შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა - ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. გზა საპატრულო პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
ავტომობილებს გადაადგილება შემოვლით გზით უწევთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„ამ ეტაპზე, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები იმყოფებიან. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება.
დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
IPN