"მიხეილ კალანდიამ ციხეში იურიდიული დაამთავრა და პროკურორობა სურს...ისწავლა ფრანგულიც, რათა ევროსასამართლოზე უფლებები ფრანგულად დაიცვას" - კვირის პალიტრა

"მიხეილ კალანდიამ ციხეში იურიდიული დაამთავრა და პროკურორობა სურს...ისწავლა ფრანგულიც, რათა ევროსასამართლოზე უფლებები ფრანგულად დაიცვას"

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდია ბრალის აღიარების გარეშე მიმართავს სალომე ზურაბიშვილს ამ მოთხოვნით და იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებს.

" მან ყოველგვარი აღიარების გარეშე მიმართა პრეზიდენტს და ითხოვს შეწყალებას. ბრალს, რა თქმა უნდა არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ მისი განაჩენი არის პოლიტიკური პარტიების ძიძგილაობის შედეგი. ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს“, - ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

მისი თქმით, კალანდია ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეეცდება თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინოს და გახდეს პროკურორი.

"მიხეილ კალანდიამ ციხეში ყოფნის პერიოდში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. მას უკვე მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ასევე, აიღო სერთიფიკატი ფრაგულ ენაში. მოგეხსენებათ, საჩივარი შეტანილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში და იქ აპირებს ფრანგულ ენაზე დაიცვას თავისი უფლებები. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ის იბრძოლებს იმისთვის, რომ გახდეს პროკურორი, რადგან ეს არის მისი ბავშვობის ოცნება", - დასძინა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია.

"პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს საქმე განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა თოდუამ.

ჩვენ დავუკავშირდით სარალიძეების ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხზე ოჯახის პოზიცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია. თავად ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მას არ შეიწყალებს.

" სამწუხაროდ, არ მქონია ამ დღეებში კონტაქტი ზაზა სარალიძესთან და არ ვიცი ზაზას პოზიცია. პირადად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სათანადო პასუხს გასცემს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა კალანდიას არ შეიწყალებს", - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს. მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.