სტუმრად თამარის კარზე
რამდენიმე წელია ვაგროვებ წყაროებს თამარის სასახლის და გარემოცვის შესახებ, რომელთა ჩვენებებიც საკმაოდ დაწვრილებითია, წინამდებარე წერილში გადავწყვიტე მათი მხატვრული ფორმით გადმოცემა, მაგრამ მხატვრული ჩანართების ადგილი აქ მინიმალურია და ძირითადად მხოლოდ შთაბეჭდილებების დონეზე რჩება, სხვა მხრივ, ყველაფერი ამ ეპოქის წყაროებიდანაა მოტანილი.
ტრაპიზონიდან აფხაზეთისკენ მიმავალი ხომალდები ზღვაზე ავდრისას ნაპირისკენ მიიწევენ და სანაპირო ზოლის გასწვრივ ცურავენ, რათა საშიშროების შემთხვევაში თავი ხუფათის, ბათომის ან ფოთის ნავმისადგომებს შეაფარონ. ახლაც, ცუდი ტაროსისას სანაპიროს მახლობლად ხომალდების გრძელი და მჭიდრო მწკრივი გადაიჭიმა. ჩვენ საფრთხე ყველაზე ნაკლები გვაქვს, მეგრულ ოლაჭკანდარში ვსხედვართ, ბერძნული და გენუური გალერებისგან განსხვავებით მას უფრო შეკრული პირი და ვიწრო გემბანი აქვს, გობივით, ამიტომ შტორმში უფრო საიმედოა. ხომალდის მენავეთმოძღვარს მაინც შფოთი ეტყობა, მისთვისაც ეცნობებინათ ფოთიდან უძვირფასესი საქონლით დატვირთული ხომალდის გასვლის შესახებ, რომელსაც ზღვის ფსკერზე უპოვია განსასვენებელი უფლის მოსვლამდე. ალექსი ბერძენთა მეფეს მისი ნამსხვრევების მოსაძიებლად საგანგებო ხომალდი გაუგზავნია.
სხვა მხრივ, ზღვაზე ნაოსნობა უსაფრთხოა და მეკობრე ნავების თავდასხმებისაგან თავისუფალი, რადგანაც ლიხს აქეთ გადმობრძანებისას თამარი ზღვის საქმეს საგანგებოდ მოკითხულ ჰყოფს და დაიურვებს ხოლმე, ამის გამო, თავად ზღვისფერთვალებიანი თამარი ბერძენ და ფრანგ მეზღვაურებსაც კი ზღვის მფარველ კეთილ გენიად მიაჩნიათ და ზურგის ქარისას მას უმღერიან ხოლმე.
ტრაპიზონიდან ხუფათამდე ნაპირნაპირ ვიარეთ, ხუფათს როცა გავუსწორდით, თვალი ვკიდეთ ამ ,,ცოტასა მარა ტურფასა“ საზღვაო ქალაქს, რომელიც ერთი ხანი ბერძნებს ჰქონდათ გატანილი, შეუპოვარმა ბაგრატ კურაპალატმა კატაპულტებით შელეწა მისი ზღუდეები და ასე დაიბრუნა ეს საზღვაო კარიბჭე. ხუფათის სანაპიროსთან ზურგის ქარმა დაბერა, ყველამ დავლოცეთ თამარის სვე და ჩვენმა ოლაჭკანდარმა ზღვის პირიდან სიღრმისკენ გადაინაცვლა, რათა ანაკოფის ნავსადგურში უფრო სწრაფად ჩასულიყო.
გამთენიისას უკვე გამოჩნდა დიდებული საზღვაო ქალაქის - ანაკოფის მქრქალი ხაზები, რომელიც ანტიკური და მედიევალური სტილების საოცარი კომბინაციაა, ზღვის ერთფეროვნებით დაღლილ თვალს ერთბაშად იტაცებს მისი თაღების მაღალი და გრძელი მწკრივი. ქალაქის ნახვისას ხომალდზე მყოფმა ერთმა რუმელმა თურქმა ვაჭარმა გემბანიდან ყელი წაიგრძელა და ამოილუღლუღა: ,,ბილკის მემლექეთ !“ თურქები თამარს საბას განთქმული გრძნეული დედოფლის სახელს ეძახდნენ, თითქოს თამარსაც მხოლოდ გრძნებით ეძლიოს მათი სულთანი.
ნავსადგურში შესვლისას ხომალდის მდივნებმა სწრაფად აღწერეს შემოტანილი საქონელი, სამეფო წილი გადადეს და მალევე გავთავისუფლდით.
