრიზისიდან და ამის შემდგომ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო. სჭირდებოდა მასაჟები, ძვირად ღირებული წამლები. ჩემი მწირი ხელფასით ვერაფერს გავწვდებოდი. მარის შემოსავალი არ ჰქონდა, არც ქმარყოფილი ეხმარებოდა. მას იქით სჭირდებოდა ჩემი თანადგომა. იძულებული გავხდი, ჩვენი სამოთახიანი ბინა უფრო მცირე ფართობზე გადამეცვალა და მორჩენილი თანხით შვილებს დავხმარებოდი".

რეაბილიტაციამ და მკურნალობამ ნაყოფი გამოიღო, ნინუცა ფეხზე დადგა, მარიმ კი ამ ხნის განმავლობაში მეორედ გათხოვება მოასწრო. მისი პატარა ელენესა და ნინუცასთან იყო. ზოგჯერ სამი-ოთხი დღე ისე გავიდოდა, რომ ბავშვს არ ნახულობდა - ხან რას იმიზეზებდა, ხან რას. ელენე და ნინუცა განიცდიდნენ მის ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვივნენ აზრს, რომ პატარა თათია მათი გასაზრდელი იყო...

ელენე: "ცოტა ხანში მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჩემი უახლოესი მეგობარი იტალიაში იყო და თავისთან მიხმობდა, გიშოვი სამსახურს და რამდენიმე წელი იმუშავე, სანამ ნინუცა კარიერას ააწყობსო. მარის არც ახსენებდა, რადგან იცოდა, მისი იმედი არ მქონდა. ნინუცა კარგა ხანს უარობდა, ცოტაც მოითმინე, მალე დავასრულებ მაგისტრატურას და კარგ სამსახურს ვიშოვიო, მაგრამ მასაც ხომ სჭირდებოდა­ ფული?! თათიას ძიძად იყო გადაქცეული და როდისღა უნდა მიეხედა თავისი კარიერისთვის ან პირადულისთვის? დავპირდი, მაქსიმუმ სამ წელიწადს გავჩერდები და როგორც კი რაღაც თანხას თავს მოვუყრი, ჩამოვალ-მეთქი. მოკლედ, წავედი. მეგობარმა მართლაც დამახვედრა სამსახური. საყველპურო იტალიური ვიცოდი და მეტი არც მჭირდებოდა ჯერჯერობით.U უნდა მომევლო ლოგინად ჩავარდნილი 87 წლის მოხუცისთვის. მევალებოდა ფაფებისა და წვნიანების, ნემსების გაკეთება და ბინის დალაგება".

საქართველოდან ცოტა მსუბუქად უყურებენ უცხოეთში ქართველების ცხოვრებას. ჰგონიათ, იქ გაცილებით იოლია ფულის შოვნა, არადა, ვისაც არ გამოუცდია ემიგრანტის ბედი, ვერასოდეს მიხვდება, რაოდენ ეკლებიან გზას გადის თითოეული მათგანი უცხოეთის ცის ქვეშ. ელენესაც გაუჭირდა. დღე ცრემლით მთავრდებოდა და ცრემლითვე იწყებოდა. მისთვის ერთადერთი სხივი ის იყო, როცა შვილებს ფულს უგზავნიდა. ეს სიხარულის წუთი გახლდათ, რადგან იცოდა, ფულს შვილები ყაირათიანად ხარჯავდნენ: საკვებში, კომუნალურ გადასახადებში და სრულფასოვანი განათლების მიღებაში. როცა ნინუცამ დედას ახარა, რომ მუშაობა დაიწყო, თათიასთვის ძიძა აიყვანა, მარი კი ერთ-ერთ თეატრში მიიღეს და როლებიც მისცეს, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დასრულდა ჩემი ემიგრაციაო, გადაწყვიტა და შინ დასაბრუნებლად ფულის შეგროვებას შეუდგა. არ დასცალდა - ნერვიულობამ, უძილობამ და მძიმე შრომამ თავისი ქნა და ქალი ინსულტით იტალიის წითელი ჯვრის საავადმყოფოში მოხვდა. ნინუცას გულმა ვერ გაუძლო და დედას ჩააკითხა...

