როგორ გადაურჩა საქართველო 1998 წელს სამოქალაქო ომს - ქვეყანაში არეულობა შოიგუს საიდუმლო სამხედრო ბაზა "ვისტრელზე" დაიგეგმა?! - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩა საქართველო 1998 წელს სამოქალაქო ომს - ქვეყანაში არეულობა შოიგუს საიდუმლო სამხედრო ბაზა "ვისტრელზე" დაიგეგმა?!

1998 წლის 9 თებერვალის ტერაქტი, ისევე, როგორც 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქება, სხვადასხვა გარემოებათა გამო დღესაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაეჭვების მთავარი მიზეზი კვლავ იგივეა: როგორ გადაურჩნენ შევარდნაძე და ავტომობილში მყოფნი (მძღოლი და სდს-ს უფროსი) მასირებულ სამხედრო ოპერაციას ისე, რომ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდათ? რატომ ვერ უზრუნველყვეს საქართველოს სპეცსამსახურებმა ტერაქტის თავიდან აცილება? როგორ მოახერხეს ტერორისტებმა (თუმცა ისინი დღესაც თავს ტერორისტებად კი არ მიიჩნევენ, არამედ კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის მებრძოლ „პატრიოტ–პარტიზანებად“) საქართველოში შემოსვლა, იარაღის დიდი არსენალის (მათ შორის ყუმბარმტყოცნების) თბილისში შემოტანა და დღეების მანძილზე პრეზიდენტ შევარდნაძის ესკორტის მოძრაობის მარშრუტის დაუბრკოლებლივ შესწავლა? კითხვები კიდევ ბევრია.

ეს ტერაქტი და შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს: მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ვმსახურობდი. იმავე დღეს გადავედით ე.წ. „ყაზარმულ მდგომარეობაზე“, რაც დღეების მანძილზე სამსახურში საბრძოლო მზადყოფნას გულისხმობდა და ერთი საათით თუ ვახერხებდით სახლში შერბენას. 1998 წლის 9 თებერვალიდან დაიწყო ქვეყნის დესტაბილიზაციის და საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის გაჩაღების მორიგი მცდელობა, რაც ერთმანეთთან დაკავშირებულ შემდეგ სამხედრო–ტერორისტულ ოპერაციებში გამოიხატა: თავდასხმა შევარდნაძეზე; გოჩა ესებუას მიერ გაეროს სამხედრო დამკვირვებლების გატაცება; აკაკი ელიავას სამხედრო ამბოხი; გალის მოვლენები, პანკისის კრიზისი და ა.შ.

9 თებერვლის ტერაქტის მიზეზებსა და შედეგებს ვერ განვიხილავთ მაშინ საქართველოში არსებული მდგომარეობიდან მოწყვეტილად.

რამდენიმე წლის მანძილზე სამეგრელოს რეგიონზე ვიყავი მიმაგრებული და იქ არსებული ჩვენი განყოფილებები ჩემი „საკურატორო ზონა“ იყო, ამიტომაც ძალზე ხშირად მიხდებოდა იქ ხანგრძლივი დროით ყოფნა და დარჩენა. მაშინ სოციალურ–ეკონომიკური, პოლიტიკური და კრიმინოგენური მდგომარეობა სამეგრელოს რაიონებში უმძიმესი იყო და ამით პანკისის ხეობა თუ შეედრებოდა. სამოქალაქო ომის აქტიური ფაზა სულ რაღაც სამი–ოთხი წლის დასრულებული იყო, თუმცა რეგიონში კვლავ მძლავრი იყო „შევარდნაძის ხელისუფლებისადმი“ მტრული დამოკიდებულების ღია თუ ფარული გამოხატვა.