იმედი გვქონდა მეფეს ცხუმში ან ანაკოფში ვნახავდით, რადგანაც ზამთარი იყო და წესისამებრ ის სწორედ აფხაზეთში იზამთრებდა, მაგრამ ამ ჯერზე შევიტყვეთ, რომ აფხაზეთის ნიკოფსამდე მოხილვის შემდეგ თამარი მალევე თბილისს გაბრუნებულა. გავემზადეთ თბილისს წასასვლელად. აფხაზეთში თბილი ზამთარი იცის, ამიტომაც ბაგრატიონთა ზამთრის სადგური აქაა. მიწა მდიდარია ნაყოფებით, პირუტყვით და კარგი ღვინით. შესანიშნავი ჰაერით და უხვი საზრდოთი დაჯილდოებული აფხაზები თხელი აგებულების არიან და თითქმის ყველაფერში მეგრელებს ჰგვანან, ბრწყინვალე ქსოვილების დამზადება იციან, თავიანთი მსუბუქი და მოქნილი სხეულებით კოხტად ატარებენ აბრეშუმის ძვირფასი ქსოვილის სამოსებს, ვარცხნილობად მათაც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ტონზურა აქვთ, ანუ კოჭიკური, ოთხკუთხად ამოპარსული თხემი.
თამარის ლაშქარში აფხაზები მარჯვენა ფრთაზე არიან განწესებული, მხდალი არ ეთქმით, მაგრამ ბასიანისა და შამქორის დიდ ომებში თავი მაინცადამაინც არ უსახელებიათ, ზოგი ამბობს, გულოვნობით მესხნი, ფხით მეგრელნი, სიმდიდრით კი სომხითარნი ჩრდილავენო, მაგრამ თუკი ხმელეთის ლომები მესხები არიან, ზღვაზე ასეთებად აფხაზებს იცნობენ, ტრაპიზონს გალაშქრებისას თამარმა ქართველთა სახმელეთო ჯარს ზღვით ფლოტიც გააყოლა და იქ მეტი ასპარეზი მიეცა აფხაზთა სიქველეს.
აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ მიმავალი გზები წარმტაცი ბუნებითაა მოცული, მრავლად მიმობნეული დიდი სოფლებით გამხიარულებული.
ხმებია დაყრილი რომ თამარის მოყმეთა შორის იმიერნი, ანუ დას. საქართველოს რაინდობა მეფის ერთგულებით გამოირჩევა, თუმცა ამ სიამტკბილობამდე, რუსის განდგომისას თამარს მთელი ლიხთიმერი გადაუდგა და ხელის მაღალ უფალთან აქ ბიჭვინთელი კათალიკოსისა და ქუთათელი მთავარეპისკოპოსის მეტი მეფის ერთგული არავინ დარჩენილა. განსაკუთრებით საწყენად თამარს ის დაურჩა რომ განდგომილებმა გადაწვეს მისი ერთგული ქალაქი ოძრხე, თმოგვზეც იმავეს ეცადნენ მაგრამ თამარის ლაშქარმა იმძლავრა ბოლოს და უხვად გაღებული სისხლის ფასში სამეფო განუხეთქელად დაიცვა. ქუთაისიდან ცხუმისკენ მიმავალ გზაზე ლიხთ იმიერ მოყმეთა გუნდს გადავაწყდით, მეგრელები უნდა ყოფილიყვნენ, ცხენკაციანად სრულად იყვნენ შეაბჯრულები, მათგან ზოგიერთი ატარებდა მაღალ წაწვეტებულ ქუდს, თვალებთან ჩამოფხატულს და გრძელ ნაწნავებს, ეს სწორხაზოვნება მონუმენტურობისა და ქარიზმატულობის ელეგანტურ ნაზავს იძლეოდა, ჩანს, ამიტომაც გავრცელდა ის ქედმაღალ ბიზანტიურ არისტოკრატიაშიც.
თვალსაჩინოა დიდ მდინარეებზე გადებული კეთილნაშენი ხიდების სიმრავლე. ეს შიშველი რკალი კი არ არის, არამედ ერთგვარი ბალდახინით დაბოლოებული - კამარად შეკრული ძელების მაღალი თაღი, რაც მასზე გავლას უფრო უსაფრთხოსა და შთამაგონებელს ქმნის.
ანაკოფიდან რიონამდე ძალიან სწრაფად ვიარეთ, ჭაობებში გაჭრილ მოკლეებზე გავლაში დიდი ჯაფა დაგვადგა, ჰაერი ხშული იყო და მავნე, კულაროპთან რიონის სანაპიროს მივაღწიეთ, მდინარე გადატვირთული იყო ქუთაისიდან ფოთს, ანაკოფს, ცხომს თუ ხუფათს მიმავალი მოზრდილი ხომალდებითა და ნავებით.