ელენე: "სანამ ცოცხალი ვარ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი უფროსი შვილის დაფეთებული სახე. მისი დანახვა ჩემთვის მეორედ დაბადება იყო, თავსხმა წვიმის მერე მზის გამონათება, მწყურვალისთვის წყაროს წყლის დალევა... ვერ ვჩერდებოდი, ცრემლები თავისით მდიოდა. კიდევ კარგი, გადავრჩი, თორემ გოგოები გაგიჟდებოდნენ-მეთქი, ვფიქრობდი. ჩემს შვილებს ვჭირდებოდი და ამ გრძნობამ მალე დამაყენა ფეხზე. იქიდან ერთად დავბრუნდით. შვილიშვილი თავიდან არ მეკარებოდა, ნინუცაზე იყო მიკედლებული. მერე ისევ შემეჩვია და როცა ვეუბნებოდი, ჩემი კუდი ხარ-მეთქი, გულიანად იცინოდა. მარიმ ვერა და ვერ ააწყო ვერც კარიერა, ვერც პირადი ცხოვრება. მეორე ქმარსაც გაშორდა. ალბათ, ამ დაუწყობელი ცხოვრების გამო უფრო ანჩხლი გახდა, იოლად ღიზიანდებოდა, ჩვენთან ყოფნა არ უყვარდა, ორ მეგობართან ერთად ბინა იქირავა... ჩემი დიდი და გაუნელებელი დარდი მარი იყო. რაც შეეხება ნინუცას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მალე წარმატებული იურისტი გახდებოდა. მუშაობდა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში და კარგი ხელფასიც ჰქონდა. მე მარტო პენსიას ვიღებდი. ფაქტობრივად, ნინუცა იყო ჩვენი პატრონი. გადავწყვიტე, ბავშვები მომემზადებინა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მალე გამომიჩნდნენ კიდეც მოწაფეები, მაგრამ ჩემს უმცროს ქალიშვილს ჩემი ახალი საქმიანობა არ მიაჩნდა შემოსავლიანად, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა: ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, რად გინდა ეს მასწავლებლობანა? 64 წლის ქალები ევროპაში ველოსიპედით დაქრიან, ტრენაჟორებზე დადიან, თხოვდებიან და კარიერას იწყობენ. აქ ჭირს ცხოვრება, თორემ უცხოეთში რა პრობლემაა, მით უმეტეს, უკვე ადაპტირებული ხარ და ასეთი კარგი მეგობარი გყავს იტალიაში, ჯობს, ცოტა ხანს ისევ წახვიდე და წამაშველო ხელი. რამდენიმე მსახიობს გვინდა სტუდიის გახსნა მინი-სერიალების გადასაღებად, ამისთვის კი ფულია საჭიროო... გული გამიჩერდა. ყურებს არ ვუჯერებდი. კიდევ გავამეორებინე, არც შერცხვა, სიტყვასიტყვით გამიმეორა. აღარაფერი მითქვამს.Hჰაერი არ მყოფნიდა, სახლში ვეღარ გავჩერდებოდი, გარეთ გავედი და…გვიანობამდე ვიარე ქუჩებში. ნაშვილებმა გოგომ ყველაფერი გააკეთა, რომ ემიგრაციიდან ჩამოვეყვანე, ჩემმა გაჩენილმა, ჩემმა სისხლმა და ხორცმა კი ისევ ემიგრაციისთვის გამიმეტა. ცრემლები მახრჩობდა.…მობილურიც არ მქონდა წამოღებული, რომ არ დაერეკათ. იმ წუთებში არავის ხმის გაგონება არ მინდოდა. ბოლოს ისევ ნინუცა და თათია შემეცოდნენ და ღამის თერთმეტი ხდებოდა, როცა შინ დავბრუნდი. მარი არ დამიხვდა, ნინუცა კი გაგიჟებული იყო, სად აღარ დაერეკა, ნათესავებთან, ჩემს მეგობრებთან, ნაცნობებთან, საავადმყოფოებში... ტირილს ვერ იკავებდა, მეგონა, ისევ ინსულტი დაგემართაო. მისთვის არაფერი მითქვამს, ორი კვირის შემდეგ ისევ შევეხმიანე ჩემს მეგობარს იტალიაში და არ უთქვამს უარი, მოგიძებნი სამუშაოსო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ნინუცა როგორმე დამეთანხმებინა იტალიაში ერთი წლით წასვლაზე".

ელენეს შეპირებული ერთი წელი სამ წლამდე გაიწელა. მარის გადმოუგზავნა იმდენი თანხა, რაც სჭირდებოდა. ახლა ორი კვირით იყო ჩამოსული და რამდენიმე დღეში კვლავ მიდის იტალიაში... ვატყობ, ის ტკივილი, რაც ბიოლოგიური შვილისგან მიიღო, არ განელებია...