როგორ მიაღწია მესის მეუღლემდე ქართველმა დიზაინერმა
ლელი ცისკარაულმა 9 წლის წინ ესპანეთში ჩვილებისა და ორსულების აქსესუარების ბრენდი შექმნა, სახელწოდებით "ტკბილი დეკორაცია ბარსელონაში". თავიდან ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ დაზუსტებით იცოდა, რომ რასაც გააკეთებდა, გააკეთებდა სულითა და გულით, დიდი ენთუზიაზმით. ამიტომაც მიაჩნია, რომ როდესაც მიზანი გაქვს, რამდენჯერაც წაიქცევი, უნდა წამოდგე და სვლა გააგრძელო.
- პროფესიით ტანსაცმლის მხატვრული დიზაინერი ვარ. მოგეხსენებათ, ხევსურებს ხელსაქმე გვეხერხება. ბავშვობიდანვე მეც კარგად ვქსოვდი, ვიცოდი ხევსურული ნაქარგობა, კერვაც. ჯერ კიდევ 5 წლისას მასწავლა ბებიამ ქსოვა, რადგან ამის სურვილი თავად გამოვთქვი. თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს და ძალიან მსიამოვნებდა. დედას არ მოსწონდა ჩემი არჩევანი, რად გინდა დიზაინერობა, რამე წესიერი პროფესია აირჩიეო. უნდოდა არქეოლოგიურზე ჩამებარებინა... ბოლოს მშობლები დამთანხმდნენ და უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე, ტანსაცმლის მხატვრული დიზაინის განხრით ჩავაბარე. სტუდენტობის პერიოდშივე ვმუშაობდი "კვირის პალიტრაში" გრაფიკულ დიზაინერად. მერე, 2008 წელს, ესპანეთში წამოვედი.
- რა გახდა წასვლის მიზეზი?
- ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია იმ მიზეზით, რომ მატერიალურად უზრუნველმეყო ჩემი ოჯახი. მინდოდა პროფესიული განვითარება იმ სფეროში, რაც მაინტერესებდა, საქართველოში კი იმ წლებში ვერ ვხედავდი წინსვლის პერსპექტივას. ესპანეთში ჩამოსვლის პირველ წლებში ენა ვისწავლე, ვმუშაობდი, ბავშვები სკოლიდან გამომყავდა და გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი. თავის გასატანად მჭირდებოდა ეს სამუშაო. მაგისტრატურაში მალევე ჩავაბარე, მოდის დიზაინის განხრით... რა თქმა უნდა, ადვილი არ აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. უსუსურობის შეგრძნება მქონდა, რადგან ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. ზოგჯერ, როდესაც ახლობლები გამოთქვამენ ესპანეთში ჩამოსვლისა და მუშაობის სურვილს, ვერც ვეუბნები, რომ აქ ძალიან რთულია, რადგან არ მინდა, სხვანაირად მიიღონ. ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი უნდა იყო, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ყველა და ყველაფერი უცხოა შენთვის, ადგილი დაიმკვიდრო. არავინ გყავს გვერდით, ვერავის უყვები ამ სირთულეების შესახებ... მხოლოდ დედაჩემს ვუყვებოდი, ისიც კვირაში ერთხელ ვრეკავდი, მაშინ ხომ არ იყო სოციალური ქსელები. ტირილ-ტირილით მოვუყვებოდი ერთი კვირის ამბებს და ისიც გამხნევების ნაცვლად მეუბნებოდა, ჩამოდი, სამსახური აქაც ხომ გქონდა, რატომ იტანჯავ თავსო. მას არ უნდოდა, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი. მამა, პირიქით, მიწონებდა გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელ ცხოვრებას ისწავლიო. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. უკვე დედაც აღიარებს ამას და მეუბნება, კიდევ კარგი არ ჩამოხვედიო. აქ სწავლის შემდეგ არც საქართველოში გამიჭირდებოდა კარგი სამსახურის შოვნა, მაგრამ შეიძლება ის ვერ გამეკეთებინა, რაც დღეს ასე ძალიან მომწონს.
