„ქართული საიდუმლო სპეცსამსახური ამერიკელებს არეულობის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს: მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში?“ - Berliner Zeitung - კვირის პალიტრა

„ქართული საიდუმლო სპეცსამსახური ამერიკელებს არეულობის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს: მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში?“ - Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია, რომლის სათაურია - „ქართული საიდუმლო სპეცსამსახური ამერიკის ხელისუფლებას არეულობების გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს: მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში?“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება (მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების მიხედვით), მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციურ პოლიტიკოსთა განცხადებები.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

საქართველოს წინ მნიშვნელოვანი კვირები ელოდება: უახლოეს თვეში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული საშინაო პოლიტიკური სიტუაცია ოპოზიციასა და ნაციონალ-კონსერვატიულ მთავრობას შორის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობს, სულ უფრო მწვავდება.

დაზვერვა სერბებსა და ამერიკელებს ამხელს...

საქართველოს სადაზვერვო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სერბეთის სამი მოქალაქე ბრალდებულად არის შერაცხული, რომ ისინი, თურმე, სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში მასობრივი უწესრიგობების გამოწვევას გეგმავდნენ. საკმაოდ პიკანტური მომენტია: ე.წ სტაჟიორი სერბების საქმიანობა, როგორც გაცხადდა, დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ, რომლის მთავარი ოფისი ვაშინგტონშია.

ბრალდება მიმართულია, აგრეთვე, გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრის (შემოკლებით - Canvas) მიმართაც. ეს ისეთ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც დაკავებულია არაძალადობრივი წინააღმდეგობის პოპულარიზებით და აქტივისტებს მთელ მსოფლიოში ამზადებს. ქართული დაზვერვის ხელთ არსებული მონაცემებით, სერბეთის სამივე მოქალაქე Canvas-თან არის დაკავშირებული.

„ეს არის შავი დღე საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების ისტორიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, - „ჩვენ ვხედავთ: როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის“.

ოპოზიცია მთავრობას მოქალაქეთა მიმართ ჰიბრიდულ ომს აბრალებს

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთხელ აცხადებდა, რომ „საშემოდგომოდ ოპოზიცია რევოლუციური სცენარების რეალიზებას ამზადებსო“. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემის საკითხი უნდა განიხილოს. იმ დროს, როცა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი (გამოკითხვების მიხედვით), ევროინტეგრირების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, კრემლთან ახლოს მდგომად ითვლება.

საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია, დამკვირვებელთა აზრით, ბეწვის ხიდზე იმყოფება. ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო თავისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირთან მიიყვანა, ამჟამად საპყრობილეშია - მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ქართული სპეცსამსახურის განცხადება ოპოზიციურ პარტიებში ავტორიტარული რეჟიმების გახსენებას იწვევს, როცა ხშირი იყო განცხადებები, - რევოლუციები გარედან ფინანსდება და მათ ინიციატორს ხშირად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენსო. „ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში შეიძლება დავინახოთ, ესაა ჰიბრიდული ომის გაგრძელება საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ“, - ამბობს ოპოზიციური პოლიტიკოსი მიხეილ დაუშვილი.

ამერიკა საქართველოს პასუხობს

თავის მხრივ, USAID-ის ქართულმა ქვედანაყოფმა გამოაქვეყნა საპასუხო განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ჩარჩოებში, ვთანამშრომლობთ რიგ ორგანიზაციებთან. მათგან ერთ-ერთია Canvas-ის ცენტრი. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მუშაობენ, თავიანთი დაწესებულებების თავისუფალი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. USAID-ის პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ჩვენი ფართო ძალისხმევის ნაწილს შეადგენს, რომლის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც მათ აღელვებთ“.

ამ სიტუაციის შესახებ თბილისში არსებულმა აშშ-ის საელჩომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბრალდება ყალბია. საელჩომ დაგმო „უსაფუძვლო, გაუმართლებელი თავდასხმა“ და დაადასტურა, რომ „გააგრძელებს საქართველოს ორგანიზაციებისადმი დახმარების გაწევას, რომელიც ეხმარება მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული თავიანთი უფლებების დაცვაში“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: