როდის აღმოჩნდებიან გლდანის ციხეში აფხაზი და ოსი სეპარატისტები?! - აზერბაიჯანის ეფექტი, სადაც ყარაბაღის 3 ე.წ. პრეზიდენტი დაიჭირეს
აზერბაიჯანმა შეიარაღებული კონფლიქტების თანამედროვე ისტორიაში არა მარტო ომის დაკარგულის ომით დაბრუნების პრეცედენტი შექმნა, ყარაბაღზე დე ფაქტო კონტროლის აღდგენით, არამედ იწყებს ყარაბაღელი სეპარატისტების მთავარი ლიდერების დაკავებასა და მათ პასუხისგებაში მიცემასაც...
20 სექტემბრის შემდეგ, რაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა, ორი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს ყარაბაღელი სომხების ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები...
მათ შორისაა ყარაბაღის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ლევონ მნაცაკანიანი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავიდ იშხანიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ ბაბაიანი, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რუბენ ვარდანიანი...
მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, აზერბაიჯანელებმა ერთდროულად დაიჭირეს თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ექსპრეზიდენტი, მათ შორის - მე-2 პრეზიდენტი არკადი გუკასიანი, მე-4 პრეზიდენტი არაიკ არუთინიანი და მე-3 პრეზიდენტი ბაკო სააკიანიც...
ჯერჯერობით "თავისუფლებაზე" რჩება ყარაბაღის 1-ლი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტიც გახდა, არის რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პირადი მეგობარი და, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა 2022 წლის თებერვლიდან ქოჩარიანზე ოფიციალურად ძებნა გამოაცხადა, ალიევი, სავარაუდოდ, პუტინთან საქმის გაფუჭებას მოერიდება მისი პირადი მეგობრის დაკავების გამო...
ისე კი, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომხეთის ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი... სამჯერ დაიჭირა და სამივეჯერ სასამართლომ გაათავისუფლა, ბოლოს 4 მლნ დოლარის შენატანის სანაცვლოდ.
ერთ-ერთ ფარულ მიზეზად, რის გამოც კრემლმა ალიევს მწვანე აუნთო ჯერ 2020 და შემდეგ 2023 წელს, ყარაბაღის ძალის გამოყენებით დაბრუნებისას, სახელდება პუტინის გაბრაზება ფაშინიანზე ქოჩარიანის დაჭერებისთვისაც...
ყარაბაღის მე-5, სულ ახლახან არჩეული პრეზიდენტი სამველ შახრამიანიც, რომელიც იძულებული იყო, ოფიციალურად გამოეცხადებინა „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასაწყისში, ვერ ასცდება ბაქოს ციხეს, თუკი უკვე არ მოასწრო ყარაბაღის დატოვება...
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ყარაბაღელი სეპარატისტების ეს ლიდერები აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა, ძირითადად, ლაჩინის დერეფნიდან სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლისას სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტზე დააკავეს, რისი პროგნოზირებაც არ იყო რთული, მაგრამ მათ მაინც ეს გზა ამოირჩიეს, რატომ?
მთაგორიანი რელიფის ფეხით გადავლას სომხეთის საზღვრამდე ისინი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების გამო, ეტყობა, ვერ შეძლებდნენ, მაგრამ მათთვის არსებობდა ერთი უტყუარი გამოსავალი - სტეპანაკერტიდან (ჰანკენდიდან) ათიოდე კმ-ში მდებარე ჰოჯალის განახლებული აეროპორტიდან, რომელსაც რუსული „სამშვიდობო ძალები“ აკონტროლებენ, შეიძლებოდა იმავე რუსების ერთი-ორი შვეულმფრენით ყარაბაღელი სეპარატისტების ყველაზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ლიდერის დროულად ევაკუირება სომხეთის ტერიტორიაზე (მათი ოჯახის წევრები უპრობლემოდ გაივლიდნენ ლაჩინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მანქანებით)...
თუმცა, ეტყობა, მოსკოვი არც ამაზე წავიდა და ალიევს ხახაში ჩაუგდო სტეპანაკერტელი ყოფილი „ლომები“, რომლებიც დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდნენ და მათი გამოყენებით აზერბაიჯანი ძალზე შთამბეჭდავ სასამართლო პროცესებს გამართავს, მთელი მსოფლიოს დასანახად, თუ როგორ სჯიან იმ სეპარატისტთა ლიდერებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას სამი ათწლეულის განმავლობაში იარაღის გამოყებით, ძალისმიერი მეთოდებით არღვევდნენ, რის დროსაც რამდენიმე ათეული ათასი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეიწირეს, ხოლო მილიონამდე აზერბაიჯანის მოქალაქე კი იძულებით დევნილი გახადეს...
ძალზე საინტერესოა, რა რეაქცია გამოიწვია „ჩვენებური“ სეპარატისტების ყოფილ და მოქმედ ლიდერებში სტეპანაკერტელი კოლეგების დაკავებამ და ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმშიც ხომ არ გრძნობენ, რომ ადრე თუ გვიან სწორედ ასეთი დასასრული ელით მათაც...