"უშვილობის დიაგნოზი დამისვეს, ერთ-ერთი თერაპია ხატვა იყო..." - დიზაინერი, რომელიც ევროპას ქართულ, მეგრულ და სვანურ ენებს სამოსით აცნობს - კვირის პალიტრა

"უშვილობის დიაგნოზი დამისვეს, ერთ-ერთი თერაპია ხატვა იყო..." - დიზაინერი, რომელიც ევროპას ქართულ, მეგრულ და სვანურ ენებს სამოსით აცნობს

"...ვიყენებ ლათინური ასოებით დაწერილ ქართულ, მეგრულ, სვანურ სიტყვებს... ლათინურად ყველა ევროპელი კითხულობს და როცა გეკითხებიან, ესა თუ ის სიტყვა რას ნიშნავს? ეს უკვე ამ კონკრეტული ენებს პოპულარიზაციაა... ამით მე ჩემი ერის, ჩემი ხალხის მონატრებას ვეფერები. ამავდროულად ვფიქრობ, რაღაც წვლილი შემაქვს ჩვენი ქვეყნის მარავალფეროვნების და კულტურის წარმოჩენაში..." - ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი, თვითნასწავლი მხატვარი და დიზაინერი - თეონა ტიბუა თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ გვიამბობს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ბავშვობა მახსენდება არა როგორც პატარა გოგონას ლაღი ყოფა, არამედ როგორც დიდის... როგორც უფროს დას, ჩემს და-ძმაზე მშობლებისგან პასუხისმგებლობა მქონდა მონდობილი. ეს გლეხის ოჯახში ბუნებრივია. როცა უფროსი ხარ, მშობლებს საქმეებშიც უნდა დაეხმარო, და-ძმას მიხედო და სკოლაშიც ბეჯითი იყო. მართალია არ მქონია ბავშვური ბავშვობა, თუმცა რასაც ვიხსენებ, სიამოვნება და სიყვარული იყო. ზრუნვა, ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის..."

"გაკვეთილების შემდეგ სახლში მირბენა მიწევდა, რადგან ბებო გვყავდა ლოგინს მიჯაჭვული. ბაბუაც ავად იყო, მათ სახლის პირობებში ვუვლიდით... ცხოველების მოვლასა და სოფლის ყველა საქმიანობაში ვიყავით ჩართული. ამით ვისწავლე კონტროლი და პასუხისმგებლობის აღება, პატივისცემით მოპყრობა ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც მომავალში გამომადგა, მაგრამ მაშინ მძიმე ტვირთი მეგონა..."

"მე ვერ შეცვლიდი იმ საზოგადოებაში არსებულ ტაბუებს და გავეცალე უსამართლობას, კორუფციას, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვას. ძალიან რთული იყო მაშინ ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან შენ ოჯახის სახე იყავი და ჩარჩოებში უნდა გეცხოვრა. ვისთან იმეგობრებდი, რას ჩაიცვამდი, ვინ რას იტყოდა შენზე - ეს მნიშვნელოვანი იყო... მინდოდა რაიმე ისეთისთვის მიმეღწია, რომ ჩემი მშობლებისთვის გლეხური ცხოვრება ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა..."

"მხატვრობის ნიჭი თუ მქონდა, არც ვიცოდი... 2007 წელს ქალაქ ინსბრუკის საავადმყოფოში მოვხვდი. დიაგნოზი დამისვეს, რომ შვილი არ მეყოლებოდა, რის გამოც ძალიან დავდარდიანდი. ეგონათ, ამ უიმედობას ვერ გადავლახავდი და სხვადასხვა თერაპია დამინიშნეს, მათ შორის იყო ხატვითი თერაპია... პირველ დღეს, როცა თერაპიის ოთახში შევედით, მახსოვს, იქაურობა იმდენად ფერადი იყო, რომ ამ მრავალფეროვნების შემეშინდა და გარეთ გამოვვარდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე