უნდა მოვუხადოთ თუ არა ბოდიში ქართველებმა აფხაზებს და ოსებს?!
ჩვენი საზოგადოების ნაწილში დროდადრო აქტიურდება მოსაზრება, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოს და აფხაზ ძმებს და შევრიგდეთ...
შერიგება, რა თქმა უნდა ყველაზე მისაღები იქნებოდა, ნორმალური ურთიერთობები რომ დავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეროვნების მოქალაქეებთან, მაგრამ ბოდიშის მოხდა - რისთვის, ვისთვის, რატომ?
იმიტომ მოვიხადოთ ბოდიში, რომ აფხაზეთის ომში ახლად დამოუკიდებლობა აღდეგენილი ჩვენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება გვინდოდა თუ იმიტომ, რომ აგვისტოს ომში დროებით დაკარგული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყებას ვცდილობდით?
დიახ, აფხაზეთის და აგვისტოს ომებიც ჩვენი დიდი შეცდომა გახლდათ, ოღონდ შეცდომა მათი დაწყებისა და წარმოების მეთოდებისა და ხერხების გამო, რადგან მაშინვე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლისა და გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით, რომელშიც ოსი და აფხაზი სეპარატისტული ძალები სტატისტების როლს თამაშობდნენ და მათ საფარქვეშ კრემლმა 1992-2008 წლებში 16-წლიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაგვითრია, რომელიც ხან ღვივდებოდა, ხანაც იყინებოდა...
ამას კი მოსკოვმა და მისმა სპეცსამსახურებმა ქართველებში, ოსებსა და აფხაზებში ჩანერგილი თავისი გავლენიანი აგენტურული ქსელით მიაღწიეს, რომელთაც კრემლიდან მთავარი დავალება ჰქონდათ მიღებული - გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები რაც შეიძლება მეტად გადაეკიდონ ერთმანეთსო...
ამისთვის რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობითა და საკუთარ აგენტებზე დაყრდნობით ქართველების, ოსებისა და აფხაზების რიგებში შეიქმნა განსაკუთრებულად რადიკალური შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრებს ევალებოდათ, რაც შეიძლება საშინელი დანაშაულის ჩადენა - მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვების დახვრეტა - დაწვა, მოროდიორობა, ტყვეების წამება-დახოცვა, რათა ასეთი საშინელებებით შეძრწუნებული ქართველები და ოსები ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაჰკიდებოდნენ, ისევე, როგორც ქართველები და აფხაზები, ხოლო „მომრიგებლის“ როლი „დიდ“ რუსეთს შეესრულებინა...
ყველა ომში ხდება დანაშაული და ამ მხრივ არც „ჩვენებური“ ომები ყოფილა გამონაკლისი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში - დიახ, ქართული შეიარაღებული რაზმების (რომლებიც ხშირად არავის ემორჩილებოდნენ) ზოგიერთ წევრს მართლაც დაუწიოკებია ოსებისა თუ აფხაზების ოჯახები საბრძოლო მოქმედებების ზონებში (თუმცა ასეთებს არანაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი სამეგრელოს სოფლებში სამოქალაქო ომის დროს), მაგრამ განა იგივე „კალაშნიკოვიანი“ ოსები და აფხაზები მამა აბრამის ბატკნები იყვნენ ამ ომებში?
განა ოსებს ცოცხლად არ დაუწვავთ ქართველები ან აფხაზებს, ადგილობრივ სომხებთან და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან ერთად, რუსი ოფიცრების თვალწინ ქართველების მოჭრილი თავები ფეხით არ გაუგორებიათ?
ასე რომ, თუკი ვინმე თვლის, რომ ქართველებს საბოდიშო გვაქვს ვინმესთან, მოდი, იმაზეც დაფიქრდით, მათ რამდენჯერ უნდა გადაეხადათ აქამდე ბოდიში ჩვენთვის...
ბოლოსდაბოლოს ვის მოუწყვეს ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? შემთხვევით იმ ადგილობრივ სამასი ათასზე მეტ ქართველს ხომ არა, რომელთა გამოდევნის შემდეგ მათი სახლები სპეციალურად გადაწვეს, ხოლო სოფლები მიწასთან გაასწორეს, რომ ქართულის რაიმე მცირე კვალიც კი წაეშალათ?
პირადად მე ორი ეპიზოდი მინდა, გავიხსენო, რომლის ან უშუალო მონაწილე გახლდით, ან კიდევ ირიბი შეხება მქონდა...
სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტები აფხაზეთის ომში, რა თქმა უნდა, იყო, ორივე მხრიდან, ვინ უფრო მეტი ტყვე აწამა და დახვრიტა, ამის ზუსტი დადგენა ურთულესია, თუ შეუძლებელიც არა.
გაგრის დაკარგვის შემდეგ ორჯერ მონაწილეობა მივიღე სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში.
პირველად სოხუმის მაიაკის რაიონიდან რუსული სამხედრო შვეულმფრენით გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზე ორი სამხედრო ტყვე გადავაფრინეთ, რომლებიც ჩრდილო-კავკასიიდან იყვნენ და ისე გამოიყურებოდნენ უზარმაზარი წვერებით, რომ მარტო შეხედვა დაგაფრთხობდა, მაგრამ თვალებში შემომციცინებდნენ და ჩუმად, დიდი მორიდებით მეკითხებოდნენ, - დასახვრეტად მიგყავართო?..
- არა-მეთქი, დავამშვიდე, წყალიც მივაწოდე, საჭმელიც და ნუგეში მივეცი, - გუდაუთაში უნდა ჩაგიყვანოთ და ქართველებზე გაგცვალოთო. შეიძლება ბოლომდე არც დამიჯერეს, მაგრამ ცოტათი დამშვიდდნენ, ხოლო გუდაუთაში ჩაფრენის შემდეგ კი გამხიარულდნენ კიდეც (მათ ნაცვლად ქართველი სამხედრო ტყვეები კი არა, არამედ - ერთი ქართული ოჯახი, ბავშვებიანად გამოგვატანეს).
გუდაუთაში მეორედ ჩაფრენის შემდეგ კი იმ ქართული სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლები წამოვიყვანეთ, რომლებიც გაგრაში ალყაში აღმოჩნდნენ და თვეზე მეტი მოუწიათ ტყვეობაში ყოფნამ...
სწორედ მაშინ შევძელი შედარების გაკეთება - როგორ მდგომარეობაში ჩავიყვანეთ გუდაუთაში ორი ჩრდილოეთ კავკასიელი ტყვე და რანაირად გამოიყურებოდნენ მეფარიშვილის ბატალიონის ტყვედნამყოფი ქართველი მებრძოლები - მათ საშინელი ტყვეობა განვლეს და ამისთვის კიდევ ჩვენ, ქართველებს გვაქვს ბოდიში მოსახდელი?
აფხაზებმა ქართველები განსაკუთრებით მაშინ დაგვწყევლეს, როდესაც 1992 წლის 14 დეკემბერს სოფელ ლათასთან ჩამოვაგდეთ ტყვარჩელიდან გუდაუთისკენ ხეობებით მფრენი შვეულმფრენი, რომელშიც 85-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რვა ორსული ქალი და 35 ბავშვი...
ეს მართლაც საშინელი ტრაგედია გახლდათ (ეს ფაქტი მაშინ გინესის წიგნშიც კი ჩაიწერა, როგორც ერთი შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად ერთიანად დაღუპულთა მაქსიმალური რაოდენობა), მაგრამ რა იცოდა იმ სვანმა, რომელმაც „სტრელას“ საზენიტო რაკეტა გაუშვა ამ რუსული კამუფლირებული „მი-8მტ“ ტიპის შვეულმფრენის მიმართულებით, რომ ამ სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენში ამდენი სამოქალაქო იჯდებოდა, 15 აფხაზ მებრძოლთან ერთად? (სხვათა შორის, უცნაური დამთხვევაა, რომ ზემოხსენებული ორი ჩრდილოეთ კავკასიელი ტყვე გუდაუთაში მანამდე სწორედ იმ, „03“ საბორტე ნომრის მქონე რუსული შვეულმფრენით გადავაფრინეთ, რომელიც მერე ლათასთან ჩამოაგდეს).
ამის საპირისპირო მაგალითები - აფხაზმა მეზენიტეებმა სპეციალურად ესროლეს საზენიტო „იგლებიდან“ და „სტრელებიდან“ იმ თვითმფრინავებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში ეშვებოდნენ და ადვილად გამოსაცნობი იყვნენ, როგორც სამოქალაქო ლაინერები, რითაც საერთაშორისო დონის საჰაერო ტერორისტული აქტები განახორციელეს...
