„სოხუმში ხვდებიან, რომ მოსკოვმა სომხეთი გაყიდა, ასევე შეიძლება გაყიდოს აფხაზეთიც“ - კვირის პალიტრა

„სოხუმში ხვდებიან, რომ მოსკოვმა სომხეთი გაყიდა, ასევე შეიძლება გაყიდოს აფხაზეთიც“

"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ არსებობს, აზერბაიჯანმა დაანახა მსოფლიოს თავისი ძალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დააფიქრა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერებიც. ეტყობა, მათაც გაუჩნდათ შიში, რომ შეიძლება რუსეთის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ... როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში, ხომ არ გაჩნდა შანსი ჩვენც მოვთხოვოთ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს დადებული შეთანხმების შესრულება, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

areshka.png

- ჯერ არაფერი დასრულებულა, დასრულდა ამ კონფლიქტის ნაწილი, რასაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის სრული ტერიტორიული დაბრუნება ჰქვია. ესეც პირობითია, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ დარჩება, ვინ გაუწევს წინააღმდეგობას. რამდენადაც ვიცი, ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ნაწილს იარ­აღი არ დაუყრია... აზერბაიჯანს დღეს უკვე სხვა მადა აქვს. ახლა გაჩნდა კორიდორის აუცილებლობა­ და 2025 წელს უკვე რუსი სამშვიდობოების გაყრა აქვს გეგმაში. ასე რომ, ერთი ეტაპი დასრულდა, სხვა ეტაპები­ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში მუდმივად იქნება რყევები. ცოტა ხანს პაუზა იქნება, დიპლომატიური მოლაპარაკება, ძალთა გადალაგება, სხვადასხვა გავლენის ჯგუფების მუშაობა, პოლიტიკური მოთამაშეების ჩართვა. ათასი რევერანსი, მითქმა-მოთქმა, უამრავი ცდა, რომ სიტუაციის სადავეები ხელში აიღონ. ამას ეცდება ყველა მსხვილი მოთამაშე რეგიონში. უახლოეს წლებში­ ეს იქნება მუდმივი პოლიტიკური აქტიურობის ზონა. რაც შეეხება სამხედრო აქტიურობას, არაფრის გარანტია არ არსებობს. მართალია, სომხეთის არმია დღეს არ არის ისეთ ფორმაში, რომ აზერბაიჯანს, მით უფრო, მის უკან მდგომს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ თუ უნდა რუსეთს სახის შენარჩუნება, მას სომხეთის დაცვა მოუწევს. თუკი სომხეთი გავიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, მაშინ დასავლეთის პრესტიჟის­ საქმე იქნება სომხეთის დაცვა, მაგრამ აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორს არ მოეშვება, ისევე უგულებელყოფს სხვა ძალის ცენტრებს, ვგულისხმობ დასავლეთსა და რუსეთს, როგორც ახლა. ყველა მოითხოვდა აზერბაიჯანისგან თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან, მაგრამ მან თავისი საქმე გააკეთა. რუსი სამშვიდობოები სტეფანაკერტში 10 კაცამდეა დაღუპული, იმდენივე სამშვიდობო მისიის ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წლის მოვლენების დროს და მაშინ რუსეთმა ქვეყანა შეყარა, ახლა კი ხმა არ ამოუღია, რადგან ახლა ასე სჭირდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსული სამხედრო პრესტიჟი ფეხქვეშ გათელა. მდუმარება სანქცირებული იყო მოსკოვისაგან, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს.

- რუსეთმა რატომ დათმო ყარაბაღი?

