ათამდე კომპანია რუსეთის ბაზრის გახსნას ელის - კვირის პალიტრა

ათამდე კომპანია რუსეთის ბაზრის გახსნას ელის

"თუ რუსეთისთვის ელექტროენერგიის მიყიდვა შეიძლება, რატომ არ შეიძლება, გლეხმაც გაყიდოს ციტრუსი თუ ღვინო?"

დაბრუნდება თუ არა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, ცნობილი დაახლოებით ერთ თვეში გახდება. მრავალმილიონიან ბაზარზე შესასვლელად რამდენიმე ქართული კომპანია ემზადება. ამჟამად მათ დოკუმენტაციას "როსპოტრებნადზორი" სწავლობს. მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, "სარაჯიშვილისა" და "ბორჯომის" გარდა, კიდევ რომელი ქართული პროდუქცია გამოჩნდება უახლოეს მომავალში რუსეთის სავაჭრო ობიექტების დახლებზე.

პირველი, ვისაც რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ბაზარზე შესვლის უფლება მისცა, "სარაჯიშვილის" პარტნიორი კომპანია "ოპტიმა ჯგუფია". "როსპოტრებნადზორმა" "სარაჯიშვილის" საბუთების შემოწმება დაასრულა. ჯერი რუსეთის ეკონომიკის სამინისტროზეა, რომელმაც კომპანიას კვოტა უნდა მისცეს და დაუშვას ბაზარზე, როგორც ალკოჰოლური სასმლის შემომტანი. "სარაჯიშვილის" გარდა, ონიშჩენკოს არც კომპანია "ბორჯომის" პროდუქციასთან აქვს პრეტენზია. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ "ბორჯომი" ნამდვილად მნიშვნელოვანი პროდუქტია, სასარგებლო, ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით და თუ ის რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება, კმაყოფილი დარჩება. თუმცა რუსეთის მთავარი სანიტარი არ არის დარწმუნებული, დააბრუნებს თუ არა რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს.

"არ დავთანხმდები, რომ თებერვალში ქართული ღვინის კომპანიები უკვე შემოვიდნენ რუსეთის ბაზარზე. თუ დავუბრუნდებით ჩვენი მოლაპარაკებების დასაწყისს, მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ შემოსულიყვნენ რუსეთის ბაზარზე. ვინაიდან აქ თავს იჩენს იდეოლოგიური და არა ეკონომიკური პრობლემები, ეჭვი მეპარება, თებერვალში ყველაფერი მოგვარდეს," - აცხადებს ონიშჩენკო.

მოსკოვიდან დაბრუნებული "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსეთის ბაზრის გახსნას 2012 წლის თებერვლიდან ვარაუდობს. მორიგი შეხვედრა 2011 წლის მიწურულს გაიმართა ონიშჩენკოსთან, რომელსაც ესწრებოდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი ვლადიმერ ხომერიკი. კუკავას პარტია შარშანდელი მარტიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო სანქციების მოხსნის თაობაზე. 2011 წლის ოქტომბრიდან "როსპოტრებნადზორთან" მოლაპარაკებებში საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციაც ჩაერთო.

ვიქტორ წილოსანი (საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმებული ვართ, რომ იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს დოკუმენტაციის შემოწმება და თუ რამე ბიუროკრატიული ხელის შემშლელი პირობები არ იქნება, 15 თებერვლისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს.

- რამდენმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, წარადგინოს დოკუმენტაცია შესამოწმებლად და შემდეგ რუსეთის ბაზარზე ექსპორტი დაიწყოს?

- ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში ათამდე კომპანიაა ჩართული, მათ შორის "ბორჯომი" და "სარაჯიშვილი". სხვა კომპანიები ჯერჯერობით თავს იკავებენ საჯაროდ ვინაობის გაცხადებისგან. დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი საზღვრის გახსნისას მნიშვნელოვნად გაიზრდება.

- ბევრი გარემოების გათვალისწინებით, რამდენად სანდო იქნება რუსეთის ეს გადაწყვეტილება და რამდენად გახსნილი იქნება იქაური ბაზარი ქართული პროდუქციისთვის?

- ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ვერავინ იქნება, თუმცა სულ რომ ერთჯერადად მოხდეს ამ პროდუქციის ექსპორტი, მაინც უმნიშვნელოვანესია...

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართულ კომპანიებს არ გაუჭირდებათ ადგილის დამკვიდრება რუსულ ბაზარზე? რეალურად, ქართული პროდუქცია ხომ სხვა პროდუქციამ ჩაანაცვლა?

- არა, ეგ ტყუილია, არ შეიძლება გერმანული ავტომობილი ჩაანაცვლოს იაპონურმა ან კორეულმა და პირიქით. არ შეიძლება, მაგალითად, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჭკარა", რომელზეც რუსეთში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, ჩაანაცვლოს რომელიმე ქვეყნის მშრალმა ღვინომ.

- "სარაჯიშვილი" და "ბორჯომი" გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, კიდევ რა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები აპირებენ რუსეთის ბაზარზე შესვლას? იქნებ მათი საქმიანობის პროფილი დაგვისახელოთ.

- ამჯერად მხოლოდ ღვინის კომპანიებზეა საუბარი. უფრო ზუსტად, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებზე.

- ამჯერად რამდენად იქნება დაცული ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ფალსიფიცირებისგან?

- მერწმუნეთ, ძალიან დიდია ქართული ღვინის ფალსიფიკაცია ბელორუსიაში, ყაზახეთში, უკრაინაში, მაგრამ ექსპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. ამიტომ ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილო მგონია. ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთის ბაზარი, მით უფრო ჩვენთვის. ჯერ ერთი, უდიდესი ბაზარია და კიდევ, ზოგადად ქართული ბრენდს რუსეთში იცნობენ. გარდა ამისა, რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ საქართველოს სოფლის მოსახლეობის, გლეხის დასაქმების მნიშვნელობასა და მისთვის ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე. თუ შესაძლებელია, მსხვილმა კომპანიებმა ელექტროენერგია მიჰყიდონ რუსეთს, რატომ არ არის შესაძლებელი გლეხმაც გაყიდოს ციტრუსი, ღვინო თუ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტი?"