- იმ ბრენდის შესახებ, რომელიც ესპანეთში 9 წლის წინ შექმენით, უკვე ბევრმა იცის. როგორ გაგიჩნდათ იდეა და როგორ აქციეთ ჩანაფიქრი რეალობად?
- მაგისტრატურის დამთავრებისას სავალდებულო იყო 360-საათიანი პრაქტიკის გავლა ნებისმიერ კომპანიაში. თვითონ გაძლევდნენ ამ კომპანიების ჩამონათვალს და უნდა აგერჩია. დამაინტერესა პერსონიზირებული ბალიშების კომპანიამ, ბალიშებზე აწერდნენ სახელებს, ფრაზებს... ყველაზე კარგად ბავშვების ბალიშები იყიდებოდა. ინტერნეტში დავიწყე მოძიება, როგორი ბაზარი იყო ამ სფეროში და აღმოჩნდა, რომ ნაკლებად იყო პერსონიზირებული პროდუქცია, რომელიც ხელით იქარგებოდა... ჯერ საბავშვო ბალიშებით დავიწყე, ხელით ვაქარგავდი სახელებს, სოციალურ ქსელებშიც გავაკეთე გვერდები და იქაც ვდებდი ნამუშევრებს. მეკითხებოდნენ, თუ ვამზადებდი პერსონალიზირებულ სხვა აქსესუარებსაც და ასე თანდათანობით განვვითარდი. ახლა 100-მდე სახეობის პროდუქტს ვამზადებ ორსულებისა და ახალშობილებისთვის - ბავშვის საწოლის შემოსაკრავებს, საბნებს, თეთრეულს, დეკორაციულ ბალიშებს სახელის პირველი ასოთი, ორთოპედიულ ბალიშებს, პატარა პირსაწმენდებს, სამგზავრო კალათებს, ფეხმძიმეებისთვის ჩანთებს, ორგანაიზერებს. აქ სამშობიაროდ როდესაც მიდის ორსული, ყველაფერს გულმოდგინედ არჩევს, ჩანთიდან დაწყებული, აცრების თუ სხვა დოკუმენტების შესანახით დამთავრებული. ყველაზე ხშირად სამგზავრო კალათას მიკვეთავენ. პირველ თვეებში განსაკუთრებით პრაქტიკულია, რადგან ნებისმიერ ადგილას შეიძლება დადება. იკერება ანტიალერგიული სინდიპონით. ვმუშაობ 100%-ით ბამბის ქსოვილზე ან ტილოზე. ზოგჯერ ოთახის ფოტოსაც მიგზავნიან, მეკითხებიან, რომელი ფერები მოუხდება ბავშვის ოთახსო და ერთად ვარჩევთ.
- ძირითადად ესპანელები არიან თქვენი მომხმარებლები?
- 90% ესპანელები არიან, ასევე პორტუგალიელები, ფრანგები და იტალიელები. როდესაც ლიონელ მესის მეუღლეს დავუმზადე აქსესუარები თავისი მესამე შვილისთვის, არგენტინიდან ძალიან ბევრი მწერდა, მაგრამ ხშირ შემთხვევებში იკარგება გზავნილი და ამის გამო მსურველებს უარს ვეუბნები. მესის მეუღლეს ყველაფერი ცისფერი უნდოდა და აინტერესებდა ამ ტონებში რა ქსოვილები მქონდა. ინსტაგრამით ვისაუბრეთ და შევთანხმდით კომბინაციებზე. რაც გავუგზავნე, მოეწონა და თავის გვერდზეც ატვირთა, თან ჩემი ბრენდი მონიშნა.
- კიდევ რომელი ფეხბურთელების შვილებს დაუმზადეთ აქსესუარები?
