დებატები „ბოდიშზე“, ნათია თურნავას ტელეტურნე და რაზე „ჩურჩულებენ“ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში?! - კვირის პალიტრა

დებატები „ბოდიშზე“, ნათია თურნავას ტელეტურნე და რაზე „ჩურჩულებენ“ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში?!

წესით, გასული კვირის მთავარი მოვლენები პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგი "ჩურჩული" და ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის ოფიციალური აღსასრული უნდა ყოფილიყო. ასევე, მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ეროვნულ ბანკსა და ნათია თურნავას გარშემო შექმნილი ვითარება ოთარ ფარცხალაძის გამო. თუმცა ყველას გაუსწრო სკანდალურმა ფილმმა "იარე, ლიზა". უფრო ზუსტად, მის გარშემო ატეხილმა დებატებმა იმის თაობაზე, უნდა მოვუხადოთ თუ არა აფხაზებს ბოდიში. გასული კვირის შეჯამებას ჩვენ პრეზიდენტის თემით დავიწყებთ.

აშანტაჟებს თუ არა "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს?!

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ბოლოს 11 წლის განმავლობაში, უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა - ერთმანეთს დაემთხვა "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" პოზიციები.­ კერძოდ, ორივე პოლიტიკური ძალა მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომ სასწრაფოდ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა. ორივეს თავისი მოტივები ამოძრავებს. კერძოდ, "ოცნება" ცდილობს, რომ როგორმე დასრულდეს ის მდგომარეობა, როდესაც ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ჯერ კიდევ საგამონაკლისო წესი აქვს გამოცხადებული და კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის ამ მითითებას არ ემორჩილებიან. დროში გაწელილი ეს "უხერხულობა" სახიფათოა, რადგან კონკრეტულად ეროვნული ბანკისა თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირების საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია.

"ნაცმოძრაობა" კი, რომელმაც გიორგი ვაშაძის პარტიის მიერთების შემდეგ "გამარჯვების პლატფორმა" დაირქვა, პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გამოვაჭრებას ცდილობს. დიახ, ამ პარტიამ სწორედ სააკაშვილის ჩაწოდებით დაიწყო იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი რეალურად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს და თუ ასე არ არის, მაშინ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. ეს შანტაჟს ჰგავს - კერძოდ, თუ შენ ამტკიცებ, რომ პრეზიდენტი შენი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის თამაშს თამაშობს, მაშინ აქედან... ერთი ნაბიჯია მისი იმპიჩმენტის მხარდაჭერამდე. დიახ, არ გაგიკვირდეთ, რომ "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი "ნაცმოძრაობის" დახმარებით ბოლომდე მიიყვანოს.

სავარაუდოდ, ეს პრეზიდენტსაც აშფო­თებს, რადგან გასულ კვირას ის ცალკე შეხვდა "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას. ოფიციალურად, მათ ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს (პრეზიდ­ენტს ბალტიისპირული "კერძო ტურნე" ჰქონდა). თუმცა არავინ ისე გულუბრყვილო არ არის, რომ დაიჯეროს, თითქოს ორმა ქალბატონმა "ნაცმოძრაობის" ზემოხ­სენებულ რიტორიკაზე, რომელიც უფრო შანტაჟს წააგავს, არ ილაპარაკა. ჩვენთვის უცნობია, რამეზე თუ შეთანხმდნენ ზურაბიშვილი და ბოკუჩავა, თუმცა სააკაშვილის ბოლოდროინდელ ფეისბუკპოსტებს თუ გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, "ნაცმოძრაობამ" ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების თემა დღის წესრიგიდან მოხსნას.

პრეზიდენტი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც "ეჩურჩულა" - მათ შორის გახარიას პარტიისა და "ლელოს" წარმომადგენლებს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტნიორად განიხილავს. თუმცა ერთგვარ "რბოლაში" გახარიას პარტია დაწინაურდა. კერძოდ, "ედისონ რისერჩის" კვლევების მიხედვით, გახარიას პარტიას 10%-იანი მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად, ერთ-ერთი ვერსიით გახარია-ზურაბიშვილის ტანდემმა შეიძლება შექმნას ე.წ. პოლიტიკური ცენტრის მსგავსი. მეორეც - ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, გახარიამ უკვე მოიპოვა გარკვეული გავლენა ზურაბიშვილზე და სწორედ მისი რჩევით არ შეუწყვიტა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.

გახარიას რეიტინგებში დაწინაურება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმან, რომ მისი პარტია "ოცნების" ველზე შეიჭრა და კოლექტიურ ანტიმიშას "დააჯდა". გახარია სააკაშვილს ხან არანორმალურს უწოდებს, ხან კი მისი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მელია ახალ პლატფორმებს კი არ უნდა ქმნიდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს.

თუმცა უშანსოდ არც "ლელოა", მიუხედავად იმისა, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, მას 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. კერძოდ, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მიხვდა, რომ პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნების შანსები არა აქვს. შესაბამისად, დააანონსა, რომ ოქტომბრის დასაწყისში მომხრეებს შეხვდება და შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან გააგრძელოს ბრძოლა. არსებული ინფორმაციით, მელიას ამ გუნდში იქნებიან სხვებთან ერთად ბაჩო დოლიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე და ა.შ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ახალი პლატფორმა ალიანსს გააკეთებს "ლელოსთან".

ასე რომ, 2024 წლის საპარლამენტო­ არჩევნების წინ შესაძლოა, მივიღოთ ოთხი პოლიტიკური ძალა, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი­ ექნება: "ოცნება", "ნაცმოძრაობა" იგივე­ "გამარჯვების" პლატფორმა, გახარიას პა­რ­ტია და "ლელო"-მელიას ალიანსი. ბოლო ორიდან მოუწევს პრეზიდენტს პო­ლი­ტიკური პარტნიორის არჩევა, რაც გაზრდის­ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის შანსებს. თუ რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა არ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და არ შეიწყალა სააკაშვილი...

