"გათხოვება გადავწყვიტე მას მერე, რაც მივხვდი, რომ შვილიშვილებს უკვე ისე აღარ ვჭირდებოდი.იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ასეა: იტყვი, მინდა ოჯახი შევქმნა და ჩაეწერები დასაოჯახებლების კლუბში..." - კვირის პალიტრა

"გათხოვება გადავწყვიტე მას მერე, რაც მივხვდი, რომ შვილიშვილებს უკვე ისე აღარ ვჭირდებოდი.იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ასეა: იტყვი, მინდა ოჯახი შევქმნა და ჩაეწერები დასაოჯახებლების კლუბში..."

"ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, ვაითუ ვეღარც ვიცნო თბილისი"

"გადავწყვიტე, ჯობია ამერიკამ შემინახოს, ვიდრე საქართველომ ვერც შემინახოს და ვერც ვემსახურო-მეთქი"

ნინო დარბაისელი-სტრონი - ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის მცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი, მთარგმნელი - აშშ-ის მოქალაქეა. ცხოვრობს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში. ვფიქრობ, მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მე ჩემი ოჯახისა და ახლობლების გარემოში, მთელი ცხოვრება ვარ ერთი გუგულივით ადამიანი, თაფლი და შაქარი! რომ მოვკვდე, ჩემი სიტყვით ან საქმით ვერავის ვაწყენინებ, ვინც გინდა იყოს. საახლობლოს გარეთ - პოეტი და ლექსმცოდნე-კრიტიკოსი ვარ, ხანდახან ისეთი ენამწარე, რომ ყოფილა შემთხვევა, საკუთარი თავის შემშინებია. რა ვქნა, როცა საქმე ჩემს ეროვნულ ღირებულებებს ეხება, დაუნდობელი ვხდები..."

"გათხოვება გადავწყვიტე მას მერე, რაც მივხვდი, რომ შვილიშვილებს უკვე ისე აღარ ვჭირდებოდი და უმჯობესი იქნებოდა, მეც საკუთარი ოჯახი მქონოდა. იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ეს ამბავი ასეა მოწყობილი: იტყვი, მინდა ოჯახი შევქმნა, ჩაეწერები დასაოჯახებლების კლუბში, შეავსებ ანკეტას, დაურთავ ფოტოს, აირჩევ შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვინც მოგწონს; შეხვდები რამდენსაც გინდა და თუ რომელიმეს მოეწონე, თავსებადები ხართ, ოჯახიც შეიქმნება... როგორც ჩანს, ქმრის არჩევის სფეროში გემოვნება არ დამეწუნება (იღიმის): რაკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჩემი ამოსარჩევი იყო და ანკეტა უნდა შემევსო, მოთხოვნებში სულ საუკეთესო რამეები ჩავწერე..."

"თორმეტი წელი ხდება, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და არა იმიტომ, რომ არ მენატრება... თან, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, ვაითუ ვეღარც ვიცნო თბილისი. ჯერ მარტო გალაკტიონის ძეგლთან რომ მივალ ვაკეში, იმ რაღაც ორმოში ჩამდგარს და შენობებშემოჯარულს რომ ვნახავ, მერე გვერდით, პიედისტალით გასაყიდ მანქანამიდგმულს რომ შევხედავ, ძალიან უნდა გავმაგრდე, რომ ეს გადავიტანო... წლების წინ საქართველოში წასვლა რომ გადავწყვიტე და უკვე "ჩემოდნებზე ვიჯექი", კოვიდპანდემია დაიწყო, თვითმფრინავის ბილეთის ფული დღემდე არ დაუბრუნებიათ; მერე იყო და, ისევ გავემზადეთ და ახლა უკრაინის ომი წამოგვეწია. ორი კვირით, ტურისტულად მინდოდა ჩასვლა, თორემ ამერიკულ, კარგ, საუკეთესოდ ორგანიზებულ ყოფას რომ დაეჩვევა ადამიანი ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, მერე საქართველოში - მაგ მუდმივ რია-რიაში უფრო დიდი ხნით გაძლება ალბათ, ყველას გაუჭირდება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ირინა ჯანდიერი