9 თებერვლის ტერაქტის მომზადებისა და ჩატარების ანალიზი ნათელ სურათს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა რუსეთი საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, სადაც სამეგრელოს რეგიონს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

shevardnadze-1696269891.jpg

შევარდნაძე აქაც ტერორისტის არაზუსტმა გათვლამ გადაარჩინა

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და იმდროინდელი ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი ოთარ უბილავა ინტერვიუში ძალზე მნიშვნელოვან ფატებს იხსენებს: “ ცოტა ხნის შემდეგ შოიგუს სამსახური გარეუბანში გადავიდა და ჩვენებიც იქ გადაბარგდნენ - რომელიღაც ბაზის საცხოვრებელ კორპუსებში. ერთხელ ჩვენებს ჩავაკითხე. იქ შემთხვევით ნემო ბურჭულაძე ვნახე. მითხრა, საქართველოდან ჩვენი ბიჭები არიან ჩამოსულიო, გვარებიც დამისახელა. არავინ მეცნო, გოჩა ესებუას გარდა. თან გია მესხია (მეტსახელად "კონგი") ახლდა . . . .არ მიკითხავს ნემოსთვის, რატომ ჩამოვიდნენ-მეთქი. . . . აქედან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა სამხედრო ბაზა"ვისტრელი". თუკი ვინმეს მოკვლა უნდოდათ მსოფლიო მასშტაბით, ყველას აქ ამზადებდნენ. ამ ბაზას კარგად ვიცნობდი, რადგან სამოქალაქო ომის დროს იქ იარაღს ვყიდულობდით. იმ პერიოდში ბაზაში თურქეთის ქურთების მუშათა პარტიის წევრები ვარჯიშობდნენ, თუკი ვინმე ტერაქტისთვის ემზადებოდა, რუსებს აუცილებლად ეცოდინებოდათ“ (ციტატის დასასრული).

ვფიქრობ, რომ ამ ამონარიდიდან სავსებით გასაგებია: „საქართველოდან ჩამოსული ბიჭები“ "ვისტრელის" სამხედრო ბაზაზე „ნატაშების“ გასაცნობად ნამდვილად არ დადიოდნენ. „ვისტრელის“ სასწავლო ცენტრი (მანამდე სახმელეთო ჯარების ოფიცერთა გადამზადების უმაღლესი კურსები) მოსკოვთან ახლოს ოც ჰექტარ ტერიტორიაზე იყო განლაგებული. სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადებას გადიოდნენ: პოლკისა და დივიზიის მეთაურები და შტაბის უფროსები, ოპერატიული განყოფილებების უფროსები; საბრძოლო მომზადების განყოფილებების უფროსები და სხვ. ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების სამხედრო მომზადების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრიც და იქ, საბრძოლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მხოლოდ შემოწმებული და სანდო „პარტიზან–ტერორისტები“ დაიშვებოდნენ. ძალზე საინტერესო ფაქტია: იქ მომზადებას ასევე გადიოდნენ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებიც და ჩემი ვარაუდით, მათ შორის ისინიც ვინც, 1998 წლის 19 თებერვალს გოჩა ესებუამ ზუგდიდში გაიტაცა და შემდეგ სოფელ ჯიხაშკარში მძევლად ჰყავდა.

ჩემი აზრით, სრულიად დასაშვებია, რომ შევარდნაძეზე ტერაქტის მომზადების პროცესში ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ურთიერთობისას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები პირდაპირ და ღიად არ მოქმედებდნენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების ლეგენდით ინიღბებოდნენ. მათ დიდი გამოცდილება ჰქონდათ და გადაბირების ოსტატები იყვნენ. ნათლად წარმომიდგენია, თუ როგორ არწმუნებდნენ–აბრუებდნენ–ამუშავებდნენ ახალგაზრდა „ზვიადისტებს“: „თქვენ შევარდნაძე გიშლით ხელს და სანამ ის პრეზიდენტი იქნება, ვერც ხელისუფლებაში დაბრუნდებით და ვერც აფხაზეთს დაიბრუნებთ. „თეთრი მელას“ ლიკვიდაციის შემთხვევაში კი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო გახდებაო“. ამ საუბრებამდე ეფ–ეს–ბე და გე–ერ–უს ოფიცრებს კარგად ეყოლებოდათ შესწავლილი გადაბირების ობიექტები: მათზე გახსნილი იქნებოდა „ოპერატიული დამუშავების საქმეები“ და ოპერატიული ფსევდონიმებიც მინიჭებული ექნებოდათ. ასევე შესწავლილი იქნებოა მათი ოჯახური მდგომარეობა, წარსული, ძლიერი და სუსტი მხარეები. რუსეთის სოეცსამსახურებს ხელთ ექნებოდათ „ზვიადისტების“ კონკრეტული მაკომპრომეტირებელი ფაქტებიც.

