სენსაცია ფრონტიდან - რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან "გაიქცა" - კვირის პალიტრა

სენსაცია ფრონტიდან - რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან "გაიქცა"

სევასტოპოლი და მისი საზღვაო ყურე რუსეთის იმპერიისთვის ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო ფლოტის ძლიერების შესანარჩუნებლად და ჯერ მეფის რუსეთის სანქტ-პეტერბურგი და შემდეგ ბოლშევიკების მოსკოვი ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ სევასტოპოლი რუსული საზღვაო სიძლიერის სიმბოლოდ დარჩენილიყო...

და, აი, 21-ე საუკუნეში, იმავე კრემლის ბინადარი - პუტინი იძულებული ხდება, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს დაატოვებინოს - ბაზირების მთავარი ადგილი - სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტი...

ეს სენსაციური ინფორმაცია მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ორიოდე დღის წინ დასავლეთის კომერციულმა თანამგზავრმა მაღალი ხარისხის ფოტოები გადაუღო, როგორც სევასტოპოლის, ისე - ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის პორტებს.

ამ კოსმოსურ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზიდან ნოვოროსიისკის სამხედრო პორტის პირსებთან გადაბაზირდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამივე გამართული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, ორი სარაკეტო ფრეგატი, ერთი სადარაჯო ხომალდი და ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი.

გარდა ამისა, სევსტოპოლიდან ფეოდოსიაში გადაინაცვლა ერთმა დიდმა სადესანტო, ორმა მცირე სარაკეტო და სამმა ახალმა საზღვაო მტრალავმა ხომალდმა.

2-xom-1696418011.png
სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში „გაქცეული“ კონკრეტული რუსული სამხედრო ხომალდები კოსმოსიდან კარგად მოჩანს...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ომის დაწყებამდე შედიოდა 70-ზე მეტი სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების წყალზედა ხომალდი და კატარღა (ასევე, შვიდი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი) და მათი ნაწილი ჯერჯერობით კვლავ რჩება სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაში, მაგრამ ისინი ან არ არიან მწყობრში, ან ნაკლებად ღირებულნი გახლავთ რუსი ადმირალებისთვის, რადგან მათ სევასტოპოლს, პირველ რიგში, „კალიბრების“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები ფრეგატები, კორვეტები და წყალქვეშა ნავები მოაშორეს, დიდ სადესანტო ხომალდებთან ერთად.

და ეს ყველაფერი ხდება... უკრაინული მორიგი საჰაერო თავდასხმების შიშით, განსაკუთრებით კი - ბრიტანულ-ფრანგული „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსანი რაკეტების - Storm Shadow/SCALP-EG-ების, ასევე -უკრაინული წარმოების „ხმელეთი-ხომალდის“ კლასის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების - Р-360 Нептун-ების სევასტოპოლის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე კვლავ „სტუმრობის“ დიდი ალბათობის გათვალისწინებით...

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ათეული საზღვაო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის მხარემ, როგორც საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონების, ისე - ზემოხსენებული ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია - უშუალოდ სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტში პირდაპირი მოხვედრების შედეგად დაზიანებული იქნა რამდენიმე რუსული მცურავი საშუალება, მათ შორის - დიდი სადესანტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი, ხოლო უშუალოდ სევასტოპოლის ცენტრში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის შენობაზე ბოლო დროს მიტანილმა ძლიერმა სარაკეტო დარტყმამ, ეტყობა, ძალიან დააჩქარა რუსი ოკუპანტების გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გაეყვანათ სევასტოპოლის ყურიდან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო ხომალდები, რადგან მათი ნაქები საზენიტო-სარაკეტო C-400 და „პანცირები“ სათანადო საჰაერო თავდაცვას ვერ უზრუნველყოფენ...

3-xom-1696418070.png
როდესაც ორ ფრთოსან რაკეტას ასე ზუსტად მოარტყამ მშრალ დოკში მდგარ რუსულ წყალქვეშა ნავს, რა თქმა უნდა, სხვა ხომალდების ეკიპაჟები სევასტოპოლიდან გაცლას ამჯობინებდნენ...

რუსული ფლოტის „გაქცევა“ სევასტოპოლიდან, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემებს შეუქმნის რუსეთის საოკუპაციო ძალებს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ აკვატორიის გაკონტროლების კუთხით, მათ შორის, სირთულეებს შექმნის ხელის შეშლაში იმ სავაჭრო გემებისთვის, რომლებმაც უკრაინის ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებიდან განაახლეს მარცვლეულის გატანა...

თუმცა „კალიბრის“ გამშვები რუსული ფრეგატებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ეს ფრთოსანი რაკეტა სახმელეთო სამიზნეს 1 500-2 000 კმ-ზეც „წვდება“ და რუსეთის კრასნოდარის მხარის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან გაუსვლელადაც, „კალიბრები“ მაინც „დაფარავენ “ უკრაინის მთელ ტერიტორიას.

მაგრამ თავად უკრაინელები თუკი მისწვდებიან რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზებს ფეოდოსიაში, რომელიც ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 280 კმ-ითაა დაშორებული და ნოვოროსიისკს, რომლამდეც, ასევე, ფრონტის ხაზიდან 325 კმ-ი მაინც არის?

თქვენ წარმოიდგინეთ - დიახ... თუკი ამერიკელები ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ბოლოსდაბოლოს გადასცემენ უკრაინელებს MGM-140 Army Tactical Missile System (ATACMS) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც 300 კმ-მდე მოქმედების რადიუსი აქვთ.

ანუ გამოდის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, პრინციპში, ვერც ერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაში ვერ დაემალებიან უკრაინულ რაკეტებს და მით უმეტეს - საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებს...

უკრაინა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში აღარ დარჩა მესამე რანგის ერთი სამხედრო ხომალდიც კი, საზღვაო ბრძოლებს უგებს მასზე ბევრად მრავალრიცხოვან და ძლიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და აიძულებს მას, თავშესაფარი, რაც შეიძლება შორს იპოვოს უკრაინის ფრონტის ხაზიდან...