"რა თქმა უნდა, გადატრიალება მოხდება" - იგორ გიორგაძე "გაცოცხლდა" და საქართველოში რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, გადატრიალება მოხდება" - იგორ გიორგაძე "გაცოცხლდა" და საქართველოში რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს

საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა იგორ გიორგაძემ, რომელიც 1995 წელს ედუარდ შევარდაძეზე წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ რუსეთში გაიქცა, რუსულ გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში სუს-ის ბოლო განცხადებასა და საქართელოში მოსალოდნელ შესაძლო გადატრიალებაზე ისაუბრა.

ექსმინისტრის განცხადებით, თუ ეს „აშშ-ის ინტერესებში შედის“ და ისინი „მისცემენ სიგნალს“, რათა მოხდეს „გადატრიალება“, მაშინ, ხელისუფლების რევოლუციით გზით შეცვლა საქართველოში „ნამდვილად შესაძლებელია“.

„სერიოზული ძალისხმევის შემდეგ იმათი მხრიდან, ვინც გადატრიალებას გეგმავს, არ ვამბობ რომ წარმატება გარანტირებულია, თუმცა ის შესაძლებელია. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყველამ უნდა გააკეთოს ისე, რომ შეიარაღებული ტალღა რომელიც შეიძლება უკრაინიდან წამოვიდეს... სადაც წამოვა არა მხოლოდ ე.წ. „ქართული ლეგიონი“ - ამერიკელები მათ დაქირავებულებსაც მიამაგრებენ, აზოველებსაც და სხვებსაც“.

ექსმინისტრის აზრით, „ახალი მაიდნის“ შემთხვევაში, ამერიკა ახალს არაფერს მოიფიქრებს.

„ჩვენ ხომ მართვადი ქაოსის ეპოქაში ვცხოვრობთ. . ახალს ისინი არაფერს მოიფიქრებენ - ადამიანები, ფული - უკვე გამოყოფილია. ერთადერთი - უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იქნება თუ არა ის აშშ-ის ინტერესებთან თანახვედრაში - იქაც ხომ მიდის ბრძოლა ჭკუასუსტობასა და დემენციას შორის - ამიტომ თუ ეს აშშ-ის ინტერესებში იქნება, რა თქმა უნდა, ეს გადატრიალება მოხდება“ - აღნიშნავს გიორგაძე.

იგორ გიორგაძე აღნიშნავს, რომ მისი პარტიის 27 ათასი წევრი, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები „ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ, რომელსაც ადრე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, „ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი შემცირებულია.

როგორც გიორგაძე ინტერვიუში აღნიშნავს, „საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერის პრობლემა აქვს“. ის განმარტავს, რომ ასევე, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ სურს „სააკაშვილის რეჟიმის“ დაბრუნება.

„თუმცა ამბრაზურას არავინ გადაეფარება იმ ხელისუფლების გამო, რომელმაც არ შეასრულა პირობა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს იგორ გიორგაძე.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.