შეიქმნება თუ არა გახარია-სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ალიანსი?! - კვირის პალიტრა

შეიქმნება თუ არა გახარია-სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ალიანსი?!

გასულ კვირას გამოქვეყნდა Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა. როგორც კვლევით ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს, პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა: ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 67%; "ქართული ოცნება" დარჩეს" უმრავლესობაში - 33%, თუმცა ამავე კვლევის მონაცემებით, 5-%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მხოლოდ 3 პოლიტიკურ ძალას აქვს. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, - ალოკაციით ანუ შეწონვის მეთოდით პასუხები ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება" 37%, "გამარჯვების პლატფორმა" ("ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის ალიანსი") - 22%, "საქართველოსთვის" - 10%. 4%-იანი მხარდაჭერა აქვთ შემდეგ პარტიებს: "გირჩი - მეტი თავისუფლება, "დროა", ლეიბორისტული პარტია, "ლელო", "ხალხისთვის" (ანა დოლიძე) და "გირჩი" (იაგო ხვიჩია). ალოკაციის გარეშე პირველი სამეულის რეიტინგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 25%, "გამარჯვების პლატფორმა" - 15%, "საქართველოსთვის" - 6,8%. დანარჩენი პარტიებიდან 4%-ს ვერავინ აგროვებს, ხოლო იმ გამოკითხულების რაოდენობა, ვინც უარს ამბობს პასუხზე ან არჩევანი გადაწყვეტილი არა აქვს, 31,8%-ს შეადგენს. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ვფიქრობ, საზოგადოებრივი განწყობების ტენდენცია ზუსტად არის ასახული ამ კვლევაში. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ პოლიტიკურ რეიტინგში პირველ ადგილზე ნამდვილად "ქართული ოცნებაა", მეორეზე - "ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - გახარიას "საქართველოსთვის", რაც წინა არჩევნებმაც დაადასტურა. პროცენტები რამდენად რეალურია, რთული სათქმელია, მაგრამ არა მგონია, ძალიანაც დიდი აცდენა იყოს. ვფიქრობ, ალოკაციის გარეშე პროცენტები უფრო საინტერესოა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ბარიერის გადალახვის უნარი მხოლოდ 3 პარტიას აქვს, მაგრამ წვრილ ოპოზიციურ პარტიებში პროცესები ახლა იწყება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ოპოზიციის ფლანგზე გადაადგილებები მოსალოდნელია. ალოკაციის გარეშე მონაცემები იმიტომ არის საინტერესო, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის 32%-ია - ანუ ეს არის ხალხი, ვინც არ იცის, ვის აძლევს ხმას, ან არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია იმისთვის, რომ ამ კვლევით ნაჩვენები ვითარება შეიცვალოს. არჩევნებამდე კიდევ ერთი წელიწადია, ეს დრო საქართველოსთვის და საზოგადოდ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საკმაოდ დიდია.…ჩემი აზრით, არის იმის რესურსი, რომ ბარიერი ოთხმა და უფრო მეტმა პოლიტიკურმა ძალამაც გადალახოს. ამასთანავე, ჯერ არ ვიცით, რა პროცესები განვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - რას იზამს ნიკა მელია. მან დააანონსა, რომ 7 ოქტომბერს გასაჯაროვდება მისი გადაწყვეტილება, გავიგებთ წავა თუ არა პარტიიდან. თუ მან ცალკე პარტია შექმნა, ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ველი, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც 5-%-იან ბარიერს გადალახავენ. ისე კი, ჩემი აზრით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ. თუ კოალიციური ხელისუფლება შედგება, რისი რეალური შანსიც არის, ქვეყანაში ბევრი რამის პოზიტიურად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება.

- დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ზემოთ ნახსენებ გამოკითხვაში გახარიას პარტიის მხარდაჭერამ. რით შეიძლება ეს აიხსნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგა ხანია გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ ჩანს?

- გახარია წარმატებული და საინტერესო კარიერის პოლიტიკოსი აღმოჩნდა, როგორც შს მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის პერიოდის გათვალისწინებით. ის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მისი ქმედებები კი ორდინარული. იშვიათად მახსენდება იმგვარი ნაბიჯი, რაც მან გადადგა - გადადგომას ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, სწორი იყო თუ არა მაშინ ნიკა მელიას დაპატიმრება, გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი და საინტერესო ნაბიჯი იყო, რაც, ჩემი აზრით, ელექტორატზე დღემდე მუშაობს. გარდა ამისა, გიორგი გახარია არის სახელისუფლებო პარტიის ანასხლეტი. მისი მხარდამჭერების ნაწილი დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში თუ რეგიონულ მმართველობაშია. მას ამითაც აქვს გავლენა.

