მოსალოდნელია თუ არა საწვავის რადიკალური გაძვირება - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია თუ არა საწვავის რადიკალური გაძვირება

რუსეთში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა, ამ ფონზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ით არის გაზრდილი. ამჟამად Bრენტ-ის მარკის ფასი 94 დოლარს აღწევს, ჭთI-ს ფასი კი 91 დოლარს, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. ბენზინი გაძვირდა საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო ერთ კვირაში, და მოსალოდნელია, რომ ფასი უფრო მოიმატებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შიში, არის თუ არა მოსალოდნელი საწვავის რადიკალური გაძვირება და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- საერთოდ, ფასწარმოქმნა ორი ძირითადი ფაქტორით ყალიბდება: ერთი ხარჯების მიხედვით და მეორე - მოლოდინებით, რაც აქვს მომხმარებელს, რომელიც ამ პროდუქტს ყიდულობს; თუ მოლოდინები პოზიტიურია, მაშინ შესაძლოა ფასები არ გაიზარდოს. ასეა ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებითაც. 2020 წელს, პანდემიის დროს, 7 კვირის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები უარყოფითი ნიშნით იყო - გადავსებული იყო ტანკერები, ცისტერნები და წაღების შემთხვევაში პირიქით, იქით იხდიდნენ ფულს. მსოფლიო ეკონომიკაც დიდწილად დაპაუზებული იყო და მოხმარებაც ძალიან იყო შემცირებული. ახლა ვითარება შეცვლილია და არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალური მასშტაბით - ეკონომიკის ზრდის ტენდენციაა, ნავთობზე მოთხოვნა იმატებს და შესაბამისად, იზრდება ფასებიც, 90 აშშ დოლარს გადასცდა, მალე შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს. საქართველოც, როგორც მომხმარებელი ქვეყანა, ამ მსოფლიო ბაზრის ფასებზეა დამოკიდებული.

ჩვენს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აქამდე მოხმარებული ნავთობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი წილი, რუსეთიდან შემოდიოდა და გეოგრაფიული სიახლოვისა და რიგი სხვა ფაქტორების გამო 1 ლიტრი საწვავი 10-15 ცენტით იაფი ჯდებოდა. ბოლო დროს რუსეთმა ნავთობის ექსპორტი აკრძალა და ჩვენ ამ ბაზრის ხელახალი გადაფორმატება მოგვიწევს. ეს ბაზარი დივერსიფიცირებული კი გვაქვს, მაგრამ ახალი მარშრუტების, მიწოდების ახალი ფაზების ფორმირებას დრო სჭირდება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფასების იმაზე მეტად ზრდა, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე, რადგან ჩვენ ფაქტობრივად მოგვიწევს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ორღობიდან მაგისტრალზე გასვლა. ეს კი მეტ სიჩქარესა და ყურადღებას საჭიროებს. გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება - ნავთობპროდუქტების წლიური მოხმარება საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ტონის ფარგლებშია და ბარელი ნავთობის 1 დოლარით გაძვირებაც კი ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს წელიწადში 9 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოუწევთ.

ერთია, როდესაც ნავთობი 37-40 დოლარი ღირს, და მეორე, როდესაც 97 დოლარი ხდება. ხედავთ, რამხელა ლუფტი წარმოიშობა ამ დროს და რამდენის გადახდა გვიწევს? სხვათა შორის, შარშან ყველა სახის ენერგორესურსების იმპორტში თითქმის 2 მილიარდი გადავიხადეთ, საიდანაც 2/3 სწორედ გაძვირებულ ნავთობზე მოდიოდა, 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შევიძინეთ. ასეთია რეალობა და შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს. ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყანაა, მაგალითად, იტალია, მაგრამ არათუ ჯიპებით, არამედ მიკროლიტრაჟიანი ტრანსპორტითა და მოტოებით დადიან. ჩვენც უნდა ვისწავლოთ შედარებით ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება და უფრო მეტად ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

- მათ, ვისაც მანქანები არა ჰყავთ, რამდენით გაუძვირდებათ ცხოვრება?