1993 წლის 21 სექტემბერს სოჭიდან სოხუმისკენ მფრენი სამგზავრო „ტუ-134“ ბაბუშერას აეროპორტში დაშვებისას ზღვაში მოდრეიფე აფხაზური კატარღიდან გაშვებულმა „სტრელას“ საზენიტო რაკეტამ დააზიანა და 300 მეტრიდან ზღვაში ჩავარდნილი ამ სამგზავრო ლაინერის ბორტზე მყოფი 28-ვე სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მეორე დღეს, 22 სექტემბერს, აფხაზური კატარღიდან გაშვებულმა მორიგმა „სტრელამ“, ბაბუშერას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შესული ქართული სამგზავრო „ტუ-154“ დააზიანა, ეკიპაჟმა მაინც მოახერხა თვითმფრინავის დასმა, მაგრამ ლაინერი ნაწილებად დაიშალა, ცეცხლი გაუჩნდა და მის ბორტზე მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა...
გარდა ამისა, ბაბუშერას აეროპორტში მდგარი კიდევ სამი სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავი აფეთქებული იქნა აფხაზური არტილერიის მიერ...
ასე რომ, თუკი ომის დანაშაულებებზეა ლაპარაკი, „ჩვენებურ“ სეპარატისტებს“ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არანაკლები ჩაუდენიათ, ვიდრე იქ შესულ ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს და უფრო მეტი ბოდიშის მოხდა ვის ეკუთვნის, ჯერ კიდევ გასარკვევია...
რაც შეეხება შერიგებას, ეს ყველაზე მისაღები და აუცილებელი ფორმაა, პირადად მე, 1992 წლის ცხინვალის ომის შემდეგ მომიწია ცხინვალის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაშლილ პურ-მარილზე ყოფნამ და ჩემ წინ მჯდომ ცხინვალელ მებრძოლებთან ჭიქის მიჭახუნებაც კი და ერთმანეთს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვუყვებოდით, ომის დროს ვინ რომელ პოზიციაზე ვიყავით...
შერიგება შეუძლებელი არ არის, თუმცა აქაც განსხვავებული სიტუაციაა ოსებთან და აფხაზებთან მიმართებაში.
ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ოცნებობს „დამოუკიდებელი ოსური სახელმწიფოს“ მომავალზე, მათთვის სრულად მისაღებია, რომ რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად „მიიერთოს“...
აფხაზებს კი სხვა მიზნები აქვთ - ჩვენ იმიტომ არ დავღვარეთ ამდენი სისხლი ქართველებისგან ჩამოსაშორებლად, რომ ახლა რუსეთის ნაწილი გავხდეთ, აფხაზეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ უნდა იყოსო, თვლის ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი აფხაზი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, თუმცა მათი რიცხოვნობა ყოველწლიურად იკლებს, სამაგიეროდ, იზრდება სომეხი ეროვნების ადგილობრივთა რიცხვი, რომელთათვისაც აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის მიერ სრული „ჩაყლაპვა“ სანუკვარი ოცნებაა, მაგრამ ამას აფხაზებს ხმამაღლა ჯერ ვერ უბედავენ, ჯერ...
საქართველოს საავადმყოფოებში წლების განმავლობაში ათასობით ოსს და აფხაზს გაუვლია ისეთი სერიოზული მკურნალობა, რომელსაც აფხაზეთში, უბრალოდ, ვერ მიიღებდნენ, თანაც - უსასყიდლოდ, რაც რუსეთის კლინიკებშიც გამორიცხული გახლდათ.
ეს და სხვა დახმარებები შეიძლება ქართველებისკენ ცოტათი აბრუნებს ოსებისა და აფხაზების ნაწილს, მაგრამ მოდი, თავი არ მოვიტყუოთ - ცხინვალსა და სოხუმშიც ჯერ როგორც მტრებს, ისე გვიყურებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეცნობიერად მუდამ ეშინიათ, რომ ქართველები ადრე თუ გვიან მთელი ძალებით მოინდომებენ სამართლის აღდგენას, საქართველოს გაერთიანებასა და ასი ათასობით იძულებით დევნილის მშობლიურ მიწებზე, თუნდაც გადამწვარ ნასახლარებში დაბრუნებას...
მათი ეს შიში განსაკუთრებით გამწვავდა 30 წლისთავზე, როდესაც დაზაფრულნი უყურებენ, თუ როგორ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა მეზობელმა აზერბაიჯანმა და ყარაბაღში მაცხოვრებელი 120 ათასი სომეხიდან 100 ათასზე მეტმა უკვე როგორ დატოვა საცხოვრებელი სახლი და სომხეთს შეაფარა თავი. ეს პროცესი გრძელდება და შეიძლება რამდენიმე დღეში ყარაბაღში ერთი სომეხი ეროვნების მოქალაქეც კი აღარ დარჩეს...