სტეფანაკერტის კაპიტულაციის შემდეგ ხომ არ შეშინდნენ ცხინვალსა და სოხუმში?
არაოფიციალურადაც კი უკვე აღარ არსებობს ყარაბაღელი სომეხი სეპარატისტების ის "სახელმწიფო", რომელსაც სამი ათეული წელი მხარს "უმშვენებდნენ" მოლდოვის დნესტრისპირელი სეპარატისტები ტირასპოლში და "ჩვენებური" სეპარატისტები ცხინვალსა და სოხუმში. არადა, კრემლის ძალისხმევით შექმნილ პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ოთხ სეპარატისტულ წარმონაქმნში ყველაზე ძლიერი იყო სწორედ ყარაბაღის სეპარატისტული დაჯგუფება, რომელსაც მხარს უჭერდა სომხეთის მთელი რესპუბლიკა, ხოლო "ყარაბაღის არმია" საბრძოლო შესაძლებლობებით აღემატებოდა აფხაზ, ოს და დნესტრისპირელ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს, მაგრამ "გაქრა" და ჩვენს პლანეტას ერთი შეიარაღებული კონფლიქტის ზონა მაინც მოაკლდა.
მაგრამ რა განწყობაა დანარჩენ სეპარატისტულ წარმონაქმნებში?
წესით, ტირასპოლის სეპარატისტული ხელისუფლება ყველაზე მეტად უნდა ღელავდეს, არა მარტო იმიტომ, რომ გამოეცალნენ ყარაბაღელი თანამოძმეები, არამედ იმიტომაც, რომ "მშობელ" რუსეთთან სახმელეთო კავშირი არა აქვთ და მიუხედავად იმისა, მოლდოვის სამხედრო შესაძლებლობები ძალზე მოკრძალებულია, რუსეთთან მეომარ უკრაინის არმიას შეუძლია დნესტრისპირელი სეპარატისტების მორჯულება და ამით ზურგში იმ საბრძოლო შენაერთების გამოთავისუფლება, რომლებიც დღეს მოლდოვის დნესტრისპირეთთან საზღვრის გამაგრებაში ცდებიან.
სამაგიეროდ, ოს და აფხაზ სეპარატისტებს საერთო საზღვარი, სახმელეთო და საჰაერო (ოკუპირებულ აფხაზეთში კი საზღვაოც) სატრანსპორტო დერეფნები აქვთ "დედარუსეთთან", რამაც თავის დროზე გააადვილა იქ სეპარატისტული პროცესების გაღრმავება და დაეხმარა ქართულ არმიასთან საბრძოლო მოქმედებებში გამარჯვებაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც სეპარატისტი ლიდერები მაინც სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მოელით ერთ მშვენიერ დღეს, თუკი რუსეთის დახმარების იმედი აღარ ექნებათ და კრემლი ისევე გააწბილებს, როგორც ყარაბაღელ სომხებს.
კონფლიქტის არსი, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო ყარაბაღსა და ცხინვალისა და აფხაზეთის ომებს შორის - თუკი ყარაბაღის ომებში მოწინააღმდეგეები სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ, ხოლო რუსეთი "მომრიგებლის" როლს თამაშობდა (რომელმაც 1994 წელს ომი ჯერ სომხებს მოაგებინა, ხოლო 2020 და 2023 წლებში აზერბაიჯანელებს), საქართველოს ომი ფაქტობრივად რუსეთთან ჰქონდა, ოსი და აფხაზი სეპარატისტული ძალები ერთგვარად შირმა იყო, რათა მოსკოვს თავი შეიარაღებული კონფლიქტის ოფიციალურ მხარედ არ დაეფიქსირებინა. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის პირველივე დღეს, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ ქართულ არმიას შეეძლო როკის გვირაბამდე რამდენიმე დღეში მისვლა, რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.
თუკი კრემლი ოსი და აფხაზი სეპარატისტების ინტერესებს ისევე არ გაყიდის, როგორც ყარაბაღელი სომხებისას, განა ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ უკრაინასთან გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების დამარცხებისა და თავად რუსეთის ფედერაციაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემთხვევაში კრემლს დარჩება საიმისო ძალა ან სულაც სურვილი, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს ისევ მუქთად "აჭამოს". რას იზამენ სეპარატისტული ძალები, რომლებიც მოსკოვიდან გამოგზავნილ მუქთა დახმარებას მიეჩვივნენ. ვის მიეკედლებიან ამჯერად?
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამაყობს, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენთან ომი არ ყოფილა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები უფრო სწრაფი ტემპით არ უნდა ძლიერდებოდნენ და იარაღდებოდნენ, რადგან შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც აზერბაიჯანივით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან დღევანდელ მსოფლიოში (ისევე როგორც ჩვენი წინაპრები) ომით დაკარგულს ომითვე იბრუნებენ. ამისთვის მზადყოფნა მოეთხოვება მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, საზოგადოებასაც, რომლის ერთ ნაწილში ცნება "პატრიოტიზმი" დამცინავად ჟღერს, ხოლო ჯარში სამსახური კი თურმე დამამცირებლად.