საკვირველი გამოღვიძება
მძივებით დაფერილი შედევრები
"ღვთისმშობლის ხატი იმ კაცს მინდა ვაჩუქო, რომელსაც ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, - ეს ბიძინა ივანიშვილია"
"ნახატს რომ ჩავუარე, ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა მზერა"
"მე იმ სამყაროს სინათლედ აღვიქვამ..."
დიდი განსაცდელისას, როცა ადამიანს არავის და არაფრის იმედი აღარ აქვს, უფალი სწორედ მაშინ მოდის საშველად, - მას მაინც ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ. საშველი კი ისეთია, რომლის გასააზრებლად ვერც თვალი მიგვიწვდება და ვერც გონება, - ნეტავ, ასეთი რამ როგორ შეიძლება მომხდარიყოო! რასაც ახლა გიამბობთ, სწორედ ასეთი ამბავია და ის იმ ადამიანის ცხოვრებაში მოხდა, რომელსაც რაც გააჩნდა, ყველაფერი დაკარგა, მათ შორის, სიცოცხლის ხალისიც. მისთვის სიცოცხლე დამთავრებული იყო. და უცებ, ერთ დღეს იგრძნო, როგორ დაიწყო რაღაც ისეთი, რაც გააძლებინებდა და რისთვისაც უნდა ეცოცხლა.
ქალბატონი ნელი ბერაია, ახლა 81 წლის არის და მიუხედავად განვლილი მძიმე ცხოვრებისა, მშვენივრად გამოიყურება. არადა იყო დრო, შინ იჯდა, გარდაცვლილ შვილებზე დარდობდა და შიში იპყრობდა - ცოტაც და გავგიჟდებიო. ერთხელაც ჩათვლიმა და...
- შეიძლება ჩათვლემაც არ იყო, უბრალოდ, თვალები მქონდა დახუჭული და ისე ვხედავდი, - მოვიდა გარდაცვლილი დეიდაჩემი და წინ დამიდგა... ის მხატვარი იყო, თან - კარგი მხატვარიც, მაგრამ თამარ მეფის დახატვა ვერ შეძლო. ნატვრად გაიყოლა იმ ქვეყნად - ვერ შევბედეო. აბა, მე მაინც დამხატე-მეთქი, ვეუბნებოდი და იცინოდა, - თავი გამანებეო. მოკლედ, მოვიდა და დამიდგა წინ. ჯერ გავუღიმე, მერე კი ისევ გავუბრაზდი, რომ გეხვეწებოდი, რატომ არ დამხატე-მეთქი. იმან - აიღე ფანქარი და შენი თავი თავად დახატეო... რას ამბობ, ხატვისა მე რა ვიცი-მეთქი! უცებ მომიტრიალდა და თითი დამიქნია - ნელი, სცადე, შენ აუცილებლად გამოგივაო! თვალი გავახილე - უი, დეიდა დამესიზმრა-მეთქი... გავიდა დრო. ერთხელაც ისევ ვზივარ ჩემი დარდით გასავათებული და... თითქოს ვიღაც მომეპარა და ხელი მკრა, გიჟივით წამოვვარდი, მივიხედ-მოვიხედე. არ ვიცოდი, რატომ ავდექი, რა მინდოდა, მაგრამ უცებ დეიდაჩემის დანატოვარ ალბომს მივვარდი, - შიგ დიდი მხატვრების რეპროდუქციები და სახატავი ფურცლები ეწყო. ერთი სწრაფად ამოვგლიჯე, სადღაც ფანქარი მეგულებოდა, ვიპოვე და მოხაზვა დავიწყე. ვხედავ, რაღაცას თუ ვიღაცას ჰგავს. ვხატავ, ვხატავ და... თამარ მეფეა! არადა, არასოდეს არაფერი დამიხატავს.
- მაშინ რამდენი წლის ბრძანდებოდით?
- სამოცდახუთის. ნახატის გაწყობა მძივებით ნელ-ნელა დავიწყე, განსაკუთრებით თვალებს ჩავაცივდი, - რამდენჯერაც ავაწყვე, იმდენჯერ დავშალე, მეტყველი თვალები მინდოდა გამომსვლოდა. მერე ნახატს რომ ჩავუარე და ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა მზერა, მაშინღა დავმშვიდდი. მას შემდეგ დაიწყო, - მზის სხივთან ერთად, დილის ექვს საათზე ავდგებოდი და ხატვას ვიწყებდი. დაღამებასაც ვერ ვგრძნობდი. დღემდე ასეა. უკვე მოგვიანებით მივხვდი, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი იმიტომ მომივლინა, რომ ჩემი წუთისოფელი ბოლომდე გამევლო. ზეციერი არაფრიდან გვქმნის და თუ რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენს თავს რაიმე ხდება, ისიც მისი ნებით.
- იქნებ მიამბოთ, ტრაგედია თავს როგორ დაგატყდათ...
- ქალიშვილი მშობიარობას გადაჰყვა. ვაჟიც გაძარცვის დროს...
არ ვიცი, აქ არის ნამდვილი ცხოვრება, თუ იქ, სადაც ჩემი შვილები არიან. მე იმ სამყაროს სინათლედ აღვიქვამ.
- მართლა იშვიათია ნახატი, სადაც ამდენი სინათლე იყოს, როგორიც თქვენს ნამუშევრებშია. საკვირველი ის არის, რომ თვლებით შემკული ფიგურების მიღმა გამჭვირვალე სხეული მოჩანს...
- რაც გამაჩნია, ჩემი ნახატებია. თუკი რაიმე გაიყიდება, მირჩევნია ამ ფულით ღირებული თვლები ვიყიდო.
- თუ საიდუმლო არ არის, თითო ნახატი რამდენად იყიდება?
- ერთი ნახატი ოთხი ათას ხუთას დოლარად გაიყიდა. სანქტ-პეტერბურგის სასტუმროს მეპატრონემ შეიძინა, მერე კი ოცი ათას დოლარად გაყიდა...
ღვთისმშობლის სამი ხატი დავხატე და შევამკე. ორი უკვე გაიყიდა. ერთი კი (ზომით 45X50 სმ) იმ კაცს მინდა ვაჩუქო, ვისაც ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი სიკეთე აქვს ჩადენილი, - ეს ბიძინა ივანიშვილია. ერთ დღეს ყველა აღმოაჩენს, რომ თურმე ქვეყნად ყველაზე დიდი ფასი სიკეთეს ჰქონია. ამას რაც უფრო ადრე მიხვდები, მით უკეთესი. ბატონი ბიძინა კი ამას დიდი ხანია მიხვდა.
- უცხოეთში თუა თქვენი ნახატები გატანილი?
- ოთხი ნამუშევარია კერძო კოლექციებში. კიდევ მთხოვენ. უკვე თერთმეტი გამოფენა მქონდა და ბევრჯერ შემომთავაზეს, იქნებ უცხოეთში გაყიდოთო. უარი ვთქვი, რადგან ყოველივე, რაც ამქვეყნად ჩემს მოვლინებას მოჰყვა, მინდა იქ დარჩეს, სადაც ვიცხოვრე. ეს ჩემი სამშობლოა.