ისევ ოთარ უბილავას მოვუსმინოთ: „ ტელევიზორში შემთხვევით გავიგეთ, რომ გოჩა ესებუას გაეროს წარმომადგენლები გაუტაცებია. ამან უფრო გაართულა საქმე. ცხადი გახდა, რომ საქართველოში ჩვენები თვითნებურად წყვეტდნენ ყველაფერს. გოჩა ესებუას ერთ-ერთი მოთხოვნით ნემო ბურჭულაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, შევარდნაძესთან შესახვედრად საქართველოში უპასპორტოდ ჩამოვიდა. დამშვიდობებისას შევარდნაძემ ნემოს პასპორტი გაუწოდა...“ რუსეთს დიდად არ ეპიტნავებოდა გაეროს სამხედრო დამკვირვებლების ყოფნა კონფლიქტის ტერიტორიაზე: მათი მცირე კონტიგენტიც კი მიუღებელი იყო. ამ ვითარებაში ესებუას მიერ გაეროს სამხედრო დამკვირვებლების გატაცება ხელს აძლევდა რუსეთს საქართველოს დისკრედიტაციისთვის. მართლაც უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ 1998 წლის თებერვალში მას ორჯერ დაურეკა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა და პირდაპირ განუცხადა: „ თუ ჩეხეთის მოქალაქეს, ერთ–ერთ გაეროს სამხედრო დამკვირვებელს, რაიმე შეემთხვეოდა, ჩეხეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტდა“. ჩემი აზრით ასევე დასაშვებია, რომ კონკრეტულად ის ოთხი სამხედრო დამკვირვებელი იყო მიუღებელი რუსეთისთვის, რადგანაც ხშირად სამხედრო დამკვირვებლები რეალურად საკუთარი ქვეყნების დაზვერვის თანამშრომელები იყვნენ. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა: ზუგდიდის გაეროს ოფისიდან სამხედრო დამკვირვებლების (ორი ურუგვაელი, ჩეხი და შვედი) გატაცება, ხომ არ იყო რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიღებული დავალება?

გენერალი ჯემალ გახოკიძე აცხადებს, რომ გოჩა ესებუასთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისას ესებუა მოსკოვში გურამ აბსანძეს სატელიტური ტელეფონით უკავშირდებოდა და იქიდან იღებდა მითითებებსო. „დევნილი მთავრობის თავმჯდომარე“ აბსანძეს კი ვინ აძლევდა მითითებებს? ისინი, ვინც საქართველოდან გაქცეული გამსახურდიას მთავრობის ფინანსთა მინისტრი ორ–სამ წელწადში სმოლენსკში ორი სპირტის ქარხნის მფლობელად აქცია! სამაგიერო პირობაც თავიდანვე დამალული არ იყო: მიღებული მოგებით, გურამ აბსანძეს შევარდნაძის ლიკვიდაცის და საქართველოში დესტაბილიზაციის ოპერაციები უნდა დაეფინანსებინა. სწორედ აბსანძემ გადასცა მოსკოვში 1997 წლის შემოდგომაზე გოჩა ესებუას ერთი მილიონი დოლარი შევარდნაძეზე ტერაქტის მოსაწყობად. აბა თქვენ რა გეგონათ რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ ფულს დახარჯავდნენ?

