30 წლის შემდეგ ზუგდიდში რომ ითამაშებ, ეს სამუდამოა!
ეს ფოტომოგონება ქართველ კლასიკოს მწერალს, პოეტს, დრამატურგსა და პუბლიცისტს, ჩემს დაუვიწყარ უფროს მეგობარს - ბატონ თამაზ ჭილაძეს, მასთან და მის უძვირფასეს დასთან - ქალბატონ თინა ჭილაძესთან ერთად ჩემს მოგზაურობას ეძღვნება. რატომ მაინცდამაინც ახლა? - 28 სექტემბერს ბატონი თამაზის გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა და ვიფიქრე, ამ ფოტოამბებით ბატონი თამაზის მოგონება ურიგო არ იქნებოდა.
2016 წელს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ხატია ჯანაშიამ ბატონ თამაზს 85 წლის საიუბილეოდ საუცხოო დღესასწაული მოუწყო, შესანიშნავი საღამოთი და ანაკლიაში ერთკვირიანი დასვენებით. ამ მოგზაურობაზე ბატონი თამაზის დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ 30 წლის უნახავი ზუგდიდის ხათრით მაინც დავიყოლიეთ. მე, მეგობრისა და ჟურნალისტის ამპლუაში, ძვირფას სტუმრებს ვახლდი და იმ დაუვიწყარ დღეებზე ჩემი სტატიებით ვუამბე საქართველოს მოსახლეობას. იმ დღეებში ფოტოც ბევრი გადავიღეთ, ამიტომ მოგვიანებით სხვა ფოტოამბებსაც გაგაცნობთ, ეს ფოტოები კი იმ ულამაზესი დღეების მხოლოდ ერთი ეპიზოდია, დაუვიწყარი ეპიზოდი - ორი მონარდის, დიდი ქართველი კლასიკოსისა და "პალიტრა მედიის" "თავხედი" ჟურნალისტის დაუნდობელ დუელზე, რომელიც...
იმ დღეების განმავლობაში ანაკლიის სასტუმროში ვცხოვრობდით. დღისით სასადილოში ვსაუბრობდით ხანგრძლივად, შუადღეს ბატონი თამაზი და ქალბატონი თინა ისვენებდნენ, საღამოობით კი სასტუმროს ფოიეში ნარდს ვთამაშობდით. ბატონი თამაზი შორიდან გვიცქერდა ხოლმე. ერთ დღესაც ძალიან გამიმართლა და მათი ოჯახის ახლობელ მძღოლს - თენგიზს ზედიზედ რამდენიმე "მარსი" მოვუგე. ეს უკანასკნელი... გაგვექცა. ცოტა ხანში ბატონი თამაზი მომიახლოვდა და, - მოდი, ვითამაშოთო, - შემომთავაზა. მეც მეტი რა მინდოდა და იმწამს დავთანხმდი. დაიწყო ორთაბრძოლა და რას წარმოვიდგენდი, მუდამ დინჯი, ტკბილი, ხავერდოვანი ხმით მოსაუბრე 85 წლის კლასიკოსი უსაზღვროდ აზარტული თუ იქნებოდა! თამაშისას, თითქოს, ფორტუნა კვლავ ჩემს მხარეს იყო, ამიტომ, ვფიქრობ, მოსალოდნელი დამარცხება რომ გაემართლებინა, ბატონმა თამაზმა ხმამაღლა წარმოთქვა, - წესიერი კაცი ვარ და წავაგებო. მერე კი, თითქოს მშვიდად, დააყოლა, კი არ მიგებს, მანგრევსო, მაგრამ ვხვდებოდი, განიცდიდა. ჯერ რამდენჯერმე გამაფრთხილა, არ მომატყუოო, მერე, ქვას ვერ ვაცოცხლებდი და კვლავ ყოვლად უსარგებლო "ფანჯი დუ" რომ მომივიდა, ეშმაკური ღიმილით "მომაყოლა", - ძალიან კარგი, თუ არ მოგივიდაო. დუშაში რომ გააგორა, იმწამს შეიქო თავი, - რა კარგი ბიჭი ვარო. რომ დარწმუნდა, მიგებდა (მგონი, დასაწყისიდანვე დარწმუნებული იყო, ოღონდ მე მისი უპირატესობა რომ არ მეგრძნო და ფარ-ხმალი არ დამეყარა, მამხნევებდა, ეს თამაში წავაგეო) და ქვების გამოყრა დაიწყო, თან ღიმილ-ღიმილით "მებოდიშებოდა", - რა ვქნა, ამ ქვებს უნდა გამოვიდეო.
ბოლოს გამარჯვების მოლოდინმა ისე გაიტაცა, ემოციას აღარც მალავდა, - აბა, ერთი "დუშაში" და დავამთავრეო! ჰოდა, მომიგო კიდეც, თან თვალებით გაქცეულ თენგიზს ეძებდა, - მოდი, სისხლი ავიღეო! თენგიზი არსად ჩანდა. ბატონი თამაზი "დავამშვიდე", - თენგიზმა იმდენი ხელი წააგო ჩემთან, ეგ სისხლის აღება ვერაფერს უშველის-მეთქი... ჩაეცინა, მერე კი დააყოლა, 30 წლის შემდეგ კვლავ ზუგდიდში რომ ითამაშებ, ეს სამუდამოაო!
2 წელიწადში ბატონი თამაზი გარდაიცვალა და მისი სამეგრელოში თამაში მართლაც სამუდამო აღმოჩნდა...
მე კი დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა ის ზუგდიდანაკლიური დღეები და ვაღიარებ, რომ კიდევ ბევრჯერ ვიტრაბახებ, როგორ "გავანადგურე" ბატონი თამაზის ოჯახის ახლობელი, როგორ მოვუგე ჩემს უფროს მეგობარს თუნდაც ის 2-3 ხელი ნარდში და როგორ "აიღო სისხლი" თენგიზის გამო ბატონმა თამაზმა, როდესაც მე "გამანადგურა"!
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)