- იკერ კასილასის, ჟორდი ალბას, ფრანსესკ ფაბრეგასის... ესპანეთში არაერთი ცნობილი მსახიობისთვის, ინფლუენსერისთვის, მოდელისთვის დამიმზადებია. ახლა უკვე შევეჩვიე, მაგრამ თავიდან ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული იყო, როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანები უპირატესობას ჩემს ნაწარმს ანიჭებდნენ ქვეყანაში, სადაც უამრავი არჩევანია. ამის გამო კიდევ უფრო თავდაჯერებული ხდები, რადგან რწმუნდები, რომ რასაც აკეთებ, კარგად გამოგდის და უფრო რისკიან ნაბიჯებსაც დგამ.
- პარალელურად, ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ხარისხის კონტროლის მენეჯერიც ხართ. როგორ ახერხებთ ორივეგან წარმატებული იყოთ?
- "მანგოში" ვმუშაობ, შარშან შემომთავაზეს ხარისხის კონტროლის მენეჯერობა. პროდუქტს ვამოწმებ, ვიდრე მაღაზიებში გავა, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს... მაღაზიებში პერსონალიზირებული მომსახურების დანერგვა სურთ და ახლო მომავალში დაწინაურებასაც მთავაზობენ. ადვილი არ არის ამასთან ერთად ჩემს ბიზნესსაც მივხედო - ღამის 2-3 საათამდე ვერ ვრჩებოდი საქმეს და მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა ამეყვანა რამდენიმე თანამშრომელი. ორი მათგანი კერვასა და გამოჭრაში მეხმარება, მესამე კი მთელი დღის განმავლობაში სოცქსელებს აქცევს ყურადღებას, კითხვებზე პასუხობს.
- რამდენად რთული აღმოჩნდა წარმატების მიღწევა საზღვარგარეთ?
- იოლი, რა თქმა უნდა, არ არის. სადაც პრაქტიკაზე ვიყავი, მეპატრონე ქალბატონმა დარჩენა შემომთავაზა. როდესაც გაიგო, რომ თვითონ ვაპირებდი ჩემი საქმის წამოწყებას, მითხრა, აქაური არ ხარ და ძალიან გაგიჭირდება ბიზნესის აწყობაო. უკვე შემდეგ, როდესაც ჩემი წარმატების შესახებ შეიტყო, მომწერა, ყოჩაღ, მაგრამ მაინტერესებს, მესის მეუღლემდე როგორ მიაღწიეო? მე არ მიმიღწევია, თვითონ მომწერა-მეთქი... რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ ასეთმა ცნობილმა ადამიანმა თავის გვერდზე მონიშნოს შენი ბრენდი, ეს უკვე სხვა საფეხურია.
- მაინც რა გამოარჩევს თქვენს პროდუქციას?
- სანდოობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მესის მეუღლემ მომწერა, სახელი მინდა დაქარგო, ოღონდ არსად გაჟღერდესო. რა თქმა უნდა, ეს პირობა შევასრულე და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საერთოდ, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, ასევე, მინიმალურ დროში პასუხი, თავაზიანი მოპყრობა... გარდა ამისა, ვცდილობ ყოველთვის განსახვავებული რამ შევთავაზო მომხმარებელს.
- ლელი, ოჯახის შესახებაც მითხარით, როგორც ვიცი, ესპანელი მეუღლე გყავთ.
- დიახ, უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანით ერთმანეთი და 2011 წელს დავქორწინდით. როდესაც ბებიამ გაიგო ეს ამბავი, სულ მეკითხებოდა, როგორია, ჩვენ თუ გვგავს რამითო? რომ გაიცნო, დამშვიდდა. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანაც და ქართული სამზარეულოც, მაგრამ, ვფიქრობ, არ გამომყვება საცხოვრებლად. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით მე მაქვს სამომავლო გეგმები, ოღონდ უფრო შორეულ მომავალში.
ნინო ჯავახიშვილი