რადგანაც ძალიან ვჩქარობდით თბილისს ჩასვლას, სწრაფად გადავცურეთ რიონი სანაოსნო მონაკვეთამდე, გარდიგარდმო ბევრი სავაჭრო დაბა და პატარა ქალაქი გვხდებოდა. სანაოსნო გზის დასრულების შემდეგ ქუთაისში შეუსვლელად გავემართეთ თბილისისკენ. თავს ავარიდებ ყველა იმ ფერადების აღწერას, რაც ისანთა სასახლემდე მოღწევამდის შეიძლება გამოიაროს, გამოცადოს და გასინჯოს უცხო თვალმა. აფხაზეთიდან გამომგზავრების მეოცე დღეს თბილისში ვიყავით.
თამარის სამეფო სასახლე დიდშენია და კეთილმოწყობილი, სამეფო სიდიადის გარდა ამას წმინდა საჭიროებითი მხარეც აქვს, მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად დიდებულებიც უმეტესად დროს თამარის კარზე ატარებენ.
სამეფო სასახლეს ჭეშმარიტად მეფურ იერს სძენენ მრავლად დატანებული კოშკები, თაღებით შეკრული სვეტები და კარიბჭის სტოები.
სასახლეს ძირს, ძალიან ახლოს, წყალი ჩაუდის. განსაკუთრებულ დიდებულებას თამარის სასახლეს სძენენ დიდი და მშვენიერი ბაღები (,,მტილ-სამოთხენი“), ფილოპატი, ანუ იშვიათი ცხოველების ნაკრძალი, სადაც სხვათა შორის ალადინ სულთნისაგან მოძღვნილი სპილოს და შარვანშასაგან მოგვრილი ლომის ნახვაც შეიძლებოდა ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან და ფრინველთან ერთად.
სასახლეს ამშვენებდნენ აუზები (,,ავაზანნი“) და ფართო იპოდრომი (,,განხმული იპოდრომი“), რომელთაც ესდენ აქებენ მეფის მეხოტბენი და მემატიანენი.
აქვე უნდა ვახსენოთ მისი კარის ეკლესიაც, სადაც ლოცვები მოუკლებელად აღესრულება და სჯულიერი ცხოვრება საბაწმინდის შავმთური ტიპიკონის რიგზე წარმოებს. მეფისა და დიდებულებისათვის აქ ხშირად თავად კათალიკოსი მღვდელმოქმედებს.
მხურვალე ქრისტიანული სულის გარდა თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა, რაც ასე ძალიან ჰგავს რაინდულ ტურნირებს. ,,კარგი მოყმის" - ამირ მირმანის სტუმრობისას მისმა ქვეშევრდომებმა დაიტრაბახეს, მისნაირი მობურთალი მთელს ირანსა და ერაყში არ მოიძებნებაო. თამარი რაინდული ასპარეზობების დიდი მოყვარული იყო, მალე მოეწყო დიდი ტურნირი ბურთაობაში, იქით ამირ მირმანი და მისი მოყმეები გაეწყვნენ, აქეთ სოსლან დავითი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, თამაშს თავად მშვენიერი თამარი ესწრებოდა, მეფობისა და რაინდობის სამკაული, ამიტომ ორივე მხარის თავმომწონე ჭაბუკები წელებზე ფეხს იდგამენ, ამირ მირმანი დიდი გარჯილობის მიუხედავად მალე იძლია სოსლანის მობურთალებისაგან, რამაც ძალიან დააჭმუნა ძლევისმოყვარე ყმაწვილი, ამ და სხვა გამარჯვებებმა ქართველ მოასპარეზეებს ისე გაუთქვა სახელი, რომ თამარის მოყმეთა ქებამ სალადინის სამეფომდე ჩააღწია, როგორც ამას ეგვიპტურ ეპიკურ პოემა ,,ალ ჰიმმა"-დან ვიგებთ.
თამარის სასახლის აუზები მხოლოდ სამშვენისები არ არიან, იპოდრომზე ბურთაობის, ცხენოსნობისა და მშვილდოსნობის გარდა თამარის მოყმეები ერთმანეთს ცურვაშიც ეჯიბრებიან. ქართული სამხედრო აღზრდის იდეალები ესწორებიან არამხოლოდ დახელოვნებულ მხედარსა და მშვილდოსანს, არამედ კარგ მცურავსაც, თუ სამეფო ოჯახის პანეგირისტებს დავუჯერებთ მათ შორის პირველობას დავით სოსლანი ფლობდა.