gocgaesebua-1696269952.jpg

გოჩა ესებუას მორიგი „ბრიფინგი“ ჯიხაშკარში

რუსეთის სპეცსამსახურებს ახალგაზრდა „ზვიადისტების“ გადაბირების პროცესში შესაძლოა მათთვის თანამშრომლობის ხელწერილიც კი არ ჩამოერთმიათ. ზოგიერთი „ძველგაზრდა ზიადისტი“ კი საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ადრევე იქნებოდა გადაბირებული. მგონი უკვე ცხადია: რუსეთში მოქმედი ტერაქტების ორგანიზატორ–შემსრულებელთა „ქართული შტაბი“ უკვე გამოიკვეთა გურამ აბსანძის, გურამ ლაკიას, გოჩა ესებუას სახით. გოჩა ესებუას ტრაგიკული აღსასრული ცნობილია და ახლა „ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის“ როზლანდ (გურამ) ლაკიას საოცარი პოლიტიკური მეტამორფოზის ისტორიას გავეცნოთ.

guramlakia-1696270014.jpg

გურამ ლაკია და მისი ოჯახი: პატიაშვილ–ჭაჭიას „ერთობასთან“ ერთად უკან საბჭოთა/რუსეთის იმპერიაში!

ზვიად გამსახურდიას 1990 წელს იმიტომ ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერა (მათ შორის ჩემი, როგორც ერთ–ერთი რიგითი ქართველის), რომ საბჭოთა/რუსეთის იმპერიიდან საქართველოს დახსნას გვპირდებოდა. 1990 წლის ბოლოს ეროვნული პარლამენტის არჩევა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება ამ დიდი მიზნისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნდა. დღეს კი პირადად ჩემთვის უდიდესი ტკივილია, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ ნდობით აღჭურვილი პირები მას ღალატობენ და საქართველოს კვლავ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას ცდილობენ. თანაც პატრიოტობაზე დებენ თავს!

შევარდნაძის წინააღმდეგ წლების მანძილზე „ეროვნული ხელისუფლების აღდგენის“ ლოზუნგით მებრძოლი პოლკოვნიკი გურამ ლაკია 2000 წლების დასაწყისში . . . . „რუსეთუმე“ ქართველების ალექსანდრე ჭაჭიასა და ჯუმბერ პატიაშვილის ბანაკში აღმოჩნდა და 1999 წელს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი „ედინსტვოს“ საქართველოს ფილიალის – „ერთობის“ აქტიური წევრი გახდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გ. ლაკია საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი იყო (საარჩევნო ბლოკი N 13). კარგადაა ცნობილია, რომ პატიაშვილი–ჭაჭიას დუეტი რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის იბრძოდა და მათთან რა საერთო ინტერესები ჰქონდა ზვიად გამსახურდიას „ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსს, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს“, ვითომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის „გულმხურვალე“ მებრძოლ გურამ ლაკიას? პასუხი თქვენთვის მომინდვია.

გურამ ლაკიასადმი ნდობა რუსეთის „კომპეტენტურ ორგანოებში“ რომ ძალზე დიდი იყო ამას, ერთი მცირე, თუმცა ბევრისმეტყველი დეტალი, უფრო სწორედ ფოტოც ადასტურებს.

photo-1696270081.jpg

2012–2018 წლებში რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვ. პუჩკოვი ამავე უწყების ოფიცერს მერაბ ლაკიას (გ. ლაკიას ვაჟს) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელს გადასცემს.

2000 წლებში დაწყებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას პატიაშვილი - ჭაჭიას „დუეტი“ განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამს და სწორედ აშშ–ს და ზოგადად „დასავლეთს“ (და არა რუსეთს) აბრალებენ ყველაფერ ცუდს. რაც კი საქართველოში მომხდარა. მათ მხარს უბამდა გ. ლაკიაც, რაც კარგად ჩანს მისი 2021 წლის ერთ–ერთი ინტერვიუდან: „ ხუნტის მემკვიდრეებმა იგრძნეს ზეობის დასასრული. საშველად მათ პატრონს, ე.წ.კოლექტიურ დასავლეთს მოუხმეს. ევროკავშირმაც არ დააყოვნა და მაშველი ხელი გაუწოდა“. კომენტარი მართლაც ზედმეტია.

ყოველთვის მიკვირდა: როგორ ახერხებს ზოგიერთი მთელი ცხოვრება ფარულად რუსეთის იმპერიის საქმე აკეთოს, საჯაროდ კი „საქართველოს სიყვარულს“ იფიცებოდეს?