"მეწყერი და გარესამყაროს მოწყვეტილი რამდენიმე ოჯახი" - რა ხდება გურიაში ძლიერი წვიმის შემდეგ - კვირის პალიტრა

"მეწყერი და გარესამყაროს მოწყვეტილი რამდენიმე ოჯახი" - რა ხდება გურიაში ძლიერი წვიმის შემდეგ

ჩოხატაურში, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა.

“ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. ამ წუთას მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში. რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც პრობლემები შეექმნა რამდენიმე ოჯახს. ასევე ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა. პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამდენიმე ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში სამუშაოებს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ უკვე თუკი სადმე სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა, დავიწყებთ იმის აღდგენას”, - განუცხადა “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ. .

ჩოხატაურის მერის განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

“თანამოქალაქეებს ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს", - აცხადებს შარაშიძე.

ამასთან, ნატანებში ძლიერი წვიმის გამო, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა.

წყარო