- ახლა მისთვის აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხეთი. რასაკვირველია, მომავლისკენ არ გაუხედავს, ისე გადადგა ეს ნაბიჯი... ფაშინიანის ხელისუფლება მოსკოვისთვის მიუღებელია და ჯიბრში ჩაუდგნენ. ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, 90-იანი წლების დამდეგს, როცა მოსალოდნელი იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მაშინ მოსკ­ოვის პოლიტელიტას მიაჩნდა, რომ ჯობდა საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება, ვიდრე სეპარატისტების მხარდაჭერა,­ რადგან საქართველო უფრო დიდია, ჩამოყალიბებული სახელმწიფოა და ფიქრობდნენ, დასავლეთის გავლენაში მოექცევაო. მაგრამ ჯიბრში ჩაუდგა თავის­ პოლიტიკურ ელიტასაც და საქართველოსაც­ რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა,­ რომელიც გერმანიის მოვლენების გამო გაბრაზებული­ იყო შევარდნაძეზე. მაშინ ხმა დადიოდა, შევარდნაძემ და გორბაჩოვმა ტრიალ მინდორში დატოვეს გერმანიიდან გამოყვანილი ჯარიო. ეს, ერთი მხრივ, იმის გამო მოხდა, რომ სიხარბემ გადაწონა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იფიქრეს, საქართველო მაინც ვერსად წავა და ჯობია მდიდარი და მომხიბლავი­ კუთხე, აფხაზეთი ხელში ჩავიგდოთო.­ ასეთი განწყობა იყო მაშინ, რადგან როგორც ჟურნალისტს, ამ ტიპის ხელმძღვანელებთან მქონდა ურთიერთობა. ერთი ასეთი პირი ევგენი პრიმაკოვი იყო, ისიც ასე ფიქრობდა. 1992 წლის ივნისში შევარდნაძე ახალი ჩამოსული­ იყო და სოჭში გაიმართა დაგომისის ცნობილი მოლაპარაკება ცხინვალის საკითხზე. მოლაპარაკებას რუსეთის მხრიდან პასტუხოვი ხელმძღვანელობდა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დელეგაციაში ჰყავდათ რუსი სამხედროებიც. პასტუხოვი პირველ დღეს შედარებით ლოიალური იყო, მაგრამ მეორე დღეს ძალიან ხისტად დაიწყო მოქცევა. მე ჟურნალისტი ვიყავი და ბევრი კითხვის უფლება არ მქონდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე ამ დელეგაციაში მყოფი ორი სამხედროს საუბარი. როგორ ელაპარაკებიან შევარდნაძეს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდოო, მეორემ უთხრა, ნუ გეშინია, ამას მოველაპარაკებით, მაგრამ ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია, ამათ ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდით შევარდნაძესო, და მართლაც ერთ თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. ბოლო მოვლენებიც ამტკიცებს, რომ რუ­ს­ე­თის იმპერიული ფილოსოფია ვერ შეი­ცვლება, პრაგმატულ რელსებზე ვერ გადავა. ახლა აზერბაიჯანი აირჩიეს, სომ­ხეთი­ გაწირეს და შედეგად მომავალში უფრო მეტ პრობლემას მიიღებენ, უფრო მეტი ძალა დასჭირდება რუსეთს თავისი გავლენის­ შესანარჩუნებლად სამხრეთ კავკასიაში. რუსეთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთკავკასიური პოლიტიკა.

- ამასობაში ძლიერდება თურქეთი.

- დიახ, ძლიერდება, თავისი მეგობრის, აზერბაიჯანის მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში ფაქტობრივად დომინანტი ხდება.

- ძლიერდება ნატოს წევრი ქვეყანა­ თურ­ქეთი და გამოდის, პოზიციას თმობს რუსეთი?­

- რუსეთის პოლიტიკა ახლა ფეხბურთის­ თამაშს ჰგავს - არ გინდა წაგება, მაგრამ არასწორი ტაქტიკის გამო აგებ და არა იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია, ისეთ ტაქტიკას ირჩევ, რომ აგებ. რუსეთის სტრატეგიული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში კრიტიკას ვერ უძლებს.

- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგა­რეო საქმეთა მინისტრი დავიდ ბაბაიანი აზერბაიჯანულ მხარეს ჩაბარდა...