უნდა მოვუხადოთ თუ არა ბოდიში აფხაზებს?!

თქვენს მონა-მორჩილს არა აქვს ფილმი "იარე, ლიზა" ნანახი და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება თემას, უნდა მოვუხადოთ თუ არა ბოდიში აფხაზებს? "ბოდიშის" მომხრეები თავის პოზიციას ასაბუთებენ იმით, რომ აფხაზეთის­ ომისას ქართულმა ჯარმაც ჩაიდინა დანაშაულიო. რა თქმა უნდა, ომი საზიზღრობაა და ორივე მხარე სცოდავს, მაგრამ...

თქვენს მონა-მორჩილს თავისი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში აფხაზეთთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე უმუშავია, ჩაუწერია ინტერვიუები დევნილებთან, ჯარისკაცებთან, ნანახი აქვს ტომებად აკინძული საქმეები, რომლებიც ქართველთა ეთნიკურ წმენდას ეხება. ბავშვები, ქალები, მოხუცები... ზოგიერთი დანაშაული ისეთი ამაზრზენია, რომ ვერც იტყვი და არც დაიწერება...

ჩემი სუბიექტური აზრით, ქართველები ისე რომ მოვქცეოდით აფხაზებს, როგორც თვითონ მოექცნენ ქართველებს (გასაგებია, რომ იქ იყვნენ ჩრდილოკავკასიელებიც, რუსებიც, კაზაკებიც და ათასი ჯურის ნაძირალებიც, თუმცა სეპარატისტებს მარტო მათზე ხელის შეწმენდა არ გამოუვათ), დღეს აფხაზი ერი უბრალოდ არ იარსებებდა. თავად განსაჯე, ძვირფასო მკითხველო, ვის ვისთან აქვს საბოდიშო.

კიდევ ერთიც - თვითგვემით და თავის დამცირებით არც ერთ სახელმწიფოს მსოფლიოში არ აღუდგენია ტერიტორიული მთლიანობა. თუნდაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითი ავიღოთ. რა თქმა უნდა, არავის მოვუწოდებთ სამხედრო მოქმედებებისკენ. შერიგებას, თუ რეალურია, ალტერნატივა არ აქვს (თუმცა­ მეორე მხრივ, ვიცით მწარე სიმართლეც, თუ როგორ გვიყურებენ აფხაზები და ოსები და ზოგიერთი ჩვენი "მშვიდობის მტრედი" ილუზიებში ცხოვრობს, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა). ზოგადად, გაუმარჯოს მშვიდობას და ძმობას... მაგრამ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

რა ხდება ეროვნულ ბანკში?!

გასულ კვირას ნათია თურნავას ტელეტურნე ჰქონდა და ინტერვიუებში ამტკიცებდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეროვნული ბანკი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. არ ვიცი, თუ ჩვეულებრივი რეჟიმი ჰქვია იმას, რომ ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი გადამდგარია, ბანკის საბჭოში კი დაინიშნენ ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიაც საზოგადოების ნაწილში კითხვებს იწვევს.

ასევე, საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, არ მოხსნილა სანქციების საკითხი. მათი თქმით, სანქციების საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანდა, თუ ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ეყოლებოდა... შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ ნათია თურნავას მოუწიოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. თუ ეროვნულ ბანკში კრიზისი გაღრმავდა, გაჭირდება ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. იმის ფონზე, რომ საწვავი ძვირდება და არავინ იცის, თუ რა ნიშნულს მიაღწევს, ლარის კურსის "გაქცევა" სერიოზული დარტყმა იქნება ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეზე.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ვითარებას, ვიცით, რომ სუს-ი აგრძელებს გამოძიებას, თუმცა უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და საერთოდ, აუკრძალეს თუ არა ფარცხალაძეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღსასრული

არაოფიციალურმა "რესპუბლიკამ" არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. აზერბაიჯანმა 1994 წელს ძალით დაკარგული ტერიტორიები 2023 წელს ასევე ძალით საბოლოოდ დაიბრუნა. მთავარი ამ ისტორიაში არის ის, თუ როგორი "სტრატეგიული პარტნიორია" რუსეთი.

33 წლის განმავლობაში სომხეთს დასავლეთისკენ არ გაუხედავს. 33 წლის განმავლობაში სომხეთი იყო რეგიონში რუსეთის ინტერესების გააფთრებული დამცველი, მისი ფორპოსტი და მთავარი მოკავშირე. სწორედ რუსეთის დახმარებით მოიგო სომხეთმა 1994 წელს ყარაბაღის პირველი ომი.

33-წლიანი ერთგულება პუტინმა სომ­ხეთს ვერაგობით "დაუფასა". ელემენტარულად, კრემლმა ერევანი "გადააგდო", როგორც 90-იანებში ქუჩებში აგოიმებდნენ ხოლმე ადამიანებს. პუტინმა სომხეთს მხოლოდ ყარაბაღი კი არ დააკარგვინა, არამედ ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს.

ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის პარალელურად, ცდილობს რამენაირად დასავლეთისკენ გადახვევას, აკეთებს განცხადებებს, რომ სომხეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს დაეყრდნო, რომ ე.წ. რუსი სამშვიდობოები არაფრისმაქნისები არიან და ა.შ. თუმცა, უკვე გვიან არის "ბორჯომის" დალევაო, როგორც იტყვიან რუსები.

გიორგი კვიტაშვილი