ქართულ არმიაში ესპანური ყუმბარსატყორცნებიც იწყებენ "სამსახურს..."
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის ამ თუ იმ სისტემის თავად გამოცდა რომ უყვარს, ცნობილია - მინისტრი ხან პარაშუტით ეშვება თბილისის ზღვაზე, ხან ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავით აიჭრება ცაში, ხანაც "ბრაუნინგის" მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის გრძელი ჯერების სროლით იჯერებს გულს, ახლა კი პირობითი მოწინააღმდეგის პირობითივე ტანკი "ააფეთქა" ყუმბარსატყორცნიდან რეალური საბრძოლო რაკეტის გაშვებით.
თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე საჩვენებელი სროლების შესახებ, რომლის დროსაც პირველად გამოიყენეს ესპანეთის წარმოებული ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების С-90 ტიპის ორი მოდიფიკაციის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი. საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ესპანური კომპანიის წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი განცხადებით, ამ შეიარაღების შესყიდვა უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას თავდაცვის ძალებს გაუზიარებენ.

"ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ნატოს წევრი ქვეყნები ეფექტურად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს", - აცხადებენ ქვეყნის მთავარ სამხედრო უწყებაში.
რას წარმოადგენენ ესპანური ყუმბარსატყორცნები და რა საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა ჯერ კიდევ ორი წლის წინ თავად ესპანელ გენერლებსაც კი არ შეეძლოთ, რადგან მათი ყუმბარსატყორცნები რეალურ ბრძოლებში თითქმის არ გამოიყენებოდა და ძნელი იყო მათი საბრძოლო ეფექტიანობის ობიექტურად შეფასება, მაგრამ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ესპანეთმა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინის არმიის შეიარაღებით მომარაგება დაიწყო, მათ შორის C90-ის ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებითაც.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ათიოდე დღეში "კვირის პალიტრაში" ვწერდით: "გუშინ ესპანეთიდან პოლონეთში ჩაფრინდა სატრანსპორტო A400M, რომელმაც უკრაინაში ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღი Instalaza C-90 ჩაიტანა.
Instalaza C-90 არის ერთი მეტრი სიგრძის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომლის კუმულაციურქობინიანი რაკეტა 300მ-ში 480 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს. ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს დინამიკური დაცვის მქონე რუსული ტანკის შუბლა ჯავშნის გასარღვევად, თუმცა გვერდიდან სროლისას (როგორც ხდება ხოლმე პარტიზანული ჩასაფრებების დროს) მას კარგ დღეს არ დააყრის, ხოლო ჯავშანმანქანებს გარანტირებულად ააფეთქებს".
და მართლაც, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ამ ესპანურმა ყუმბარსატყორცნმა დაამტკიცა თავისი საბრძოლო ეფექტიანობა, განსაკუთრებით ომის პირველ პერიოდში, როდესაც უკრაინული მობილური ჯგუფები თავს ესხმოდნენ რუსულ ჯავშანკოლონებს და რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს ესპანური ყუმბარსატყორცნებით ცეცხლს უხსნიდნენ.
ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებას ესპანურ მხარესთან ამ ტიპის ყუმბარსატყორცნების შესყიდვის თაობაზე, ამის შესახებ ინფორმაცია "კვირის პალიტრას" ჯერ კიდევ ერთი წლის ჰქონდა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო მოვლენებს არ გავუსწარით და ვარჩიეთ ამ თემის გაშუქება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს გარიგება შედგებოდა და ესპანური ყუმბარსატყორცნების პირველი პარტია საქართველოს თავდაცვის ძალების არსენალში აღმოჩნდებოდა. ამ ესპანური ყუმბარსატყორცნების პლუსი ის არის, რომ მათ საბრძოლო მასალის მდიდარი ნომენკლატურა აქვთ ანუ შეუძლიათ გაისროლონ როგორც კუმულაციურქობინიანი, ისე კუმულაციურ-მსხვრევადი, ბუნკერსაწინააღმდეგო, ცეცხლგამჩენი ან სულაც სასწავლო ინერტული საბრძოლო ქობინის მქონე რაკეტები, რაც ამ ყუმბარსატყორცნს უნივერსალურობას მატებს, რადგან მსროლელს საშუალებას აძლევს ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეებრძოლოს შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგე ჯავშანტექნიკას ან თავად იერიშის დროს ააფეთქოს მტრის ბეტონის ბუნკერი.მიუხედავად იმისა, რომ ესპანური C90-ის ნაკლად ითვლება ახლო მანძილზე მოქმედება (300 მ ერთჯერადი და 600 მ მრავალჯერადი გამოყენების ყუმბარსატყორცნებისთვის), ეს კომპენსირდება მისი შედარებით (ამერიკული და ისრაელის წარმოების ყუმბარსატყორცნებთან შედარებით) დაბალი ფასით, რაც მისაღებად აქცევს "ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, თუ რა დაუჯდა ქართულ მხარეს მათი შეძენა. სავსებით შესაძლებელია მომავალში თავად საქართველოშიც დაიწყოს ესპანური ყუმბარსატყორცნების ზოგიერთი დეტალის ან სულაც მათი მთლიანად ლიცენზირებული წარმოებაც.