"ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ" - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას AS-თან ინტერვიუში? - კვირის პალიტრა

"ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ" - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას AS-თან ინტერვიუში?

სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხბურთელებმა ავტობუსის სახურავზე გადავინაცვლეთ და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარეთ.

ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.

მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.

კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.

ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.

მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.