24-საათიანი ომის მსხვერპლი: 200-მდე სომეხი და 192 აზერბაიჯანელი - ყარაბაღელი სომხები პარტიზანული ბრძოლებისთვის ემზადებიან?! - კვირის პალიტრა

24-საათიანი ომის მსხვერპლი: 200-მდე სომეხი და 192 აზერბაიჯანელი - ყარაბაღელი სომხები პარტიზანული ბრძოლებისთვის ემზადებიან?!

სამხრეთ კავკასიაში 30-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტების ისტორიაში ერთ-ერთის, ყარაბაღის მომავალი ბედი თითქმის ბოლომდე გაირკვა, აზერბაიჯანმა ძალის გამოყენებით აღადგინა მასზე თავის დე ფაქტო იურისდიქცია, მაგრამ რა ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი აზერბაიჯანელებს?

რუსეთ-უკრაინის ომისგან განსხვავებით, სადაც ორივე მებრძოლი მხარე განსაკუთრებული მონდომებით მალავს საკუთარ საბრძოლო დანაკარგებს და, ამასთან, უსაშველოდ „ბერავს“ მოწინააღმდეგის დაღუპულთა რიცხვს, აზერბაიჯანი პირიქით იქცევა - 24-საათიანი ყარაბაღის მესამე ომის დამთავრებიდან მალევე ბაქომ თავისი საბრძოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში დიდი სიზუსტით განაცხადა, დაღუპულ მებრძოლთა ფოტოების გამოქვეყნების ჩათვლით...

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, ერთ დღეღამიან ომში ყარაბაღის საბოლოოდ დაბრუნებისთვის, 19-20 სექტემბრის პერიოდში, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და საპოლიციო დანაყოფებს ბრძოლებში დაეღუპათ 192 ადამიანი (180 თავდაცვის სამინისტროდან და 12 შსს-დან), ხოლო 511 კი დაეჭრათ ...

დროის ასე მცირე მონაკვეთში დაღუპულთა და დაჭრილთა ეს რაოდენობა არცთუ ისე მცირეა, რაც მიუთითებს, - მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღელმა სომხებმა კაპიტულაცია ომის დაწყებიდან 24 საათში გამოაცხადეს, მათ ამ პერიოდში სერიოზული ბრძოლები გაუმართეს შეტევაზე გადასულ აზერბაიჯანის არმიას.

შედარებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან აგვისტოს ომში ქართული მხარის დანაკარგებმა შეადგინა 170 სამხედრო, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი, ხოლო დაიჭრა/დაშავდა 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

აწ უკვე აღარ არსებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ომბუდსმენის მიახლოებითი გამოთვლით, ამ ერთდღიან ომში დაიღუპა 200-მდე სომეხი მებრძოლი, 400-მდე კი დაიჭრა.

გასაგებია, რომ ყარაბაღისთვის მთავარი ბრძოლები ზუსტად სამი წლის წინ, 2020 წლის 27 სექტემბერი-9 ნოემბრის პერიოდში გაიმართა და რომ არა 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შუშის აღების შემდეგ აზერბაიჯანის არმიას მხოლოდ რამდენიმე დღეღა დასჭირდებოდა სტეპანაკერტის (ჰანკენდის) გასათავისუფლებლად და მთლიანად ყარაბაღზე კონტროლის დასამყარებლად.

2020 წლის ყარაბაღის 44-დღიან მეორე ომში აზერბაიჯანის საბრძოლო დანაკარგებმა შეადგინა 2 823 დაღუპული და 1 245 დაჭრილი მებრძოლი.

2-potoo-1696322339.png
კაპიტულაციაგამოცხადებული ყარაბაღელი სომხების მცირე ნაწილმა შეიძლება პარტიზანული თავდასხმები გააგრძელოს, მაგრამ ამას სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებიდან მხარდაჭერა აღარ ექნება...

ამავე ომში სომხური მხარის დანაკარგი ოფიციალურმა ერევანმა თავდაპირველად 2 300 კაცამდე შეაფასა, თუმცა ოპოზიცია თვლის, რომ ყარაბაღის მეორე ომში 4,7-5-ათასამდე სომეხი მებრძოლი დაიღუპა.

რაც შეეხება ყარაბაღის პირველ ომს, რომელიც 1992-94 წლებში მიმდინარეობდა და სომხების გამარჯვებით დამთავრდა, საბრძოლო დანაკარგებზე ძალზე მიახლოებითი მონაცემები არსებობს, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანელებმა იმ წაგებულ ომში 10 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგეს, სომხებმა კი - 6 ათასამდე, ხოლო 30 ათასამდე დაჭრილ აზერბაიჯანელ სამხედროზე 20 ათასამდე დაჭრილი სომეხი მოდიოდა.

ასეთია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფასი, რისთვისაც წინასწარ უნდა იყოს შემზადებული იმ ქვეყნის ხელისუფლება და, პირველ რიგში კი, საზოგადოება, რომელიც თავისი სამშობლოს გაერთიანების დაწყებას მოისურვებს...

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღელმა სეპარატისტებმა სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს, სასწრაფოდ ტოვებენ ყარაბაღს და სომხეთში გადადიან (ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ყარაბაღში მაცხოვრებელი 120 ათასამდე ადამიანიდან უდიდესმა ნაწილმა თავშესაფარი სომხეთში იპოვა), გამორიცხული არ არის ყარაბაღში მცირე ინტენსივობის პარტიზანული თავდასხმები გააქტიურდეს.

საქმე ის არის, რომ ყარაბაღიდან სომხეთში გადასავლელი ერთადერთი ოფიციალური გზა ლაჩინის დერეფანზე გადის, სადაც აზერბაიჯანელებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ მოწყობილი და განსაკუთრებული ყურადღებით ამოწმებენ სომხეთში გადამსვლელ ყოველ ყარაბაღელს - ეძებენ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ყველა იმ ჩინოვნიკსა და საველე მეთაურს, რომლებზეც ბაქო წლებია, ილესავდა კბილებს...

ლაჩინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა უკვე ამოიცნეს და დააკავეს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები...

შესაბამისად, ამის შემყურე სხვა ყოფილი თანამდებობის პირები ეცდებიან, როგორმე გვერდი აუარონ ლაჩინის სასაზღვრო პუნქტს და მთებიდან ეძებონ გადასასავლელები სომხეთში (რაც დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან სასაზღვრო მონაკვეთების ნაწილს აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს,ნაწილი დანაღმულია) ან სულაც ისევ იარაღი აიღონ ხელში და პარტიზანული ომი წამოიწყონ...

პარტიზანული თავდასხმები უკვე ხდება ყარაბაღში, სნაიპერების გააქტიურებისა და გზების დანაღმვების სახით, მაგრამ ნებისმიერ პარტიზანულ მოძრაობას სერიოზული მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება „დიდი მიწიდან“ და ადგილობრივი მოსახლეობიდან, ყარაბაღში კი ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა რამდენიმე დღეში თითქმის აღარ დარჩება, ხოლო „დიდმა მიწამ “- სომხეთის რეპუბლიკის დღევანდელი, ფაშინიანის ხელისუფლების სახით, ძლივს ამოისუნთქა, რადგან თავიდან ჩამოიხსნა ყარაბაღის მუდმივი დახმარების მრავალწლიანი პრობლემა და ეხლა შეუძლია, მთელი ძალები დასავლეთთან სომხეთის ინტეგრაციის გაძლიერებას მოახმაროს...