რევანში სოციალისტური იმპერიების დაშლისთვის ანუ რა მოხდება, თუ პუტინმა უკრაინასთან ომი მოიგო?!
ავსტრიული გაზეთი „დერ სტანდარდი“ (Der Standard) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რევანში სოციალისტური იმპერიების დაშლისათვის? // პუტინი უკრაინელებს ებრძვის, მისი თანამოაზრე ალიევი - სომხებს, ბალკანეთში კი კრემლის მოკავშირე სერბი ვუჩიჩი - კოსოვოელებს“ (ავტორი - ჰანს რაუშერი). პუბლიკაციაში კომენტირებულია პოსტსოციალისტურ სივრცეში კონფლიქტების გაღვივების ტენდენცია. განხილულია რუსეთის პრეზიდენტის ექსპანსიონისტური კურსი პოსტსაბჭოთა პერიოდში, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებით (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხში).
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
ამჟამად ევროპაში ისტორიული პროცესების მოწმენი ვართ. „სოციალისტური“ იმპერიებისა და მრავალეროვნული სახელმწიფოების დაშლა-კრახიდან 30 წლის შემდეგ მოდის დეზინტეგრაციის მეორე ტალღა: იმდროინდელი მოუგვარებელი კონფლიქტები (ეთნიკური და ტერიტორიული) ხელახლა ღვივდებიან.
რუსეთი, საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია...
ყველაზე საშინელი მოვლენა, რასაკვირველია, არის ის, რასაც რუსი იმპერიალისტი ვლადიმერ პუტინი აკეთებს - მას უკრაინის დაბრუნება სურს და ამ მიზნით, მეზობლის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომი დაიწყო. კიდევ ერთი დესპოტი, პუტინის თანამოაზრე - აზერბაიჯანელი ავტოკრატი ილჰამ ალიევი, სარგებლობს რა ხელსაყრელი მომენტით, სომხურ ანკლავში - მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას ახორციელებს. არის იმის საფრთხე, რომ იგი სომხეთს დამატებით რაღაც ნაწილს წაართმევს.
ბალკანეთში სერბი ნაციონალისტი, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ძალისმიერ თამაშებს აწყობს უმეტესად სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთი ნაწილის „სამშობლოსადმი“ - სერბეთისადმი მისაერთებლად. ასევე, სერბეთში დაბრუნებას (ლოზუნგით „უკან, სახლში“) ცდილობს ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბებით დასახლებული რეგიონის ლიდერი, ნაციონალისტი მილორად დოდიკი.
საბჭოთა იმპერია 1991 წელს დაიშალა, მის შემადგენლობაში არსებული რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ. ეს იმის გამოც მოხდა, რომ საბჭოთა კავშირი და მანამდე - ძველი რუსეთის იმპერია, მრავალეროვან სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. რუსეთმა ციმბირი, იქ დასახლებული მცხოვრებლებითურთ, მე-16-მე-18 საუკუნეებში მიიერთა. მე-19 საუკუნეში კი, სისხლისმღვრელი ომებისა და მოსახლეობის მასობრივი დახოცვის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ კავკასია და შუა აზიის სახანოები დაიპყრო. მის შემადგენლობაში შედიოდნენ დღევანდელი პოლონეთის ნახევარი და ფინეთი. მოგვიანებით, 1940 წელს, იოსებ სტალინმა იმპერიის იურისდიქცია ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი შექმნა მსოფლიო სოციალისტური სისტემა, რომელშიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა შედიოდა - რუსეთის (საბჭოთა კავშირის) ვასალის სახით.
ტერიტორიული პრეტენზიები
იუგოსლავია („სამხრეთ სლავების ქვეყანა“), რომელიც პირველი მსოფლიო ომის შედეგად „დაიბადა“ ასევე მრავალეროვანი სახელმწიფო იყო და მასაც იგივე ბედი ჰქონდა, როგორიც რუსეთს და საბჭოთა კავშირს. იუგოსლავიაც დაიშალა იმავე სისხლიანი ომებით და ეთნიკური წმენდებით, რომლებსაც უმეტესად დომინანტი სლავები - სერბები ახორციელებდნენ. სერბებს მეტი უპირატესობა ჰქონდათ სხვა სლავებთან - სლოვაკებთან, ხორვატებთან, ჩერნოგორიელებთან შედარებით, თუმცა თვითონ სერბებიც გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ ბოსნიაში და კოსოვოში, კიდევ კარგი, ნატომ მიუსწრო და გადაარჩინა. მართალია, ყოფილი იუგოსლავიის სივრცეში ამჟამად ბათქა-ბუთქი აღარ ისმის, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზიები ისევ ღიად რჩება.
ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ევროპელები თავდაპირველად შეცდომით საღად მოაზროვნე და გონიერ ადამიანად თვლიდნენ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძალიან მალე დაიწყო ჯერ რუსეთის, შემდეგ კი პოსტსაბჭოურ სივრცეში ტერიტორიული კორექტივების შეტანა: 2000 წელს ულმობელი ომით გაანადგურა ჩეჩნები, რომლებსაც რუსეთისაგან გამოყოფა სურდათ, 2008 წელს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოს - საქართველოს - ძალის გამოყენებით წაართვა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პროვინციები და ისინი ფორმალურად სუვერენულ ქვეყნებად აღიარა. 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა რუსეთს მიუერთა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და მოგვიანებით, აღმოსავლეთი ნაწილი - დონბასის ოლქები.
ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ახლანდელი ომი-რევანში არ მოიგოს და უკრაინაზე რუსეთის ბატონობა არ გაავრცელოს. მას მთელ ევროპაზე კრემლის გავლენის რეალიზება სურს. ისტორიულად რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ასეთი იყო: არავითარი შიდარეფორმები, მხოლოდ საგარეო ექსპანსია.
ევროკავშირსა და ნატოში რუსი დიქტატორის მიზნებს მხოლოდ სანახევროდ აცნობიერებენ. ვლადიმერ პუტინის „დამშვიდებისაკენ“ მიმართული ნებისმიერი პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კრემლის ბინადარს ახალი მოთხოვნები უჩნდება. იგივე შეიძლება ითქვას სერბ ავტოკრატ ალექსანდრე ვუჩიჩზეც. მოკლედ, ეს პრინციპი, რომელსაც „მშვიდობიანი შეკავება“ ჰქვია, არ ამართლებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