The Daily Express-ის სკანდალური სტატია საქართველოზე - "იქ პუტინის უამრავი მომხრეა, ქვეყანა სავსეა კრემლის „გავლენის აგენტებით“
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი საქართველოში „გავლენის აგენტებს“ გზავნის, რათა ქვეყანას ძირი გამოუთხაროს და მისი ევროპისაკენ სწრაფვა შეაჩეროს“ (ავტორი - ჯოელ დეი, რედაქტორის მოადგილე).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თბილისში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ - არ გამოიყენოს სანქციები იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების გამო, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან შეყვანილნი, მაგრამ რომელთაგან, იმავდროულად, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, ქართველი პროევროპელი პოლიტიკოსები, თურმე, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ბრალდების დეტალები ბუნდოვანია, თუმცა მთავარი მტკიცებულება ის არის, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემაზე უარს ეტყოდა, ამ საბაბით, მთავრობის დამხობის მიზნით, ფართო სახალხო-საპროტესტო გამოსვლები მოეწყობოდა.
საქართველოში რთული და ტურბულენტური პოლიტიკური ლანდშაფტია შექმნილი - ქვეყანა დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის გზაგასაყარზე იმყოფება. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი, მაგალითად, რეგიონული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის (RISS) დირექტორი ნათია სესკურია - რუსეთის მოწინააღმდეგე - „დეილი ექსპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინის უამრავი მომხრეა და რომ ქვეყანა პირდაპირ სავსეა კრემლის „გავლენის აგენტებით“.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და, განსაკუთრებით, 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადების დროს, საქართველოში ათეულ ათასობით რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, რუსეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში ყველა რუსი მოქალაქის ჯეროვანი შემოწმება საზღვრის გადაკვეთის დროს არ ხდებოდა და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან არაკეთილმოსურნენიც შევიდნენ.
ნათია სესკურია, სხვა ქართველ ექსპერტებთან ერთად, თვლის, რომ კრემლს დღეს ბევრი ხალხი ჰყავს საქართველოში, შიგნიდან ძირის გამოთხრის მიზნით: „ცხადია, მოსკოვი დაინტერესებულია, საქართველოში სიტუაცია ისეთი იყოს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს“, - ამბობს ნათია სესკურია, - „კრემლი ძველებურად ისევ აქტიურად მოქმედებს ჰიბრიდული პრინციპით - ანტიქართული დეზინფორმაციის გავრცელებით და „გავლენის აგენტების“ შემოგზავნით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე და, საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში. დღეს, როგორც არასდროს, კრემლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოზე კონტროლი დაამყაროს და მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ქართველების ევროპისაკენ სწრაფვას“.
რუსეთი პოსტსაბჭოური საქართველოს საშინაო საქმეებში ათწლეულების განმავლობაში ერეოდა, განსაკუთრებით - 2008 წელს, როცა რუსეთის ჯარები საქართველოს რეგიონებში - ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში შეიჭრნენ. დღეს კრემლს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველომ (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) ევროკავშირში გაწევრების თხოვნა ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატის სტატუსი კიევს და კიშინიოვს მიანიჭეს, ხოლო თბილისს დაევალა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის მან გარკვეული საფუძველი უნდა შექმნას - რეფორმები უნდა გაატაროს. ვერდიქტი მიმდინარე წლის ოქტომბერში იქნება გამოტანილი.
თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრდება, ამით ვლადიმერ პუტინს ქვეყნის გაკონტროლება გაურთულდება. გარდა ამისა, რუსეთს სამხრეთიდან პირველად ექნება საზღვარი დასავლურ ალიანსთან.
ზოგიერთი ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე არასაკმარისად იმუშავა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც განპირობებულია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით - გააფართოვოს ურთიერთობა მოსკოვთან და სულ უფრო განამტკიცოს ყოფნა რუსეთის გავლენის სფეროში.
ბევრ საკითხში თბილისი მოსკოვს კვალში მიჰყვება - მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტს დაგეგმილი ჰქონდა რუსეთის მსგავსი კანონის განხილვა-მიღება, სახელწოდებით „უცხოელი აგენტების შესახებ“. რუსეთში ანალოგიურმა კანონმა სამოქალაქო საზოგადოების განადგურება გამოიწვია, შეზღუდა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, სიტყვის თავისუფლება და საქართველოშიც მსგავი რომ არ მომხდარიყო, საზოგადოებამ მასობრივი პროტესტი მოაწყო. მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად შეცვალა თავისი განზრახვა.
ქართველი საზოგადოება რუსეთთან მოთანამშრომლე პირების მიმართ ხელისუფლების მიერ გამოვლენილმა დამოკიდებულებამაც აღაშფოთა: ოთარ ფარცხალაძე, „რუს-ქართველი“ ოლიგარქი და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე (ექსგენერალური პროკურორი), ამას წინათ აშშ-ის მიერ შედგენილი დოსიეს მიხედვით, რუსეთის ჯაშუშად იქნა დასახელებული და მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, როგორც ამერიკის, ასევე - დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ. და ამ დროს საქართველოს ცენტრალური ბანკი იღებს დადგენილებას, რომ არ შეზღუდავს და არ დასჯის ოთარ ფარცხალაძეს და მის მსგავს პირებს, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების მიუხედავად.
მართალია, ბანკის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს, ხელი შეუშალოს რუსეთში ბიზნესის მქონე ადამიანებს და არ ცდილობს იმას, რომ მათ თავიანთი ბიზნესი ევროპულ ბაზარზე გააგრძელონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