- ნავთობპროდუქტი ისეთი მნიშვნელობის პროდუქტია, ისეთი კორელაცია აქვს მთელ სამომხმარებლო ბაზარზე, რომ მისი გაძვირება ნიშნავს ბიძგს ბევრი სხვა სამომხმარებლო დანიშნულების საქონლის გაძვირებისთვის. ტრანსპორტირების, მიწოდების ხარჯები, ცხადია, გაიზრდება. გარდა ამისა, საწვავი გამოიყენება ბევრი პროდუქტის წარმოებაში და ამიტომ, როცა ნავთობი ძვირდება, ეს იწვევს ფასების საერთო ინდექსის ზრდას. აგვისტოში წლიური და თვიური ინფლაცია ერთმანეთთან ძალიან ახლოს გვქონდა, ასეთი დაახლოება შესაძლოა კარგა ხანს აღარ გვექნეს. სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებელშიც შესაძლოა იმდენად ვერ მოასწროს ასახვა ნავთობპროდუქტების გაძვირებამ, რადგან სტატისტიკის სამსახური მეორე დეკადის მიხედვით აკვირდება ფასებს და პირველ და მესამე დეკადაში რა ცვლილებებიც ხდება, ვერ აისახება ფასების ინდექსში. შესაბამისად, მატება, რაც აისახება, ვთქვათ, 20 სექტემბრის შემდეგ, იმოქმედებს ოქტომბრის მაჩვენებელზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. ამიტომ, თუ ახლა 2 ოქტომბერს სტატისტიკის სამსახურმა შედარებით "მოკრძალებული" ანუ დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, ამან მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უნდა განგვაწყოს, რადგან ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორი მაჩვენებელი იქნება ოქტომბრის ინფლაციის მიხედვით. თუ, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდა. ამ ცვალებად სამყაროში ყველაფერია მოსალოდნელი, როგორც ზრდა, ასევე შემცირება.

- რუსეთი ნავთობს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, საერთაშორისო დონეზე არსებობს იმის რესურსი და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაბალანსდეს რუსეთის მიერ გაზრდილი ფასი?

- მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე საშუალო სადღეღამისო მოთხოვნა დაახლოებით 100 მილიონი ბარელია. აქედან რუსეთის წილად 7-8% მოდის და იმის თქმა, რომ რუსეთს გადამწყვეტი როლი უჭირავს ბაზარზე, არ იქნება სწორი. გაცილებით დიდია, მაგალითად, საუდის არაბეთის წილი, მაგრამ პრობლემა ის არის, მთელი ბაზარი ისეა სტრუქტურირებული, რომ ჩანაცვლება ძალიან რთულია. მაგალითად, თუ ჩვენ ერთი მარკეტი არ მოგვეწონება, შეგვიძლია მეორეში ან მესამეში შევიდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ნავთობის ბაზარს შეეხება, საქმე რთულად არის, თავისუფალ რესურსებზე წვდომა შედარებით ნაკლებია. ამიტომ არის, რომ ნავთობმწარმოებლები ფაქტობრივად ოლიგოპოლიურ ბაზარს აყალიბებენ და მსოფლიო მოხმარებას თავიანთ პირობებს კარნახობენ. ჩვენ რუსულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული, თუმცა სამომხმარებლო სტრუქტურაში არის აზერბაიჯანიდან, ასევე იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და ზოგიერთი სხვა წყაროდან შემოტანილიც და შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე არ ყოფილა ფატალური. ამიტომ მდგომარეობის მკვეთრ გართულებას არ ველოდები.

- ჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობაში ხომ რუსულ ნავთობს ამუშავებენ და ისე შემოდის ჩვენთან. არის შანსი, რომ ეს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე მინიმუმამდე შემცირდეს? გადავერთოთ თუნდაც აზერბაიჯანულზე.

- ზოგადად რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება არ არის მაინცდამაინც სასურველი, მიზანშეწონილია რომელიმე ერთი მიწოდების წყარო 1/3-ს არ აღემატებოდეს. უნდა მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დივერსიფიცირება სხვადასხვა ბაზარსა და მომწოდებელზე. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი აზერბაიჯანზეც. მთავარია, მას ჰქონდეს ის რესურსი, რომელიც შეუფერხებლად დააკმაყოფილებს ქართულ ბაზარს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში ჩვენთან აზერბაიჯანული ნავთობის სახელით რუსული ნავთობი იყიდებოდა. ამიტომ გარანტია, რომ აზერბაიჯანი შეძლებს არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ქვეყნებთან აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას და საქართველოსაც დააკმაყოფილებს, ძნელი გასაცემია და ამაში თავად აზერბაიჯანმა უნდა შეიტანოს მეტი სიცხადე.

- 1 ბარელზე 95 აშშ დოლარი რომ ავიღოთ, რა უნდა ღირდეს საქართველოში, მაგალითად, ბენზინი? რამდენით გაძვირებაა მოსალოდნელი?