გახარია ჯერჯერობით არ უშვებს შეცდომებს, სატელევიზიო ეთერებში ყოველდღიურად არ ყელყელაობს, შესაბამისად, მუდმივად რჩება ინტერესი, თუ სად არის და რას გეგმავს. იშვიათად აკეთებს განცხადებებს, თუმცა საკმაოდ ორდინარულს. მიმართვის ფორმაც განსხვავებული აქვს. მოკლედ, მას ბევრი პლუსი აქვს, რაც საბოლოოდ ამ რეიტინგში გარდაიქმნება. მან ასევე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეკრანი მისი გუნდის წევრებს დაუთმო. ხალხი, რომელიც მმართველ უმრავლესობაში არაფრით გამორჩეული დეპუტატები იყვნენ, დღეს მეტ-ნაკლებად ყველამ გაიცნო, ისინი პარტიულ სახეებად იქცნენ. ამ ხალხისგან შექმნა გახარიამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდება.

- ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს გახარია ცდილობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ალიანსის მიღწევას. რეალურად თუ მიგაჩნიათ მსგავსი სცენარი და მომავალ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს?

- ჩემი აზრით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ის უკვე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რას და როგორ აკეთებს "ქართული ოცნება". საკმაოდ სარისკო ნაბიჯები გადადგა, როდესაც ჯერ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, შემდეგ ამ თავისი ევროპული ვოიაჟით შექმნა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ახლახან კი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიიღო ის ცნობილი გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ. რა სწორია და რა არასწორი, მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გამოვიდა "ქართული ოცნების" ჩრდილიდან და იქცა დამოუკიდებელ მოთამაშედ. ის ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში ოპოზიციურ შტოდ. გარდა ამისა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება პოლიტიკურად ძალიან არასწორი ნაბიჯია,­ მე არ ვეხები ამჟამად სამართლებრივ მხარეს. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ იმპიჩმენტის თემით სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაზრდილ რეიტინგს ისევ დააგდებდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ. დარწმუნებული ვარ, დღეს ზურაბიშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე.

რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს დღეს აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ჯამურად ამ ყველაფერმა მოგვცა მოცემულობა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკაში გახდა ფაქტორი. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა როგორც კერძო პირი (მას არ ჰქონდა მთავრობისგან რწმუნება) და დიდი პატივით ხვდებოდნენ ევროსაბჭოს, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახარიასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც - ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით - სურდეთ მისი მხარდაჭერის მოპოვება საარჩევნოდ. ამიტომაც ვერაფერს გამოვრიცხავთ.

- Edison Research-ის ამავე კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრებას გამოკითხული მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში - 90%. დამეთანხმებით, დიდი მხარდაჭერაა, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ძალაუნებურად იბადება კითხვა, სურს კი საერთოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მმართველ ძალას? აქვე გავიხსენებ, რომ გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა: "ვფიქრობ, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - არა იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ევროპაში. ევროკავშირს ესმის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო არ უნდა დარჩეს ამ პროცესისგან განცალკევებული" და დასძინა, რომ სტატუსის მისაღებად საქართველოს დამატებითი პირობები წარედგინება. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს შესაძლოა უკრაინის მეტად მხარდაჭერა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში უფრო მასშტაბურად ჩართვა მოსთხოვონ".

- მეც მათ რიცხვში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ არასწორი იყო უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მიცემა, საქართველოსთვის კი - არა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. სტატუსი უნდა მიეღო საქართველოსაც, არა იმიტომ, რომ ამას ხელისუფლება იმსახურებს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში უკრაინის ომმა დააყენა. ეს ფაქტორი რომ არა, ამ ეტაპზე ამ საკითხს არავინ განიხილავდა და ეს ქვეყნებიც არ იყვნენ მზად ამისთვის, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით პროცესები სხვაგვარად წარიმართა - გადაწყვეტილება მიიღეს არა იმის მიხედვით, მიცემული დავალებებიდან ვის რა ჰქონდა შესრულებული, არამედ პოლიტიკურად. ამიტომაც ამ პროცესში საქართველო არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მით უფრო, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ მოლდოვასა და უკრაინას კიდევაც ვუსწრებდით.

დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს თავისი ამომრჩეველი და საერთოდ, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს მათი დამსახურება იქნება, ხოლო თუ არ მოგვცეს, ოპოზიციის ბრალი იქნება, რადგან თურმე ის ცდილობს არეულობას. მოკლედ, თავს იზღვევს მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისგან. აგერ ვიღაც სერბები დაიბარეს სუს-ში... მოკლედ, ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს, დიდი საპროტესტო გამოსვლები იქნება, თუმცა, ვფიქრობ, აქციები იქნება, მაგრამ არა ისეთი და იმ მასშტაბის, რაც უკრაინაში მაიდნის მოვლენებისას იყო.

თუ სტატუსი მოგვცეს უპირობოდ, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად გააკეთა და საკითხიც ამოიწურება, მაგრამ თუ მოგვცეს ახალი პირობებით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების კეთილი ნება. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება? - ვერც ვერაფერს. ხომ არ იტყვიან, რატომ მოგვეცით და უკან წაიღეთ სტატუსიო? შეიძლება თქვან, ამ ახალი პირობების საკითხებიც მოგვარებული გვაქვსო, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პიარის ნაწილი, თუნდაც უკრაინის მეტი მხარდაჭერაც მოსთხოვონ.

განაგრძე კითხვა