თამარის კარისკაცები, დიდებული დარბაისელნი უმეტესად მხედარნი არიან და ბილწსიტყვაობისკენ ბუნებრივად მიდრეკილნი, ამიტომ მათ სასტიკად აქვთ აკრძალული უშვერი მეტყველება, ისე როგორც ეს დავით ახლის ლაშქარში იყო.
თამარის ბრწყინვალე კარი საკმარისად გავაშუქეთ, ახლა უშუალოდ მეფის აღსაწერად მოვიმარჯვოთ ხოხბის ბუმბული და სინგურის მელანი.
თამარს ლურჯი თვალები აქვს - „გრემანია თუალითა“, ანუ აქვს „თუალნი ზღუებრ ლურჯი“. მეფე-ქალი ტანადია, თანაზომადი პროპორციებით, მართალია წელში გამოყვანილ პორფირს არ ატარებს, მაგრამ ეს მაინც თვალსაჩინოა. პირისახე თეთრი აქვს, ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, რაშიც მისი რამდენიმე თვითმხილველიც დაგვემოწმება. პირველი შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა აქვს, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილია სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვევია. („ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე“). რამაც გიორგის მისი თანამოსაყდრედ დასმა და სამეფოდ მომზადება ჯერუჩინა.
ამდენად, ჩვენს წინაშეა ტანადი, მომხიბვლელი აგებულების, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილია იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (მისივე თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინი არქვია. გვირგვინში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიან.
რაც შეეხება მეფის ტახტს, ძალიან მაღლაა აზევებული. მისი „კედელ-ყურენი“ ფიქლით არის შეძერწილი, შთამბეჭდავია მასში ელვარე სარდიონის ხურუმზის, ბივრილიონისა და ლიგვირიონის „ურთიერთს შთათხზვა“, რის შედეგადაც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებითაა აციალებული.
სარდიონი და ბივრილიონი არის „თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარება“, ამგვარად, ღამეც კი მეფის ტახტი საოცარი ფერადებით იყო აციალებული, მისი თვითმხილველები ამბობენ: „უგავს ელობა კრონოს ციერსა“.
ჩამოღამდა, სამეუფეო სერის გარშემო საუცხოო ღვინის კეთილსურნელება იკმევა. განსაცვიფრებელია სამეფო სუფრის ჭურჭელი, ის ალისფერი ბადახშისგანაა დამზადებული (შავთელი) და მგზნებარედ აფრქვევს წითელ ციალებს, რომელიც ზღაპრულად ეხამება მეფის ტახტის ფოსფორული ქვების ნაკვერჩხლისებურ კვესებს და მისი გვირგვინის ზურმუხტებიდან გადმოღვრილ მწვანე კიაფებს.
აქა-იქ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაგრამ მაინც ცხადად, შემდეგი სილუეტები იხლართებიან ერთმანეთში: მუშაითები - აკრობატები, თამარის კარზე მათ საპატიო ადგილი უჭირავთ და მეჯლისების აუცილებელი თანმხლები არიან.
მათ გვერდს უმშვენებენ მუტრიბნი თავიანთი ჩანგებით, აქვე არიან მგოსნები და მოშაირეები - სიტყვის ოსტატები როგორ მოაკლდებოდა ,,სწავლის გუშაგად“ წოდებული, თავად მწერალი თამარის სასახლეს.
სხვა მხრივაც აქ ბევრ უცხო სანახავს გადააწყდებით, თამარის ტყვე ინდოელებსაც კი, ქართველები რომ ზანგებს ეძახდნენ, ეს შამქორის ომის ნადავლია. ჩახრუხაძემ მათზე თქვა:
,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად"
საბარძიმე ღვინის მათრობელმა ნელსურნელებამ ხაზები გააბუნდოვანა და ფერები აღრია, და მაინც, კიდევ ერთხელ ვაპარებ თვალს თამარის ტახტისკენ, რომელსაც ირგვლივ შემორტყმიან მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი მოყმეები ზვიადი იერით, თვალებთან ჩამოფხატული წაწვეტებული ქუდით და გრძელი ნაწნავებით, გარს ერტყმიან თეთრყირმიზ, ლურჯთვალება თამარს, რომელიც ლურჯი პორფირით არის მოსილი, საყბეური ჩამოშლია და სრულად იხილვება მისი ანგელოზისებური, მოვარდისფრო ღაწვები. ალერსიანი ღიმილი დასთამაშებს ნათელ სახეზე და მის კალთაში ნებიერად წამოწოლილ ლომის ბოკვერს ეფერება, შარვანშასაგან მოძღვნილს.