- ეს კაცი ან მოსყიდულია და უნდა გადარჩეს, მდგომარეობა შეინარჩუნოს და ასეთ ადამიანს ბაქო უეჭველად ენდობა­, ან უაღრესად პატრიოტია, რომელმაც გადაწყვიტა­ დარტყმა თავის თავზე მიიღოს, დაიწყოს მოლაპარაკება, შეინარჩუნოს მშვიდობა და ხელი შეუშალოს ეთნოწმენდას. მე არ ვიცნობ­ ბაბაიანს. ვიცნობდი­ ყარაბაღის ორ პრეზიდენტს, რომლებიც ახლა დამნაშავეებად არიან აღიარებული კორუფციული გარიგებების გამო. როგორც ვიცი, დაიჭირეს მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელმაც 2022 წლის შემოდგომაზე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე,­ ყარაბაღში წავიდა და იქ გახდა სახელმ­წიფო მინისტრი, მერე გადააყენეს. ოფიციალური ბაქო მოუწოდებდა მას ყარაბაღი დაეტოვებინა, მაგრამ სტეფანაკერტიდან არ წასულა. ეს კაცი ყარაბაღელია წარმოშობით და ზრუნავდა თავის ხალხზე. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, იმ დროს, როცა ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას და ბაქოში გადააფრინეს. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მილიარდერი, გარდა ამისა, გავლენიანი პირია სომხურ დიასპორაში მსოფლიოში.

- ყარაბაღი აზერბაიჯანმა დაიბრუნა. ეს ფაქტი არ დააფრთხობს ცხინვალსა­ და სოხუმს?

- ცხინვალზე რაიმეს თქმა არც ღირს. რაც შეეხება აფხაზებს, მათ სერიოზულად მიიღეს ეს ამბავი. დაინახეს, რომ მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა თავის მოკავშირეს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთს მთიან ყარაბაღთან, რომელიც დაახლოებით ასეთივე ტიპის ქვეყანა იყო რეგიონში და ახლა საერთოდ გაქრა პოლიტიკური რუკიდან. სოხუმში ხვდებიან, რომ მოსკოვმა სომხეთი გაყიდა, ასევე შეიძლება გაყიდოს აფხაზეთიც. ის, რომ ყარაბაღი­ არ ჰქონდათ აღიარებული, ეს არგუმენტი­ არ მოქმედებს. არსებობს კონიუნქტურული საჭიროება და აქედან გამომდინარე მიიღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი ძალიან ნერვიულობს. პრესკონფერენციაზე ეს წამოცდა კიდეც ინალ არძინბას, რა თქმა უნდა, შეფარულად. არძინბა მიბმულია რუსულ სპეცსამსახურებზე, მაგრამ თქვა, ეს გეოპოლიტიკური ძვრები საყურადღებოა აფხაზეთისთვის და სწორი დასკვნები გამოვიტანოთო.

- რა შეიძლება მოხდეს?

- პროგნოზირება რთულია... რუსეთს ურჩევნია დღეს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ჰქონდეს ურთიერთობა, თუნდაც საქმიანი, იმიტომ, რომ სანქცირებული რუსეთი ამ ორი ქვეყნიდან მარაგდება. შეფარულად თუ ცხადად, ასეა. ამას ემატება ის ენერგომატარებლებიც, რომლებითაც აზერბაიჯანი რუსეთის მიღმა ამარაგებს ევროპას. რუსეთს სურს ამ ენერგოდერეფნის კონტროლი არ გავიდეს მისი სივრციდან. მოგეხსენებათ, დამფუძნებლები რუსული კომპანიებიც არიან, მაგალითად, "ლუკოილი". თუ ეს სფეროც უკონტროლო იქნება, მაშინ დაღუპულია რუსეთი.

- გამოდის, ეს გამოიყენა აზერბაიჯანმა?

