"რევოლუციებისა და გადატრიალების ექსპორტი არ გამოდის, თუ თავად ქვეყანაში არ არის ამისთვის მზაობა...ამგვარი საპროტესტო განწყობა დღეს საქართველოში არ არის!" - კვირის პალიტრა

"რევოლუციებისა და გადატრიალების ექსპორტი არ გამოდის, თუ თავად ქვეყანაში არ არის ამისთვის მზაობა...ამგვარი საპროტესტო განწყობა დღეს საქართველოში არ არის!"

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე "კვირის პალიტრის" 2 ოქტომბრის ნომერში საუბრობს სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოში არეულობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იგეგმება.

- უკვე ახსენეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვაზე დაბარება. უწყების მტკიცებით, ისინი ჯგუფ "კანვასს" წარმოადგენენ. გაუთქმელობის შეთანხმების გამო კომენტარი ამ თემაზე არავის გაუკეთებია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და რომ განიხილება "ევრომაიდნის" სცენარი. უწყების მტკიცებით, ამ სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია "კანვასი".

- არა მგონია, ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამდეს და იჯერებდეს ვინმე საქართველოში. გადატრიალების სცენარებზე ლაპარაკი პირველად ხომ არ იწყება, ბევრჯერ მოგვისმენია მსგავსი რამ ხელისუფლებისგან. როგორც ჩანს, სუს-ის განცხადების შემდეგ სჭირდებათ რაღაც ილუზიის შექმნა და ეს ხალხიც იმიტომ დაიბარეს. მერწმუნეთ, ვერცერთი ჯგუფი ქვეყანაში ვერაფერს გააკეთებს, თუ ამისთვის საზოგადოება მზად არ არის. რევოლუციებისა და გადატრიალების ექსპორტი არ გამოდის, თუ თავად ქვეყანაში არ არის ამისთვის მზაობა. ოპოზიციის მთავარი შეცდომაც ისაა, რომ მუდმივად ჰგონიათ, რაღაც მოხდება, დაიწყება აქციები, ეს გადაიქცევა მასშტაბურ პროტესტად და ხელისუფლებაც შეიცვლება. ამგვარი საპროტესტო განწყობა დღეს საქართველოში არ არის! არ ვიცი, რა იქნება ხვალ-ზეგ, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილება და უარყოფითი მუხტი აშკარად მატულობს. მის საყრდენს ახლა ძირითადად სახელმწიფო ადმინისტრაცია და ძალოვანი უწყებები წარმოადგენენ. ამის მიუხედავად, მოსახლეობა არ არის დღეს მზად ქუჩაში გასასვლელად და პერმანენტული აქციების დასაწყებად. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც. ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იწყება და მისი მართვა ვერ ხერხდება, არათუ მიზანს ვერ აღწევს, არამედ ოპოზიციას აზარალებს, მის სისუსტეს აჩვენებს. ოპოზიციურმა სპექტრმაც უნდა შეაფასოს საზოგადოებაში არსებული განწყობები და შესაბამისად იმოქმედოს.

განაგრძე კითხვა