აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს - ის ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაში" დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს - ის ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაში" დაადანაშაულეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა. მის გადაყენებას მხარი 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის "რესპუბლიკური" პარტიის 8 წევრმა, დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 წავიდა.

მაკკარტის გადაყენების ინიციატივა "რესპუბლიკელმა" მეტ გეგმა წამოაყენა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ კევინ მაკკარტი კომპრომისზე წავიდა "დემოკრატებთან" და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი. მან მაკკარტი უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაზე" წასვლაშიც დაადანაშაულა.

აშშ-ს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვედა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს. მაკკარტი სპიკერად 7 იანვარს, კენჭისყრის 15 რაუნდის შემდეგ აირჩიეს.წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერი უნდა აირჩიოს, დროებით სპიკერად კი კონგრესმენი პატრიკ მაკჰენრი აირჩიეს, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას წარმომადგენელია. CNN-ი, "რესპუბლიკელ" კონგრესმენებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი სპიკერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"