პროფესია - ტაშის დამკვრელი - კვირის პალიტრა

პროფესია - ტაშის დამკვრელი

გასული საუკუნის 30-იანი წლები. ბერლინის მთავარი მოედანი. ტერიტორია ეგზალტირებული მასით არის სავსე. აქ არავის უკვირს, ფიურერის გამოსვლისას, ჭკუიდან გადასული ქალების, წლების შემდეგ, აფორიზმად ქცეული შეძახილი: ადოლფ, შენგან შვილი გვინდა.

თვითმხილველნი ამბობენ, რომ, დაახლოებით, მსგავსი სცენა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 90-იანებში იდგა. მაშინ კარვებში ე.წ. „მდედრიონს“ დაედო ბინა. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ აქ დაბანაკებული ქალებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ მაშინდელი პრეზიდენტის სპერმის მოპოვებას.

არა ამ კატეგორიის, მაგრამ ფანთა არანაკლები არმია, მიხეილ სააკაშვილს, ლიდერად მოვლენის პირველივე დღიდან ჰყავდა. დროთა განმავლობაში, მათმა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. იკლო იმდენად, რომ მის მიერ სხვადასხვა ობიექტის გახსნისას დამსწრე საზოგადოების შემხედვარეს (რომელსაც  საჯარო სამსახურში  დასაქმებულები შეადგენენ და რომლებსაც ლამის კონტრაქტში უდევთ, მოვლენების შესაბამისად, პრეზიდენტისათვის ტაშის დაკვრა) ხანდახან მგონია, მიშას არათუ ფანები, რიგითი გულშემატკივრებიც აღარ ჰყავს.

სწორედ ეს ეჭვი განმიმტკიცდა რამდენიმე დღის წინ, როცა ჩემი პრეზიდენტი ჩემსავე მშობლიურ ქალაქს ეწვია. დამხვედრთა შორის გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, სკოლისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები თუ გორში ჩასახლებული დევნილები სჭარბობდნენ. პრეზიდენტმა არც დააყოვნა და გორში ახალი საავადმყოფო გახსნა.

ოღონდ, ახალი - პირობითად. გორში, კვერნაკის დასახლებაში, აღნიშნული საავადმყოფო, დიდი ხანია არსებობს. უბრალოდ, გაარემონტეს და ახალი ტექნიკა შეიტანეს.

ერთი და იმავე საავადმყოფოს რამდენჯერმე გახსნის ფაქტს არაერთხელ ჰქონია ადგილი. მაგალითად, მცხეთის საავადმყოფოს წინ პრეზიდენტმა წითელი ლენტი ორჯერ გაჭრა. მეორედ რამდენიმე დღის წინ. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემაში ამხელა წინსვლა მცირე ხანში დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას აქვს და მას საქართველო ჰქვია.

არადა, იგივე მცხეთაში, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მხოლოდ ერთი, ძველი მანქანა ემსახურება და რამდენიმე გამოძახების შემთხვევაში, ბრიგადა ადგილზე ტაქსით მიდის. ჯანდაცვის სისტემაში კი, რიგ პროგრამებს, წლიდან წლამდე უმცირდება დაფინანსება, ზოგიერთი კი უქმდება.

ამ დროს კადრში აჩვენებენ გაბრწყინებულ სახეებს, რომელთა პატრონებიც მონდომებით უკრავენ ტაშს და იმედი აქვთ, რომ მეორე დღეს ზემდგომი საქციელს შეუქებთ. ეს კი, მინიმუმ, სამუშაო ადგილის შენარჩუნების, მაქსიმუმ კი კარიერული წინსვლისკენ გადადგმული არცთუ პატარა ნაბიჯია.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ ამზადებენ ბავშვებს „მიშა-მიშას“ ან „მიშა მაგარიას“ საძახებლად. ეს ყველაფერი უცნაურად მაგონებს ფაშისტურ გერმანიას, მათ ექსცენტრიულ ლიდერს და „ჰაილ ჰიტლერსა“ თუ „ზიგ ჰაილს“.  თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ გერმანელი ხალხის უმეტესობა ამას არა შიშის, არამედ, სიყვარულისა და ფიურერისადმი რწმენის გამო სჩადიოდა.