- აგვისტოს ომის წინადღეებში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 147 დოლარი ღირდა და მერე სწრაფად დაიწყო შემცირება. ასე რომ, ზუსტი გათვლა რთულია. ზოგიერთი ეკონომისტი თუ პოლიტიკოსი გვთავაზობს შევამციროთ აქციზური გადასახადი, მაგრამ აქციზის გადასახადის შემცირება და მოხსნა გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების შემცირებას. როდესაც ბიუჯეტის წყაროს ვამცირებთ, მითითებული უნდა იყოს, რის ხარჯზე მოხდება ჩანაცვლება. არავინ არის წინააღმდეგი, ჯანმრთელებიც ვიყოთ და მდიდრებიც, მაგრამ რეალური ცხოვრება და გარემოებები ხშირად ამ სურვილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასეა ეკონომიკაშიც.

რაც შეეხება კონკრეტულ ფასსა და გაძვირებას, თუ მოლოდინებს გამოვრიცხავთ, მომხმარებელიც (ბიზნესსექტორი და მოსახლეობა) ინდიფერენტული იქნება და მხოლოდ ხარჯების მიხედვით დავთვლით, მაგალითად, 95-დან 100 დოლარამდე გაძვირება არის 5,26%-ის მატება ფასზე - ფულად ფორმაში და არა ფიზიკური მოცულობით, ფიზიკური მოცულობით კი 1 ტონაზე დაახლოებით 480 ლარამდეა აქციზი, რომელიც არ იცვლება და გაძვირების რეალურ ფასზე რომ ვიმსჯელოთ, უნდა ვიცოდეთ, მარაგი რამდენი აქვთ დარჩენილი და რამდენს შემოიტანენ გაძვირებული ფასით. ბარელის 5 დოლარით გაძვირების შემთხვევაში, წელიწადში დაახლოებით 45-47 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს, სამომხმარებლო ბაზარზე კი 1 ლიტრი ბენზინის ფასი ისე არ გაძვირდება, რომ რადიკალურად შემცირდეს ქუჩაში მანქანების რაოდენობა.

- რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს 1 ლიტრი ბენზინი? საუბარია თეთრებით გაძვირებაზე თუ ლარებით?

- თუ 1 ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს არ გადასცდა, მაქსიმუმ 12-15 თეთრით გაძვირდება, მაგრამ თუ წავიდა პროცესი და 2008 წლის რეკორდი ჯერ კიდევ "გასაუმჯობესებელია", მაშინ ვერაფერს ვიტყვი და ყველაფერი წინ არის. ჯერჯერობით ვსაუბრობთ მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასის გაძვირებაზე და უნდა გვახსოვდეს, რომ აქციზი ფიქსირებულია, და ნავთობის გაძვირება აქციზის გაზრდას არ იწვევს, თუკი პარლამენტმა არ მიიღო რამე გადაწყვეტილება. ჩვენ რა სამომხმარებლო ფასსაც ვიხდით, ამაში შედის აქციზისა და იმპორტის ფასებიც - ანუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების შემთხვევაში იცვლება პროპორცია აქციზსა და ამ ფასს შორის და გაძვირება მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ხარჯზე იქნება. ვიმეორებ, თუ პარლამენტმა აქციზი არ გაზარდა, მაგრამ არა მგონია, ასე მოხდეს.

- როგორი მოლოდინი გაქვთ, გაგრძელდება ნავთობის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ყველა ფაქტორის გათვალისწინებით?

- საქართველოს ეკონომიკას უკვე აქვს საკმაო რესურსი, რომ შიდა წყაროების ხარჯზე რაღაც დააბალანსოს და ეს რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემებით აგვისტოში გვაქვს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ივლისში გვქონდა, მეტობა დაახლოებით 0,3 პუნქტია, მაშინ როდესაც აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა ფულადი ტრანზაქციები ძირითადად რუსეთიდან. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფულადი ტრანზაქციები გარკვეულწილად კი ასრულებს საინვესტიციო დატვირთვის როლს, მაგრამ მათი შემცირების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკას აქვს ის პოტენციალი, რესურსი, ის კუმულატიური მუხტი, რომელიც განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ამიტომ ნავთობის გაძვირება ვერ იქნება გადამწყვეტი ჩვენი ეკონომიკისთვის. ნავთობი არ არის ის ერთადერთი რესურსი, რომლის გამოყენებაზეც დგას ჩვენი განვითარების მდგრადობა. ჩვენ სხვა რესურსებიც გვაქვს, ადამიანური რესურსებით დაწყებული, წიაღისეულით დამთავრებული და თავად ფორმა ამ რესურსების შეერთებისა და მათი ეფექტიანობის ამაღლებისა გვაძლევს იმედს, რომ შედარებით დამაიმედებელი ტემპები გვექნება. რა თქმა უნდა, იაფი ნავთობის პირობებში ეს გაცილებით მეტი იქნებოდა, მაგრამ რაც გვაქვს, სოლიდური წარმატების შედეგია და ეს შედეგი წლის ბოლომდე არ შემცირდება.

რუსა მაჩაიძე