„ჩემი ყურით მოვისმინე ორი რუსი სამხედროს საუბარი, ქართველებს ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნებათო“ - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

„ჩემი ყურით მოვისმინე ორი რუსი სამხედროს საუბარი, ქართველებს ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნებათო“ - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება

"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ არსებობს, აზერბაიჯანმა დაანახა მსოფლიოს თავისი ძალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დააფიქრა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერებიც. ეტყობა, მათაც გაუჩნდათ შიში, რომ შეიძლება რუსეთის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ... როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში, ხომ არ გაჩნდა შანსი ჩვენც მოვთხოვოთ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს დადებული შეთანხმების შესრულება, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ჯერ არაფერი დასრულებულა, დასრულდა ამ კონფლიქტის ნაწილი, რასაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის სრული ტერიტორიული დაბრუნება ჰქვია. ესეც პირობითია, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ დარჩება, ვინ გაუწევს წინააღმდეგობას. რამდენადაც ვიცი, ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ნაწილს იარ­აღი არ დაუყრია... აზერბაიჯანს დღეს უკვე სხვა მადა აქვს. ახლა გაჩნდა კორიდორის აუცილებლობა­ და 2025 წელს უკვე რუსი სამშვიდობოების გაყრა აქვს გეგმაში. ასე რომ, ერთი ეტაპი დასრულდა, სხვა ეტაპები­ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში მუდმივად იქნება რყევები. ცოტა ხანს პაუზა იქნება, დიპლომატიური მოლაპარაკება, ძალთა გადალაგება, სხვადასხვა გავლენის ჯგუფების მუშაობა, პოლიტიკური მოთამაშეების ჩართვა. ათასი რევერანსი, მითქმა-მოთქმა, უამრავი ცდა, რომ სიტუაციის სადავეები ხელში აიღონ. ამას ეცდება ყველა მსხვილი მოთამაშე რეგიონში. უახლოეს წლებში­ ეს იქნება მუდმივი პოლიტიკური აქტიურობის ზონა. რაც შეეხება სამხედრო აქტიურობას, არაფრის გარანტია არ არსებობს. მართალია, სომხეთის არმია დღეს არ არის ისეთ ფორმაში, რომ აზერბაიჯანს, მით უფრო, მის უკან მდგომს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ თუ უნდა რუსეთს სახის შენარჩუნება, მას სომხეთის დაცვა მოუწევს. თუკი სომხეთი გავიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, მაშინ დასავლეთის პრესტიჟის­ საქმე იქნება სომხეთის დაცვა, მაგრამ აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორს არ მოეშვება, ისევე უგულებელყოფს სხვა ძალის ცენტრებს, ვგულისხმობ დასავლეთსა და რუსეთს, როგორც ახლა. ყველა მოითხოვდა აზერბაიჯანისგან თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან, მაგრამ მან თავისი საქმე გააკეთა. რუსი სამშვიდობოები სტეფანაკერტში 10 კაცამდეა დაღუპული, იმდენივე სამშვიდობო მისიის ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წლის მოვლენების დროს და მაშინ რუსეთმა ქვეყანა შეყარა, ახლა კი ხმა არ ამოუღია, რადგან ახლა ასე სჭირდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსული სამხედრო პრესტიჟი ფეხქვეშ გათელა. მდუმარება სანქცირებული იყო მოსკოვისაგან, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს.

- რუსეთმა რატომ დათმო ყარაბაღი?

- ახლა მისთვის აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხეთი. რასაკვირველია, მომავლისკენ არ გაუხედავს, ისე გადადგა ეს ნაბიჯი... ფაშინიანის ხელისუფლება მოსკოვისთვის მიუღებელია და ჯიბრში ჩაუდგნენ. ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, 90-იანი წლების დამდეგს, როცა მოსალოდნელი იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მაშინ მოსკ­ოვის პოლიტელიტას მიაჩნდა, რომ ჯობდა საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება, ვიდრე სეპარატისტების მხარდაჭერა,­ რადგან საქართველო უფრო დიდია, ჩამოყალიბებული სახელმწიფოა და ფიქრობდნენ, დასავლეთის გავლენაში მოექცევაო. მაგრამ ჯიბრში ჩაუდგა თავის­ პოლიტიკურ ელიტასაც და საქართველოსაც­ რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა,­ რომელიც გერმანიის მოვლენების გამო გაბრაზებული­ იყო შევარდნაძეზე. მაშინ ხმა დადიოდა, შევარდნაძემ და გორბაჩოვმა ტრიალ მინდორში დატოვეს გერმანიიდან გამოყვანილი ჯარიო. ეს, ერთი მხრივ, იმის გამო მოხდა, რომ სიხარბემ გადაწონა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იფიქრეს, საქართველო მაინც ვერსად წავა და ჯობია მდიდარი და მომხიბლავი­ კუთხე, აფხაზეთი ხელში ჩავიგდოთო.­ ასეთი განწყობა იყო მაშინ, რადგან როგორც ჟურნალისტს, ამ ტიპის ხელმძღვანელებთან მქონდა ურთიერთობა. ერთი ასეთი პირი ევგენი პრიმაკოვი იყო, ისიც ასე ფიქრობდა. 1992 წლის ივნისში შევარდნაძე ახალი ჩამოსული­ იყო და სოჭში გაიმართა დაგომისის ცნობილი მოლაპარაკება ცხინვალის საკითხზე. მოლაპარაკებას რუსეთის მხრიდან პასტუხოვი ხელმძღვანელობდა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დელეგაციაში ჰყავდათ რუსი სამხედროებიც. პასტუხოვი პირველ დღეს შედარებით ლოიალური იყო, მაგრამ მეორე დღეს ძალიან ხისტად დაიწყო მოქცევა. მე ჟურნალისტი ვიყავი და ბევრი კითხვის უფლება არ მქონდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე ამ დელეგაციაში მყოფი ორი სამხედროს საუბარი. როგორ ელაპარაკებიან შევარდნაძეს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდოო, მეორემ უთხრა, ნუ გეშინია, ამას მოველაპარაკებით, მაგრამ ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია, ამათ ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდით შევარდნაძესო, და მართლაც ერთ თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. ბოლო მოვლენებიც ამტკიცებს, რომ რუ­ს­ე­თის იმპერიული ფილოსოფია ვერ შეი­ცვლება, პრაგმატულ რელსებზე ვერ გადავა. ახლა აზერბაიჯანი აირჩიეს, სომ­ხეთი­ გაწირეს და შედეგად მომავალში უფრო მეტ პრობლემას მიიღებენ, უფრო მეტი ძალა დასჭირდება რუსეთს თავისი გავლენის­ შესანარჩუნებლად სამხრეთ კავკასიაში. რუსეთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთკავკასიური პოლიტიკა.

- ამასობაში ძლიერდება თურქეთი.

- დიახ, ძლიერდება, თავისი მეგობრის, აზერბაიჯანის მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში ფაქტობრივად დომინანტი ხდება.

განაგრძე კითხვა