- მომენტი გამოიყენა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, გააზრებულად იმოქმედა. 24 თებერვლამდე ერთი თვით ადრე იმდენი­ ქნა, ხელი მოაწერინა მეგობრობის ხელშეკრულებაზე და მერე დაიწყო თავისი გეგმის­ მეორე ნახევრის რეალიზაცია. ისიც მოახერხა, რომ ამ დოკუმენტში ზანგეზურის­ კორიდორის თემა შეეტანა, ოღონდ ისეა ეს საკითხი აღწერილი, ვერ გაიგებ, ეს კორიდ­ორი რეალურად ვინ უნდა გააკონტროლოს. აზერბაიჯანი გაიძახის, ვგულისხმო­ბდი, რომ მე უნდა გამეკონტროლებინაო, სომხეთი გაიძახის, მე უნდა გამეკონტროლებინა ან რუსეთსო, მაგრამ აზერბაიჯანმა სერიოზული არგუმენტები მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ როდესაც რუსეთს სჭირდება მოკავშირეობა ვიღაცასთან, ის ტერიტორიის გადაცემასაც არ ერიდება. ჩვენს გოჯ მიწაზე ლამის გენოციდი მოგვიწყო, რამდენი ხანია­ ქვების გროვა კურილის კუნძულების გამო საომარ ვითარებაშია იაპონიასთან, ჩინეთს კი დაუთმო, რომელმაც 60-იან წლებში ციმბირზე ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და საზღვრისპირა შეტაკებებში მაშინ უამრავი ხალხი დაიხოცა. ახლა კი მართალია იჯარით, მაგრამ უზარმაზარი ტერიტორია გადასცა. უნდა მოუსმინოთ, რას ამბობს ჩინელებზე ციმბირის მოსახლეობა, გაანადგურეს და დაჩეხეს ხეებიო. რაც მთავარია, 2010 წელს, მედვედევის პრეზიდენტობის დროს, აზერბაიჯანს რუსეთმა გადასცა მოზრდილი ტერიტორია, მდინარე­ სამურის სანაპირო ზოლზე ოთხი ლეკური სოფელი, რომელიც აქამდე დაღესტანს ეკუთვნოდა. დაღესტანს ჩამოაჭრა და აზერბაიჯანს მისცა. თუ ადრე მდინარე სამურის სანაპიროსთან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 70 კილომეტრზე, სამურის მარჯვენა სანაპიროზე, იყო რუსეთის ფედერაცია, ახლა მდინარე სამური ყოფს რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს. ასეთი რამ რუსეთს საბჭოთა კავშირის არც ერთი ყოფილი რესპუბლიკისთვის არ გაუკეთებია. რამდენი წელია, ყაზახეთთანაც კი გააფთრებული ომი აქვს იმ 1200 კილომეტრის გამო საზღვარზე.

- ჩვენ გვაქვს შანსი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების?

- ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ სამშვიდობო გზით უნდა შევეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. შანსი ყველაფრის არის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მეტისმეტად დელიკატურია. საზოგადოებისთვის გაუგებარია, რა ტიპის ამოცანა გვაქვს, გარდა იმისა, რომ გვინდა მშვიდობა და ომისთვის თავის არიდება...

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- ყველაფერს ვერ ვიტყვი, პირველ რიგში ხალხთან მუშაობაა საჭირო. ახლა პრობლემებია, გაგრისა და აფხაზეთის მომხიბლავი ადგილების მიტაცებას აპროტესტებენ და მძიმე დაპირისპირებაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ "პრეზიდენტს" განუდგა პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო. ახლა "პრეზიდენტი" დადის ქალაქ-ქალაქ და ცდილობს ახსნას, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. ეს არეული მომენტები უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე მოახდინა დეკლარირება სამშვიდობო სივრცის შექმნისა, ღარიბაშვილმა ეს გაეროს ტრიბუნიდანაც განაცხადა. ძალიან კარგი იდეაა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ფართო მასები ამ ტიპის გეგმის რეალიზაციაში ჩაერთონ...

- რუსეთმა ყარაბაღი დათმო და შეიძლება აფხაზეთიც დათმოს?

- რუსეთისთვის ყარაბაღი მეასეხარისხოვანი იყო, აფხაზეთი ბევრად მნიშვნელოვანია. კიდევ მეტად მნიშვნელოვანია ე.წ. სამხრეთი ოსეთი, ის ხომ პირდაპირ კავკასიის გულშია. არავინ არაფერს დათმობს, თუ არ დაათმობინე. არც ყარაბაღს დათმობდა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ დაათმობინეს.